დოჯერის სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბეისბოლის სათამაშო მოედანია. სტადიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მისი ადგილმდებარეობაა. ლოს-ანჯელესი საცობებითა და გადატვირთული გზებით გამოირჩევა, ხოლო თამაშების დღეს სტადიონისკენ მიმავალი 56 000 ადამიანი ქალაქში სრულ ქაოსს ქმნის.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ სტადიონამდე გვირაბი გაიყვანოს, რომელშიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე მომუშავე ვაგონები ივლიან.

თითოეული ვაგონი დაახლოებით 12 ადამიანს გადაიყვანს.

თითოეული ვაგონი დაახლოებით 12 ადამიანს გადაიყვანს.

ფოტო: THE BORING COMPANY

ახალ პროექტზე The Boring Company-ს მიერ გამოქვეყნებული ტვიტიდან ვიგებთ, რომელშიც პროექტის ვებგვერდია მოცემული. გვერდის მიხედვით სისტემა ერთი მიწისქვეშა გვირაბისგან იქნება შედგენილი, რომელიც დოჯერის სტადიონს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უბანთან დააკავშირებს.

გვირაბში 100-მდე ელექტრო ვაგონი იმოძრავებს, თითოეული მათგანი კი 8-დან 16-მდე მგზავრს გადაიყვანს. ვაგონი მიწის ქვეშ სპეციალური ლიფტით ჩაეშვება, შემდეგ კი სტადიონამდე და უკან დაახლოებით 220 კილომეტრი საათის სიჩქარით ივლის.

მგზავრებს ბილეთების შეძენა სპეციალური აპლიკაციით, სმარტფონებიდან შეეძლებათ. თითო გზის ფასი სავარაუდოდ 1 დოლარი იქნება. კომპანიის გათვლებით გვირაბის მშენებლობა 14 თვეში დასრულდება.

ილონ მასკის კომპანია გვირაბის მშენებლობას სრულად დააფინანსებს. პროექტს მხარდაჭერა ლოს-ანჯელესის მერმაც განუცხადა.

კომპანიის ვარაუდით საწყის ეტაპზე ისინი თითო თამაშზე დაახლოებით 1 400 ადამიანის გადაყვანას შეძლებენ, ეს რიცხვი კი სამომავლოდ შესაძლოა 2 800 ადამიანამდე გაიზარდოს.