სატურნის უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი ტიტანია, რომელზეც მეთანისა და ეთანის მსგავსი ნახშირწყალბადების მდინარეები და ტბებია. ასევე, მას კარსტული ლანდშაფტი აქვს, ანუ ზედაპირის ქვეშ ღრმულები და გამოქვაბულებია. ასეთი უსწორმასწორო გრუნტის გადასალახად ჩვეულებრივი მავალები ეფექტიანი არ იქნება, ამიტომ მეცნიერები საფრენი აპარატების გამოყენებას განიხილავენ.

NASA-მ პროექტ NIAC-ის ადრეული ფაზის ფარგლებში საინტერესო კონცეფცია დააფინანსა, რომლის მიზანიც სფერული ფორმის პატარა "აერობოტების" შექმნაა, სახელად SPARK. მათი მეშვეობით ტიტანის გამოქვაბულები შეიძლება გამოვიკვლიოთ. უცნობია, მზად იქნება თუ არა ისინი მისია Dragonfly-სთვის, რომელიც ამ ციური სხეულისკენ 2028 წელს უნდა გაუშვან. საქმე ისაა, რომ პირველი ფაზა 9 თვე გრძელდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპია, რომელიც კიდევ დაახლოებით 2 წელსა და უფრო "რეალისტურ" დიზაინებს მოიაზრებს.

კონცეფციის თანახმად, SPARK-ს იონის ელექტროჰიდროდინამიკური ძრავები ექნება. ამ "აერობოტების" დიზაინს ახასიათებენ, როგორც გამძლეს, ადვილად მანევრირებადსა და ტიტანის სიცივისადმი მედეგს.

SPARK-ის დიზაინი.

ფოტო: Daniel Drew/University of Hawaii

პროექტის ხელმძღვანელ დენიელ დრიუს თქმით, ის ასეთ იონურ ძრავულ სისტემებზე კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების პერიოდიდან მუშაობს. ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) სტიპენდიის დახმარებით მან სხვადასხვა დიზაინი გამოიკვლია და ისეთი მცირე ზომის რობოტების შექმნით დაინტერესდა, რომელთა ფრთებიც ცოცხალი არსებების მსგავსად იმოძრავებდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მოყვარულთა ჯგუფი, რომელიც პატარა მფრინავ მოწყობილობებს — ე.წ. ლიფტერებს (ამწევებს) — ქმნიდა.

ეს პროტოტიპები ბალსას ხისგან დამზადებულ სამკუთხა კორპუსს, მაგნიტურ სადენსა და ალუმინის ფოლგისგან შექმნილ ნაწილს მოიცავს. ამ კომპონენტებს 40 000 ვოლტით აკავშირებენ, რომელსაც მიკროტალღური ღუმლის ან რაიმე მსგავსის უკუსვლის ტრანსფორმერიდან იღებენ.

დრიუმ ეს ტექნოლოგია პერსპექტიულად მიიჩნია და შექმნა სანტიმეტრული მასშტაბის მფრინავი რობოტები, რომლებსაც ატმოსფერული იონური სისტემა ამოძრავებს. მათ შორის იყო მოწყობილობა ("იონომფრენი"), რომელმაც აფრენა და შემდეგ მცირე ტვირთის გადატანა პირველად შეძლო.

იდეის ავტორი აცხადებს, რომ მოყვარულებისა და მცირერიცხოვანი სამეცნიერო ჯგუფის (მისი ჩათვლით) გარდა, ამ ტექნოლოგიას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. იგი იმედოვნებს, რომ ახლა დიზაინის განვითარების შანსი აქვს, იქნება ეს ტიტანზე გასაშვები აპარატები თუ დედამიწაზე გამოსაყენებელი დრონები. დრიუ იმასაც აღიარებს, რომ მსგავსი იონური სისტემა სახმელეთო დანიშნულების სხვაგვარ ძრავებს ეფექტიანობით ჩამოუვარდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.