დაპირებებს კიბოს უნივერსალური წამლისა და ამ საზარელი დაავადების დამარცხების შესახებ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ვაწყდებით. 1998 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯეიმზ უოტსონმა The New York Times-ს განუცხადა, რომ 2000 წლისთვის კაცობრიობას კიბოს წამალი ექნებოდა. მსგავსი ცრუ სიახლეების მსხვერპლი პრაქტიკულად ყველა ცნობილი და არაცნობილი გამოცემა გამხდარა.

თითოეული ასეთი შემთხვევა კი ამ დაავადების მქონე პაციენტებსა და ოჯახებს, რომლებიც გამოსავალს ნებისმიერი თანხისა და რისკის ფასად ეძებენ, იმედს უჩენს. რეალობა კი ისაა, რომ ახლა 2019 წელია, ხოლო ამ რთულ დაავადებას, რომელსაც კიბო ჰქვია, კვლავ უამრავი ადამიანი ეწირება.

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უკვე დროა, მსგავსი სიახლეებით აღარ მოვტყუვდეთ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს კიდევ ერთხელ მოხდა, მეცნიერების მიერ გავრცელებული ეს კონკრეტული სიახლე კი განსაკუთრებული უპასუხისმგებლობით გამოირჩევა.

რა მოხდა?

ორშაბათს The Jerusalem Post-მა გაავრცელა ინფორმაცია პატარა კომპანიის შესახებ, რომელსაც Accelerated Evolution Biotechnologies (AEBi) ეწოდება. წყაროს ცნობით, AEBi უკვე 19 წელია, რაც კიბოს მრავალკომპონენტიანი წამლის შექმნაზე მუშაობს.

გავრცელებული სტატიის სათაური გვატყობინებდა, რომ ისრაელელმა მეცნიერებმა კიბოს წამალი აღმოაჩინეს, ეს ინფორმაცია კი მხოლოდ კომპანიის თავმჯდომარესთან, დენ არიდორთან ჩატარებულ ინტერვიუზე იყო დაფუძნებული. მასთან ინტერვიუში კი რამდენიმე ძალიან, ძალიან თამამი განაცხადი იყო გაკეთებული, მათ შორისაა შემდეგი წინადადებაც: "ჩვენ გვჯერა, რომ ერთ წელიწადში კიბოს სრულად გაკურნებას შევძლებთ, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე."

ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლო განცხადება იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიას აღნიშნული მეთოდი ადამიანებში ჯერ არ გამოუცდია, გარდა ამისა მათ სამეცნიერო ჟურნალებში იმ კვლევების შესახებ, რომლებიც მათ თაგვებსა და უჯრედულ კულტურებზე ჩაატარეს, ერთი წინადადებაც კი არ გამოუქვეყნებიათ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილან მორადმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ კვლევების გამოქვეყნებაზე უარის თქმა თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა.

თავდაპირველი სტატიის გამოქვეყნებისას კი Jerusalem Post-მა აღნიშნული სიახლე ონკოლოგიის სფეროს ექსპერტებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნა. მათ არც რაიმე ეჭვი გასჩენიათ იმ ფაქტის შესახებ, რომ კომპანია სულ რაღაც 12 თვეში კიბოს უნივერსალური წამლის შექმნას აანონსებდა.

ონკოლოგიის სფეროში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების უდიდესი ნაწილი ადამიანებზე კლინიკურ ცდებს წარმატებით ვერ გადის.

ახლახან ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით ირკვევა, რომ პაციენტებამდე კიბოს წინააღმდეგ შექმნილი სამკურნალო მედიკამენტების მხოლოდ 3,4 პროცენტი აღწევს.

საზოგადოების რეაქცია

Jerusalem Post-ის მიერ სტატიის გამოქვეყნებიდან 12 საათში აღნიშნული სიახლე ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. სამშაბათს დილით სიახლე Fox News-მაც გამოაქვეყნა, მათ სტატიაში დამატებული იყო ონკოლოგიის სფეროს ექსპერტის კომენტარიც, რომელიც აცხადებდა, რომ აღნიშნული სიახლე, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო დაპირება იყო, თუმცა Fox News-ის სათაური იმავე პათოსს ატარებდა, რასაც Jerusalem Post-ის სტატია.

მალევე კი New York Post-მა და Forbes-მა აღნიშნული სიახლე მთელი თავისი ბრწყინვალებით გააშუქა, რომელთა სტატიებიც დიდწილად Jerusalem Post-ის ცნობებზე და წყაროებზე იყო დაფუძნებული. თუმცა, 24 საათში ორივე გამოცემამ სტატიები განაახლა, მასში ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების კომენტარები ჩაამატა და ტექსტის ტონი შეცვალა. Forbes-მა კი აღნიშნულ თემას კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა, რომლის სათაურშიც ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ ისრაელელი მეცნიერებისათვის არ დაგვეჯერებინა.

მსგავსი შესწორებები ონლაინ ჟურნალისტიკაში ხშირია, ექსპერტების თქმით, ინტერნეტში ცრუ ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი შეზღუდვა და შეკავება. თანაც, როდესაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, ადამიანთათვის პოზიტიური და დადებითი სიახლეები მიმზიდველია და ისინი ინტერნეტში ბევრად უფრო ადვილად ვრცელდება.

"დადებითი სიახლეები კარგი მოტივატორია, რაც განაპირობებს იმას, რომ ასეთი ამბები უფრო ხშირად იკითხება და ზიარდება", - აცხადებს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ჰაიუნ სუკ კიმი.

შესაბამისად, ცნობები "კიბოს წამლის" შესახებ ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე ამბავი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი ჯერაც არ ჩანს.

ეს შეგვიძლია მარტივად დავასაბუთოთ. Forbes-ის მიერ Twitter-ზე კიბოს უნივერსალური წამლის შეასახებ გაზიარებულმა სტატიამ 47 გამოხმაურება, 821 გაზიარება და 1 635 მოწონება მოაგროვა. შედარებისთვის, მეორე დღეს გაზიარებულმა სტატიამ, რომელშიც აღნიშნული სიახლე უარყოფილი იყო, მხოლოდ ოთხი გამოხმაურება, 30 გაზიარება და 61 მოწონება მიიღო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

სოციალური მედიის წყალობით ახლა კრიტიკის გარეშე ინფორმაციის გავრცელება და მიღება ძალიან ადვილია. ფეისბუქისა და სხვა სოციალური ქსელების მუდმივი სქროლვა კი სიზარმაცის წამახალისებელია. ამასთან ერთად, ინტერნეტში გავრცელებული უამრავი უარყოფითი ინფორმაციის ფონზე, ადამიანები დადებით სიახლეებს განსაკუთრებით ეტანებიან.

ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად მიმდინარეობს ბრძოლა რასებს, კლასებს, თაობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და კიდევ მრავალ სხვადასხვა ჯგუფს შორის, კიბო კი ის მტერია, რომლის წინააღმდეგაც ადამიანთა ყველა ჯგუფი ერთიანდება. ყველას გვინდა გვჯეროდეს იმ ძალის არსებობის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულლ გადაგვარებული უჯრედების არმიას წინ აღუდგება და მას შეაჩერებს.

თუმცა ჩვენი სურვილი ერთია, რეალობა - მეორე, ცრუ იმედების შეგნებულად გავრცელება კი - ამორალური საქციელი.