მე-20 საუკუნის შუიდან მეცნიერებმა შიზოფრენიასა და სიბრმავეს შორის უცნაური კავშირი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში შიზოფრენია განსაკუთრებით იშვიათია. ახლა კი, ფართომასშტაბიანი კვლევით, აღნიშნული ვარაუდი კიდევ უფრო განმტკიცდა.

როგორც ირკვევა, კორტიკალური სიბრმავე, რომელიც ტვინში არსებული დარღვევებითაა გამოწვეული, შიზოფრენიასთან შეუთავსებელია.

ავტორების თქმით, კორტიკალური სიბრმავის მქონე ადამიანებში შიზოფრენიის შემთხვევა ისტორიაში არცერთხელ არ დაფიქსირებულა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ავსტრალიაში 1980-დან 2001 წლამდე დაბადებული 467 945 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. აღნიშნულთაგან 1 870 ბავშვს შიზოფრენია განუვითარდა, თუმცა ამ ჯგუფში დაბადებული კორტიკალურად ბრმა 66 ბავშვიდან შიზოფრენია არც ერთს არ დამართნია.

"აქამდე შემჩნეული ფენომენი ახლა ჩვენმა ფართომასშტაბიანმა კვლევამაც განამტკიცა", - აცხადებენ დასვალეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერები.

აღნიშნული კვლევა განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია შიზოფრენიის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება მოხდეს.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ დრომდე კორტიკალური სიბრმავე და შიზოფრენია ერთდროულად არცერთ ადამიანში არ დაფიქსირულა, არ ნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია.

ავტორების თქმით, მათი კვლევაში არსებული მონაცემები მხოლოდ 14-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებს ფარავდა, რაც ნიშნავს, რომ შიზოფრენია ზოგ ადამიანში შეიძლება უფრო გვიან გამოვლენილიყო.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი კვლევა წინამორბედ კვლევებთანაც თანხვედრაშია, შიზოფრენიასა და კორტიკალურ სიბრმავეს შორის კავშირი შესაძლოა რეალური იყოს.

თუ კორტიკალური სიბრმავე ადამიანებს შიზოფრენიისგან მართლაც იცავს, რა მექანიზმები შეიძლება იდგეს ამის უკან?

ამის გასარკვევად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, დაბადებიდან უსინათლო ადამიანებში ტვინის ის რეგიონები, რომელთა მუშაობაც შიზოფრენიის დროს ირღვევა, განსაკუთრებით განვითარებულია. ეს ტვინის ის უბნებია, რომლებიც სმენას, ყურადღებას, მეხსიერებასა და მეტყველებას განაპირობებს.

ექსპერტების თქმით, ეს კავშირი არამარტო შიზოფრენიასთან, არამედ სხვა მსგავს ფსიქიკურ დაავადებებთანაც შეიძლება გამოიკვეთოს, რადგან როდესაც ადამიანი დაბადებიდან უსინათლოა, უფრო ნაკლები შანსია, რომ მას გარემოს აღქმის დარღვევები ჩამოუყალიბდეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ფსიქიკური დაავადებების სიმპტომების ამოცნობის ახალი მეთოდების შესამუშავებლადაც გამოსადეგი იქნება.