კვლევა: მორწმუნეობა ადამიანის ტვინს, შესაძლოა, დეპრესიისგან იცავდეს
კვლევის საფუძველზე მეცნიერები აცხადებენ, რომ მორწმუნეობა შესაძლოა ადამიანის ტვინს დეპრესიისგან იცავდეს.
კვლევაში მეცნიერებმა ადამიანის პირად შეხედულებებსა და ტვინში არსებული თეთრი ნივთიერების სისქეს შორის კავშირი აღმოაჩინეს.
აღნიშნული იდეა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა ნელ-ნელა გროვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რელიგიურობასა და დეპრესიას შორის შესაძლოა კავშირი მართლაც არსებობდეს.
ამჟამად ცნობლია, რომ დეპრესია, გარკვეულწილად მაინც, გენებითაა განპირობებული. კვლევების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ თუ ორივე მშობელს დეპრესია აწუხებს, ბავშვში დეპრესიის განვითარების რისკი ორჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერაც იმატებს.
მაგრამ, მიუხედავად გენეტიკური მიდრეკილებებისა, დეპრესიის მქონე მშობლების ბავშვებს აღნიშნული პრობლემა ზოგჯერ სულაც არ აქვთ, ზოგჯერ კი ეს დარღვევა თავს ისეთ ადამიანებში იჩენს, რომლებსაც ოჯახში დეპრესიის ისტორია არ აქვთ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხში რაღაც სხვა კომპონენტიც ფიგურირებს, ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი კი შესაძლოა ადამიანის პირადი აღქმა და სამყაროზე მისი წარმოდგენები იყოს.
როგორც გაირკვა, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ოჯახში დეპრესიის ისტორია აქვთ, მორწმუნეობა საინტერესო გავლენას ახდენს - მათ დეპრესიის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია 2005 წელს გამოქვეყნებულ კვლევასთანაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში რელიგია დეპრესიის განვითარებას ხელს უშლიდა. 2013 წელს კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა იმ ადამიანებში უფრო ეფექტურია, ვისაც ღმერთის არსებობის სწამთ.
ამჟამად მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენეს, რათა დეპრესიისადმი სხვადასხვა დონის მიდრეკილების მქონე პაციენტების ტვინში თეთრი ნივთიერების რაოდენობა განესაზღვრათ.
წინამორბედი კვლევები მიუთითებს, რომ თეთრი ნივთიერების გათხელება შეიძლება დეპრესიაზე მიუთითებდეს. 2014 წელს კი ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ რელიგიურობა და მორწმუნეობა ტვინის იმ უბნებში, რომლებიც დეპრესიასთანაა კავშირში, ქერქის გასქელებასთან არის კავშირში.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რელიგიურობა და მორწმუნეობა ტვინის უფრო სქელ ქერქთან არის კავშირში", - აცხადებენ ავტორები.
"რადგანაც ვთვლით, რომ ტვინის ქერქის გათხელება დეპრესიის ერთ-ერთ ნიშანია, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმ ადამიანებში არსებული უფრო სქელი ქერქი, რომლებიც რელიგიურები არიან, შესაძლოა ტვინს დეპრესიისგან იცავდეს", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ეს კავშირები ძალიან საინტერესოა, თუმცა, ამ დროისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ კავშირებია. იმის დაზუსტებით სათქმელად, თუ რა გავლენა აქვს რელიგიას ტვინის თეთრ ნივთიერებასა და დეპრესიაზე, მრავალი მსგავსი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
კვლევა ჟურნალ Brain and Behaviour-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები