10 ცხოველი, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამო, სავარაუდოდ, მალე გადაშენდება
კლიმატური ცვლილებები ეკოსისტემასა და გარემოზე დიდ გავლენას ახდენს, რის შედეგადაც უამრავი ცხოველი უკვე გადაშენების პირასაა.
აქ მოცემულია ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები 10 ცხოველი, რომელიც შეიძლება კლიმატური პირობების ცვლილების გამო გადაშენდეს.
1. დიდი პანდა
პანდები ჩინეთში არსებულ ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ და მათი საკვების ერთადერთი წყაროც, ბამბუკია. ამჟამად, National Geographics-ის მიხედვით, ბუნებაში მხოლოდ 1 500 პანდაა შემორჩენილი.
პანდები დღის ნახევარს ჭამაში ატარებენ. საქმე ისაა, რომ ბამბუკი კლიმატური ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მასზე განსაკუთრებით ცუდ გავლენას მომატებული ტემპერატურა ახდენს. 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბამბუკს პანდებისა და სხვა ამ მცენარეზე დამოკიდებული ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - როგორც ირკვევა, საუკუნის ბოლოს ბამბუკი ბუნებაში პრაქტიკულად აღარ იქნება, რაც ამ სახეობებზე კატასტროფულად შეიძლება აისახოს.
2. აზიური სპილო
აზიურ სპილოებს კლიმატური ცვლილებებისგან პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ, რადგან ისინი მომატებული ტემპერატურების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან და შეცვლილ გარემო პირობებთან ადაპტირება ადვილად არ შეუძლიათ. სავარაუდოა, რომ სამხრეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში ტემპერატურა მოიმატებს, ასევე მოიმატებს ნალექებისა და გვალვების სიხშირე. ეს კი გავლენას სპილოებზე აუცილებლად მოახდენს, რადგან მათი მიგრაცია და გამრავლება ყველაზე მეტად წყლის რესურსებზეა დამოკიდებული.
ამჟამად ბუნებაში 50 000-ზე ნაკლები აზიური სპილოა, მათი რიცხვი კი ყოველწლიურად იკლებს.
აზიური სპილოების საშუალო წონა დაახლოებით ხუთი ტონაა და ისინი ძალიან დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ, შეცვლილი ამინდი და კლიმატი მათ დიდ დაბრკოლებებს უქმნის.
3. მაიმუნჭამია არწივი
მაიმუნჭამია არწივები ტროპიკებში ცხოვრობენ, სადაც ისინი ბუდეებს ხეების კენწეროებში აგებენ. სახელიდან გამომდინარე, ალბათ მიხვდებოდით, რომ მაიმუნჭამიას რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს მაიმუნები შეადგენენ, კონკრეტულად კი მაკაკები.
მაიმუნჭამიას გადაშენების საფრთხე ემუქრება, ახლა ბუნებაში მხოლოდ 200 ინდივიდია დარჩენილი. ეს ფრინველები ძალიან იშვიათად მრავლდებიან, ისინი წელიწადში მხოლოდ ერთ კვრეცხს დებენ.
მაიმუნჭამიასთვის მთავარი საფრთხე მომატებული ტემპერატურა, დაბინძურება და პესტიციდებია. უფრო დიდი საფრთხე კი ტყეების გაჩეხვაა, რამაც ფრინველების უმეტესობა სახლის გარეშე დატოვა.
4. ტუკანი
ტუკანები სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები დიდნისკარტიანი ფრინველები არიან. ტემპერატურის მატების გამო, ტუკანები ნელ-ნელა მთიან რეგიონებში ინაცვლებენ, რადგან ისინი უფრო დაბალი ტემპერატურებისთვის არიან ადაპტირებულინ.
კოსტა რიკაში, ტუკანები მთებისკენ ჯგუფებად მიგრირებენ, ეს კი საბოლოოდ ეკოსისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ტუკანები ფრინველების კვერცხებს ჭამენ, როდესაც ისინი ახალ რეგიონში ინაცვლებენ, ისინი ადგილობრივი ფრინველების კვერცხების ჭამას იწყებენ, რითაც საფრთხეს სხვა სახეობებსაც უქმნიან.
5. ჰავაის მეყვავილისებრნი
ეს ფრინველები ჰავაის ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ. ადრე მეყვავილისებრნის 50-მდე სახეობა არსებობდა, ახლა კი მხოლოდ 18-ია შემორჩენილი.
2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მომდევნო 10 წელიწადში ეს სახეობები სრულად გადაშენდებიან.
"ამ დრომდე ვფიქრობდით, რომ 18-დან რამდენიმე სახეობა ბუნებაში სტაბილურად მრავლდებოდა, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მეყვავილისებრნის უკლებლივ ყველა სახეობა დგას", - აცხადებს კვლევის ავტორი ლიზა კრემპტონი.
6. ლემურისებრი პოსუმი
ლემურისებრი პოსუმები ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ, ტემპერატურის მატების გამო მათ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. კუინზლენდის მთავრობის გარემოსა და მეცნიერების დეპარტამენტის თქმით, მათ 30 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაძლება მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში შეუძლიათ, შემდეგ კი ისინი იღუპებიან.
მომატებულმა ტემპერატურებმა პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ტყეებზეც, სადაც ლემურისებრი პოსუმები ცხოვრობენ. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ ზუსტად რამდენი ლემურისებრი პოსუმია ბუნებაში დარჩენილი.
7. ლამანტინები
ფლორიდაში მცხოვრები ლამანტინები განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურების გამო იღუპებიან. ტემპერატურის გლობალური მატება არა მარტო დათბობას, არამედ ამინდის ექსტრემალურ ცვლილებებსაც იწვევს. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით ცივი პერიოდები, უხვი ნალექი, და ა.შ.
წელს ზამთარში სიცივის გამო ფლორიდაში 166 ლამანტინი დაიღუპა.
"ერთი ძლიერი ყინვაც და ლამანტინები შესაძლოა ფლორიდიდან გაქრნენ. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წყალში დაბინძურების დონის შემცირება და ლამანტინების საცხოვრებელი გარემოს დაცვა", - აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის PEER-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ რაში.
8. ბენგალური ვეფხვი
ამჟამად ბუნებაში მხოლოდ 2 500 ბენგალური ვეფხვია დარჩენილი. WWF-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუკუნის ბოლოს ეს სახეობა სრულად გაქრება.
კლიმატურმა ცვლილებებმა ზღვის დონის მატება გამოიწვია, რაც ბანგლადეშის სანაპიროებზე ვეფხვების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალს ანადგურებს.
"თუ ზომებს სასწრაფოდ არ მივიღებთ, ამ საუკუნეში ბენგალური ვეფხვი გადაშენდება. ვეფხვებს ადაპტაციის კარგი უნარი აქვთ, ისინი ინდონეზიის ტროპიკულ ტყეებშიც ცხოვრობენ და რუსეთის თოვლიან მთებშიც, თუმცა, ზღვის დონის ასეთ სწრაფ მატებას ვეფხვები სავარაუდოდ ვერ გაუმკლავდებიან", - აცხადებს ბუნების მსოფლიო ფონდის კონსერვაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კოლბი ლოკსი.
9. მთის გორილა
მთის გორილები გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველები არიან, რომელთა მდგომარეობას კლიმატური ცვლილებები კიდევ უფრო აუარესებს. ტემპერატურის მატება ხანგრძლივ გვალვებსა და წყაროების დაშრობას იწვევს, რაც გორილებს საფრთხეს უქმნის.
გარდა ამისა, კლიმატური ცვლილებების გამო გორილების საცხოვრებელ ტერიტორიაზე ადამიანები უფრო და უფრო ხშირად იჭრებიან, რაც ცხოველებისთვის დამატებითი საფრთხეა.
10. შიმპანზე
შიმპანზეები ადამიანის ყველაზე ახლო ნათესავები არიან, თუმცა გადაშენების საფრთხე მათაც ემუქრებათ. შიმპანზეების კონსერვაციაზე მეცნიერები უკვე მუშაობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2080 წლისთვის შიმპანზეები შესაძლოა გაქრნენ.
ტემპერატურის გლობალურმა მატებამ ცენტრალურ აფრიკაში კლიმატის ცვლილება გამოიწვია, რაც შიმპანზეების საცხოვრებელი გარემოს განადგურებას იწვევს. 2015 წელს ჟურნალ BMC Evolutionary Biology-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა შიმპანზეების საცხოვრებელი გარემოს განადგურების მოდელი შექმნეს და ცხოველების გადარჩენის ალბათობა დათვალეს.
"წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ აფრიკის ამ რეგიონში მოსული ნალექის რაოდენობა რადიკალურად შეიცვლება, რაც ტყეებსა და ადგილობრივ სახეობებს დიდ ზიანს მიაყენებს", - ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები