კონფლიქტი კოსმოსურ სადგურზე - რუსებმა ხომალდი სკოჩითა და კბილის ჯაგრისით შეაკეთეს
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს გაღვიძებისას არასასიამოვნო სიახლე დახვდათ. კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი განყოფილებიდან კოსმოსში ჰაერი ჟონავდა.
ასტრონავტებმა სადგურის სხვადასხვა სეგმენტებს შორის არსებული ლუქები ჩაკეტეს და დაადგინეს, რომ დაზიანება სადგურზე მიერთებულ რუსულ ხომალდ Soyuz-ზე იყო. რუსმა ასტრონავტებმა ხვრელის ზომის დასადგენად ენდოსკოპი და კბილის ჯაგრისი გამოიყენეს, რითაც გაირკვა, რომ ჰაერი ხვრელში არსებული ორ მილიმეტრიანი ბზარიდან ჟონავდა. თუ ასტრონავტები Soyuz-ზე არსებულ ხვრელს არ შეაკეთებდნენ, კოსმოსური სადგური ჰაერისგან 18 დღეში დაიცლებოდა.
რუსულმა კოსმოსურმა სააგენტო Roscosmos-მა სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც ამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. კომისიის დასკვნამ კი ყველა გააკვირვა.
თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხომალდში ხვრელი მიკრომეტეორიტის შეჯახებამ გააჩინა. მსგავსი შემთხვევები ორბიტაზე ხშირია, თუმცა, როგორც წესი, ასეთი მიკრომეტეორიტები იმდენად მცირეა, რომ ისინი სადგურს ვერ აზიანებს.
კვლევის მიმდინარეობისას ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ ხვრელი არა გარედან, არამედ შიგნიდან იყო გაკეთებული.
როგორც ირკვევა, რუსული კოსმოსური სააგენტოს ქარხანაში ერთ-ერთმა მუშამ ხომალდში ხვრელი შემთხვევით გააკეთა, შემდეგ კი თავისი შეცდომის დამალვა გადაწყვიტა - ხვრელი კუსტარულად ამოქოლა და გადაღება. აღსანიშნავია, რომ შეკეთებულმა ხომალდმა გაშვებამდე რამდენიმე ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა ორბიტაზე ყოფნისას წებო, რომლითაც ხვრელი იყო შეკეთებული გაშრა, რამაც საბოლოოდ ჰაერის გაჟონვა გამოიწვია.
ხვრელის შეკეთებისას ამერიკულ და რუსულ მხარეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. რუსულ კოსმოსურ სააგენტოს სურდა, რომ ხვრელი რაც შეიძლება მალე, სადგურზე არსებული სპეციალური წებოთი და საიზოლაციო მასალით ამოევსოთ, შემდეგ კი სპეციალური სკოჩით დაეფარათ.
ნასას მეცნიერებს კი ეს იდეა არ მოეწონათ, მათ სურდათ ჯერ გადაემოწმებინათ თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა, რადგან მათ ხომალდის შეკეთების შანსი მხოლოდ ერთხელ ექნებოდათ. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაურმა ენდრიუ ფიუსტელმა 24 საათი მოითხოვა, რომ აღნიშნული პროცედურა ჯერ დედამიწაზე ჩაეტარებინათ.
მიუხედავად ამისა, რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ თავიანთი გეგმით ეხელმძღვანელათ და ხვრელი წებოთი, საიზოლაციო მასალითა და სპეციალური სკოჩით დაფარეს.
ამ ეტაპზე კოსმოსურ სადგურზე წნევა დასტაბილურდა და ეკიპაჟის წევრებს საფრთხე არ ექმურებათ. ნასას აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები