საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის გაჟონვამ წნევის ვარდნა გამოიწვია
გუშინ ღამით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნასას ოპერატორებმა წნევის მცირედი ვარდნა დააფიქსირეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟის ექვსივე წევრს ეძინა.
ოპერატორებმა განსაზღვრეს, რომ ორბიტაზე მყოფ ლაბორატორიაზე წნევის ვარდნის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო და ასტრონავტებს საფრთხე არ ემუქრებოდათ.
ნასამ წნევის ცვლილების შესახებ ეკიპაჟის წევრებს მათი გაღვიძების შემდეგ შეატყობინა. ასტრონავტები იძულებულნი გახდნენ, რომ კოსმოსური სადგურის სეგმენტებს შორის არსებული ლუქები ჩაეკეტათ, რათა დადგენილიყო თუ რომელი მოდულიდან ჟონავდა ჰაერი. როგორც გაირკვა დაზიანება რუსულ ხომალდ Soyuz-ზეა, რომელმაც კოსმოსურ სადგურზე ივნისში ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მიიყვანა. კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები ახლა პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასტრონავტებს საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან მათ ჰაერის მინიმუმ რამდენიმე კვირის მარაგი აქვთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ჰაერმა გაჟონა. ასეთი შემთხვევა 2007 წელსაც მოხდა, თუმცა კოსმოსურ სადგურს პრობლემები არც მაშინ შექმნია.
ჰერმეტულობის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამაა, რაც კოსმოსურ სადგურზე შეიძლება მოხდეს. ჩვეულებრივ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზღვის დონეზე არსებული წნევაა შენარჩუნებული.
კომენტარები