ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ - ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებია
ხელოვნური ინტელექტი ზოგჯერ იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მასზე ყურადღების მიდევნებაც კი რთულია. ეს ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ სფეროს ეხება - ხელოვნური ნეირონული ქსელებით ყალბი სურათების შექმნის ტექნოლოგია უკვე იმდენად დაიხვეწა, რომ ყალბი ფოტოების ნამდვილისგან გარჩევა უკვე შეუძლებელი ხდება.
ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ იმ ოთხწლიან პროგრესს, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა გაიარა. ფოტოს მარცხენა მხარეს არსებული შავ-თეთრი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ 2014 წელს არის შექმნილი. ფოტოში მარჯვნივ კი დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ სურათებს ვხედავთ.
სურათები Nvidia-ს ინჟინრებისა და მეცნიერების მიერ არის შექმნილი. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ახსნილია ხელოვნურ ინტელექტში გამოყენებული GAN ალგორითმების მოდიფიცირების გზები, რომლის საშუალებითაც ამ ფოტოების მიღება ხდება. დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოებს, გაფრთხილების გარეშე, მიხვდებოდით თუ არა, რომ ისინი ყალბია?
საინტერესო ისაა, რომ ყალბი სურათების სურვილისამებრ მოდიფიცირება ადვილად შეიძლება. Nvidia-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ერთი სურათიდან მეორეზე გარკვეული მახასიათებლების გადატანა ხდება. მსგავსი მეთოდი გამოიყენება ისეთ აპლიკაციებშიც, რომლებიც თქვენს სურათებს, მაგალითდ, ნახატებად აქცევენ, ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა Prisma, რომელიც ალბათ თავადაც გამოგიყენებიათ.
ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია. ქვემოთ მოცემული ფოტოს ზედა რიგში და მარცხენა სვეტში ხედავთ ნამდვილი ადამიანების ფოტოებს, შუაში კი მათი შეერთებით მიღებულ ყალბ პორტრეტებს. ალგორითმი ზემოთ განთავსებული სურათებიდან სახის ფორმას, თმის ვარცხნილობასა და პოზას იღებს, მარცხენა სვეტიდან კი თმის, კანისა და თვალების ფერს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პორტრეტები, რომელთა ნამდვილისგან გარჩევაც შეუძლებელია, პრობლემას აჩენს. ბოლო რამდენიმე წელია ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყალბ ფოტოებს საზოგადოებაზე, შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს. ეს შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის. ხელოვნური ინტელექტის გამო, სურათები და ვიდეოები, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად აღარ გამოდგეს, რაც პოლიტიკასა და სასამართლო სისტემაში ახალ გამოწვევებს შექმნის.
ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ჩვენ წარსულში უკვე ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული აღნიშნული ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის, მაგალითად, ყალბი პორნოგრაფიის შექმნისთვის. ეს გასაკვირი არ არის, ცხადია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას საეჭვო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის. ჯერჯერობით, სურათების გადაკეთების ტექნოლოგიას შეზღუდვები კვლავ გააჩნია და ის დიდ დროსა და ცოდნას მოითხოვს. Nvidia-ს მეცნიერები ალგორითმს სურათების გადაკეთებას ერთი კვირის განმავლობაში ასწავლიდნენ, გამოთვლების საწარმოებლად კი მათ დატა ცენტრებისთვის განკუთვნილი Nvidia Tesla-ს რვა ვიდეო დაფა გამოიყენეს.
ასევე არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომლითაც შეგვიძლია მივხვდეთ, ყალბია თუ არა ესა თუ ის სურათი. მაგალითად, ალგორითმისთვის თმის შექმნა ძალიან რთულია, ამიტომაც, ასეთ სურათებში თმა ხშირად არაბუნებრივად გამოიყურება. ასევე, ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ჩანს, ადამიანის სახის სიმეტრია ჯერჯერობით კარგად არ ესმის. ყალბ ფოტოებში თვალები, ან ყურები ხშირა ასიმეტრიულად არის განთავსებული. ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ფერის თვალებსაც. ალგორითმს ასევე არ შეუძლია ასოებისა და ციფრების გამოსახვა.
სურათზე ხედავთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყალბ პორტრეტებს, რომლებშიც ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები ადვილი შესამჩნევია.
თუმცა, თუ სტატიის დასაწყისი ყურადღებით წაიკითხეთ, მიხვდებით, რომ ეს პატარა შეცდომები ბევრს არაფერს ნიშნავს. Nvidia-ს კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემები სავარაუდოდ მალე აღმოიფხვრება. ალგორითმები ადამიანების თვალებს სხვადასხვა ფრად აღარ გააფერადებენ და ისწავლიან, თუ როგორ განათავსონ სახეზე ყურები სიმეტრიულად.
საბედნიეროდ, ექსპერტები უკვე მუშობენ მეთოდებზე, რომლითაც ციფრული სურათების ნამდვილობის შემოწმება იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სურათებს გადაღებისას სპეციალურ კოდს ანიჭებს, რომლითაც ფოტოს გადაღების ადგილისა და თარიღის გარკვევა მაღალი სიზუსტით იქნება შესაძლებელი.
აშკარაა, რომ ბრძოლა ხელოვნურ ინტელექტსა და ყალბი ფოტოების ამომცნობ საშუალებებს შორის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, ამჟამად, როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ხელოვნური ინტელექტი აშკარად ლიდერობს.
კომენტარები