1500-იან წლებში, როდესაც ფაქტობრივად ყველას მიაჩნდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა, პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა წარმოადგინა ხედვა, რომლის მიხედვითაც სამყაროს ცენტრში არა დედამიწა, არამედ მზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოდელი ბოლომდე სწორი არ იყო, სწორედ მისმა ნაშრომებმა ჩაუყარა საფუძველი მომავალი მეცნიერების კვლევებს, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩვენი პლანეტა და მზე კოსმოსში მიმოფანტულ უამრავ სხვა მზის სისტემას შორის უბრალოდ ერთ-ერთია.

ფოტო: G. Rieke

კოპერნიკი პოლონეთში 1473 წლის 19 თებერვალს დაიბადა. ის 18 წლის ასაკში სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა, სადაც მას კათოლიკური ეკლესიის წესები უნდა შეესწავლა და ეკლესიის მსახური გამხდარიყო. თუმცა, მან უმეტესი დრო მათემატიკისა და ასტრონომიის სწავლას დაუთმო.

პოლონეთში დაბრუნების შემდეგ კი მან საკუთარ სახლში, რომელიც მშობლიური ქალაქის გარშემო არსებულ ერთ-ერთ კოშკში მდებარეობდა, ობსერვატორია მოაწყო და ცის დაკვირვებას შეუდგა.

1514 წელს კოპერნიკმა საკუთარი ხელით დაწერილი პირველი წიგნი მის მეგობრებს ანახა, რომელშიც ის სამყაროს ახალ მოდელზე საუბრობდა. 1532 წელს კი მან წიგნი სრულად დაამთავრა, რომელშიც დაასკვნა, რომ პლანეტები არა დედამიწის, არამედ მზის გარშემო ბრუნავდნენ. მან მზის სისტემის მოდელიც დახატა. თუმცა ის წიგნის გამოშვებას საზოგადოებაში გავრცელებული საწინააღმდეგო აზრის გამო ერიდებოდა.

წიგნი საბოლოოდ 1543 წელს, გერმანიაში, კოპერნიკის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბეჭდა.

კოპერნიკი 1543 წლის 24 მაისს, 70 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.