ყავის ველური სახეობები საფრთხის წინაშე დგანან, ოთხშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მათ 60 პროცენტს გადაშენება ემუქრება, მათ შორისაა არაბიკაც - მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ყავა.

ყავის ხეების უმეტესი ნაწილი აფრიკისა და მადაგასკარის ტყეებში გვხვდება. მათი მთავარი მტერი კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი გარემოს განადგურება, დაავადებები და პარაზიტებია.

მიუხედავად იმისა, რომ ყავის კულტივირებული ხეები ამჟამად უსაფრთხოდ არიან, კლიმატური ცვლილებები გავლენას მათზეც მოახდენს.

2080 წლისთვის ეთიოპიაში იმ ადგილების რაოდენობა, სადაც არაბიკა იზრდება 85%-ით შემცირდება, ხოლო საუკუნის ბოლოს ქვეყანაში ყავის მოსაყვანად ვარგისი მიწის ზომა 60%-ით შემცირდება.

ეთიოპია აფრიკის კონტინენტზე ყავის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, რომელიც წლიურად ერთი მილიარდი დოლარის ყავას ყიდის. ქვეყანაში არსებულ ყავის ინდუსტრიაში 15 მილიონი ადამიანია დასაქმებული. ველური არაბიკა აღნიშნული რეგიონის ენდემური სახეობაა და ქვეყნის ეკონომიკა მასზე ძლიერადაა დამოკიდებული.

თუ ბუნებაში ყავის სხვადასხვა სახეობა განადგურდება ეს ყავის კომერციულ წარმოებასაც შეუშლის ხელს, რადგან მეცნიერებს ახალი, უფრო გამძლე ჰიბრიდული ჯიშების მიღება აღარ შეეძლებათ.

კვლევის ფარგლებში ყავის 124 ცნობილი ჯიში შემოწმდა. მიღებული შედეგები კი ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანებას გადაეგზავნა, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გადაშენებულ ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების წითელ წიგნს აწარმოებს.

"საფრთხის ქვეშ მყოფ ჯიშებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც მომავალში პოტენციურად შესაძლოა უფრო გამძლე ჯიშების შექმნისათვის იყოს საჭირო. ველური ჯიშების შენარჩუნება და მათი კომერციული გამოყენება შესაძლებელია ყავის ინდუსტრიის გადარჩენის ერთ-ერთი გზა იყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებია მისაღები, ეს განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს ეხებათ", - აცხადებს კვლევის ავტორი აარონ დევისი.

რა გავლენა ექნება ამ შედეგებს იმ ყავაზე, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად სვამთ? ტემპერატურის მომატებასთან ერთად ყავის პლანტაციებში უფრო და უფრო მეტი დაავადებები და პარაზიტები გაჩნდება. თანაც, ადამიანების 80%, რომლებსაც ყავა მოჰყავთ, განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები, დაბალი შემოსავლის მქონე ფერმერები არიან. საბოლოოდ, მომატებული დაავადებებისა და პარაზიტების გამო ყავის მოსავალი და ხარისხი ნელ-ნელა გაუარესდება.

ტემპერატურის გლობალური მატება მცენარეების უმეტესობისათვის სტრესულია, თუმცა ყავის ხე ასეთი ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. საშუალო ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შეცვლა არაბიკას ხარისხს შესაჩნევლად გააუარესებს, ფერმერებს კი ყავის პლანტაციების გაშენება ახალ ადგილებში მოუწევთ.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ყავის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი საყვარელი სასმელის ფასი გაიზრდება, გემო კი გაუარესდება.