რამდენიმე დღის წინ ავსტრალიას თავს სითბური ტალღა დაატყდა, რომლის შედეგადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით რეკორდულად მაღალი ტემპერატურები ფიქსირდეა.

სამხრეთსა და დასავლეთ ავსტრალიაში, ისევე როგორც ტასმანიის შტატში, ავსტრალიის მთავრობამ მოსახლეობისთვის ქუჩებში გამაფრთხილებელი ნიშნები გამოაკრა, რომლებიც ხალხს საფრთხის შესახებ ატყობინებს.

ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიურო აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცხელი დეკემბერია, რაც მათ ოდესმე უნახავთ. სამხრეთ ავსტრალიის გარკვეულ რეგიონებში ტემპერატურამ 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. სამხრეთ ავსტრალიის დედაქალაქ ადელაიდაში კი ტემპერატურა 41.6 ცელსიუსია.

ავსტრალიის სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მიიღონ ბევრი წყალი და ყურადღება მიაქციონ მოხუცებსა და პატარებს.

ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ცეცხლის დანთება, მოსახლეობა კი სანაპიროებს ეტანება.

Reuters აცხადებს, რომ სითბურმა ტალღამ უკვე ავსტრალიის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს - სიდნეისა და მელბურნსაც მიაღწია, სადაც ტემპერატურებმა დეკემბრის საშუალო ნიშნულს უკვე 16 გრადუსით გადააჭარბა.

გზები დნება

გაუსაძლისი სიცხეების გამო დნება ასფალტი და ფეხსაცმელები. ფანჯრის გაღებისას კი სიცხისგან შეწუხებული მწერები სახლში სწრაფად იჭრებიან, რათა გარეთ არსებულ გაუსაძლის ტემპერატურას გაერიდონ.

თუმცა, სამხრეთ ადელაიდაში არსებული 41 გრადუსი შეიძლება გაუსაძლისად აღარ მოგეჩვენოთ, თუ გეტყვით, რომ დასავლეთ ავსტრალიაში, კერძოდ, პილბარაში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს, 49.3 ცელსიუსს მიაღწია.

ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტს თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული მოხუცები, ბავშვები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები არიან.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში ზაფხულის სეზონი დეკემბრით იწყება, რაც ნიშნავს, რომ იანვარსა და თებერვალში ტემპერატურებმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს.