დედამიწის ატმოსფეროს საზღვრები სინამდვილეში მთვარეს სცდება - აღმოჩენა
მეცნიერებმა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩენა გააკეთეს. დედამიწის ატმოსფეროს გარე ნაწილი კოსმოსში იმაზე ბევრად უფრო შორს ვრცელდება, ვიდრე აქამდე გვეგონა.
გაირკვა, რომ დედამიწის ატმოსფეროს დაფიქსირება კოსმოსში 630 000 კილომეტრის მანძილზე შეიძლება, ეს მანძილი ჩვენი პლანეტის დიამეტრზე დაახლოებით 50-ჯერ მეტია.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დედამიწიდან 630 000 კილომეტრის დაშორებით სუნთქვა შეგვეძლება, მანძილის მატებასთან ერთად დედამიწის ატმოსფეროც უფრო და უფრო თხელი ხდება, თუმცა ეს აღმოჩენა კოსმოსური მოგზაურობებისა და ობსერვატორიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევა, რომელიც Journal of Geophysical Research: Space Physics-ში გამოქვეყნდა ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და ნასას მზისა და ჰელიოსფერული ობსერვატორიის (SOHO) მიერ ათწლეულების განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებებს ეყრდნობა.
"მთვარე დედამიწის ატმოსფეროში დაცურავს. ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ოცი წლის წინ, SOHO-ს ხომალდის მიერ განხორცილებულ დაკვირვებებს გადავხედეთ", - აცხადებს რუსეთის კოსმოსური კვლევების სააგენტოს წარმომადგენელი და კვლევის მთავარი ავტორი იგორ ბალიუკინი.
დაკვირვებები მიუთითებს, რომ დედამიწის ეგზოსფეროს განსხვავება პლანეტათაშორისი სივრციდან განსაკუთრებით შორ მანძილებზეც შეიძლება.
მთვარე დედამიწიდან საშუალოდ 384 000 კილომეტრით არის დაშორებული, ამ მანძილზე კოსმოსში სივრცის ერთ კუბურ სანტიმეტრზე მხოლოდ 0,2 ატომია. დედამიწიდან 60 000 კილომეტრის მანძილზე ერთ კუბურ სანტიმეტრზე 70 წყალბადის ატომის პოვნა შეიძლება. ხოლო კუბურ სანტიმეტრზე ატომების რაოდენობა ერთს ქვემოთ მხოლოდ 240 000 კილომეტრის შემდეგ ჩამოდის.
მიუხედავად ატომების დაბალი რაოდენობისა, მათზე მზის სხივები მაინც აქტიურად ზემოქმედებს, რის შედეგადაც ატომები სინათლეს ასხივებს. მეცნიერებმა შორ მანძილებზე არსებული ეგზოსფეროს აღმოჩენა სწორედ ამ ზემოქმედებებისს შედეგად გამოსხივებული ენერგიის დაფიქსირების მეშვეობით შეძლეს. ამ რეგიონს გეოკორონა ეწოდება.
აპოლო 16-ის ასტრონავტები პირველები იყვნენ, რომლებმაც 1972 წელს მთვარეზე ტელესკოპი გამოიყენეს და გეოკორონას ფოტოები გადაუღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ახლა შევიტყვეთ, რომ ამ ფოტოებზე გეოკორონა ჩანს.
წყალბადის ატომების მიერ გამოსხივებული ულტრაიისფერი სინათლე მომავლის ასტრონავტებსა და მისიებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მთვარის გარშემო დაკვირვებების ჩატარებისას მისი გათვალისწინება საჭირო იქნება.
კომენტარები