ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი ამჟამად ახალ ფილმს იღებს.

Dolor y Gloria (ტკივილი და გამარჯვება) ასე ჰქვია კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.

როგორც პედროს ყველა ფილმში, სიუჟეტი ამჯერადაც ესპანეთში განვითარდება.

ესპანეთში ამბობენ, რომ ალმოდოვარს ყოველი ფილმი მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენებს და აცნობს მათი ქვეყნის მთავარ ღირსებებს. შესაბამისად, ლეგენდარული რეჟისორის დამსახურებით, ბარსელონა თუ მადრიდი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მეტიც, კინომანები ფლამენკოს სამშობლოში ხშირად სწორედ იმ ადგილებში დადიან, სადაც ოსკაროსანმა პედრომ თავისი შედევრები შექმნა.

თითქმის 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, ალმოდოვარის კამერამ ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქი, სოფელი თუ დასახლება გადაიღო, დღეს ჩვენ რამდენიმე მათგანი ავარჩიეთ და გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ პედრო ალმოდოვარის ფილმები გიყვართ.

კუარტელ დელ კონდე-დუკე (მადრიდი)

ფოტო: El Deseo

კონდე დუკე ალმოდოვარის ფილმში, Law Of Desire, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია. თუ ამ ადგილას მოხვდებით, უნდა იცოდეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს გინდათ, თუ არა — აქ მთელი დღის გატარება მოგიწევთ. გარდა იმისა, რომ აქაური ატმოსფერო თავიდან ბოლომდე გაგაბრუებთ, მოედანი დროებით, მაგრამ მაინც მოგცემთ იმის შანსს, რომ გაიგოთ, რას ნიშნავს, იყო ესპანელი.

რესტორანი ვირიდიანა (მადრიდი)

ფოტო: Tripulous

რესტორანს ვირიდიანა 1961 წელს გამოსული ლუი ბუნუელის ფილმის საპატივსაცემოდ ჰქვია. ბუნუელი ალმოდოვარისთვის ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია და სწორედ ამიტომ, პედრომ, ფილმში - The Flower Of My Secret, გადაწყვიტა სწორედ აქ გადაეღო რამდენიმე სცენა. აღსანიშნავია, რომ აქ თქვენ უგემრიელესი და ტრადიციული ესპანური კერძების გარდა, ბრინჯის ტეკილას გასინჯვასაც შეძლებთ.

ტივოლის თეატრი (ბარსელონა)

ფოტო: El Deseo

პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველაფერი დედაჩემის შესახებ არის პირველი ფილმი, რომელიც პედრომ ბარსელონაში გადაიღო. სწორედ ამიტომ, აქაურობა ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. ტივოლის თეატრთან ფილმის ყველაზე ტრაგიკული სცენაა გადაღებული, სწორედ აქ იღუპება მანუელას შვილი.

კატალონიური მუსიკის სასახლე (ბარსელონა)

ფოტო: Ophouse

კატალონიური მუსიკის სასახლე მოდერნისტულ სტილში, არქიტექტორ ლუის დომენიკ ი მონტანერის მიერ 1905-1908 წლებში აშენდა და განკუთვნილი იყო 1891 წელს დაარსებული საზოგადოებისთვის, რომელიც კატალონიურ კულტურულ მოძრაობას ედგა სათავეში. ამჟამად, სასახლეს მუსიკალურ წარმოდგენებზე დასასწრებად ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამ სასახლის ერთ-ერთ ოთახშია მოწყობილი აგრადოს საცხოვრებელი, სადაც მანუელასთან და როზასთნ ერთდ უამრავ საინტერესო ამბავს ვისმენთ.

გრემი დე ვესერის სახლი (ბარსელონა)

ფოტო: El Deseo

გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი დედაჩემის შესახებ სწორედ ბარსელონაშია გადაღებული, ამ ქალაქში თითქმის ყველა ადგილი ნაცნობი იქნება. გრემი დე ვესერის სახლი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომელთაც ძველი შენობები უყვართ.

პლაკა დელ დუკ დე მედინასელი (ბარსელონა)

ფოტო: Palacekate

გახსოვთ სიმსივნით დაავადებული პენელოპე კრუზის პერსონაჟის, ჰერმანა როზას ემოციური სცენა? სწორედ ამ პარკში ემშვიდობება ის მამას და თავის ძაღლს, საპიკს. მედინასელის სკვერი ბარსელონას ცენტრში მდებარეობს და ის ტურისტების თავშეყრის ადგილია.

მონტჟუიკის სასაფლაო (ბარსელონა)

ფოტო: El Deseo

თუ პედროს ფილმები მართლა გიყვართ, შეუძლებელია იმ დიდებული სცენის დავიწყება, რომელიც ფილმში - Todo sobre mi madre გვხვდება. მონტჟუიკის სასაფლაოზე პედრომ თავის ფილმოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა გადაიღო. სწორედ აქ კრძალავს მანუელა (სესილია როთი) ჰერმანა როზას და წლების შემდეგ პირველად ხვდება თავისი შვილის მამას.

იმ შემთხვევაში, თუ პედრო ალმოდოვარის შემოქმოდების ფანი ხართ და ამ სტატიის შემდეგ ესპანეთში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, გეტყვით, რომ Wizz Air-ით ბარსელონაში 49,99 ევროდ გადაფრინდებით.