საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ჩრდ. ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით მაისური ჩაიცვეს
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოჭიდავეებმა რუსეთის დროშისფერებიან მაისურებში ფოტო გადაიღეს. მაისურზე ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი.
ფოტოზე, რომელიც On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა, ასახული არიან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების მოჭიდავეები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი, ზურაბ იაკობაშვილი და ნაკრების ყოფილი მოჭიდავე, მამუკა არევაძე. ფოტოზე არის კიდევ სამი პირი, რომელთაც მაისურზე RUSSIA აწერიათ. მათი იდენტიფიცირება On.ge-მ ვერ შეძლო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი, ზურაბ იაკობაშვილი
ნაკრების ყოფილი მოჭიდავე, მამუკა არევაძე
რა ვიცით მაისურზე დახატული პირის შესახებ
მაისურზე დახატული პირი ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი, ფრაქცია რუსი პატრიოტების წევრი და რუსეთის ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლატ თედეევია.
თედეევი 1968 წელს ცხინვალის რეგიონში დაიბადა. ის 11 წლიდან ჭიდაობას მისდევს. თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. მას მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001—2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 4-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2016 წელს ის თანამდებობას დაუბრუნდა.
თედეევი ჩრდილოეთ ოსეთის მეექვსე, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, სადაც ფრაქცია რუსეთის პატრიოტების წარმოადგენს. თედეევს მიღებული აქვს ოსეთის გმირის ორდენი. ასევე, ორდენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
ფოტო: საქართ
2008 წელს პეკინის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგისთვის თედეევმა რუსეთის პრეზიდენტის სამადლობელი სიგელი მიიღო. თედეევს რუსეთის პრეზიდენტისგან სხვა არაერთი ჯილდო აქვს მიღებული (დეტალები იხილეთ აქ).
2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს თედეევი პეკინში რუსეთის ინტერესებს წარადგენდა. 10 წლის შემდეგ, ამ დღეს კი ინსტაგრამის გვერდზე ცხივალში "ქართული სახმედრო აგრესიის" შედეგად დაწყებული ომი გაიხსენა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პასუხი
On.ge შეეცადა გაერკვია აქვთ თუ არა ინფორმაცია ქართველ სპორტსმენებს იმის შესახებ, რომ თედეევი ოსი დეპუტატია და რა იყო ფოტოს გადაღების მიზანი.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე ფოტოს ავთენტურობას ადასტურებს. მისი თქმით, არა რუსეთის დროშის, არამედ მეგობრისა და კოლეგის, ჯაბო თედეევის გამოსახულებიანი მაისური აცვია. მისი დახასიათებით თედეევი წარმატებული მწვრთნელია და მაისური მისი თხოვნით, მის პატივსაცემად ჩაიცვა.
"ჩვენი მეგობარია, საქართველოში დაბადებული, გაზრდილი... უბრალოდ მოვიდა და გვთხოვა, თუ შეიძლება და რაღაცა და რა პრობლემაა მეთქი", - იხსენებს იანტბელიძე მაისურის ჩაცმის დეტალებს.
ქართველი მოჭიდავეების ძამბოლეტთან ახლომეგობრული ურთიერთობის დასტური მის ინსტაგრამგვერდზეც იძებნება. ძამბოლეტს ქართველი ჩემპიონთან, გენო პეტრიაშვილთან გადაღებული ფოტო აქვს ატვირთული.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრების ახლო ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას იანტბელიძე ამბობს:
"ის არის საქართველოში დაბადებული, გაზრდილი თუ კარგად ნახავთ."
სატელეფონო ინტერვიუს დროს რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.
"შევხვდეთ. ხომ უნდა ვნახო, ვინ ხართ, ღირს თუ არა ინტერვიუს მოცემა", - ასე განმარტა სატელეფონო ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი. მოგვიანებით, შეხვედრისთვის დათქმული დრო გადაწია, შემდეგ კი არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.
უპასუხოდ დატოვებული კითხვები
საქართველოს ნაკრების წევრის, მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილის კუთვნილ ნომერზე დარეკვისას პირი, რომელიც სატელეფონო ზარებს პასუხობს სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, რის გამოც სპორტსმენთან დაკავშირება ვერ მოხდება: "ვულკანიზაციაშია", "არ სცალია", "შეკრებაზეა წასული და მობილური დაუტოვა". მან და კიდევ ერთმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ფეისბუქზე მიწერილ კითხვებსაც არ უპასუხეს.
On.ge-ს სურდა სხვა მოჭიდავეებთან დაკავშირებაც, თუმცა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტსმენებთან კომუნიკაცია მხოლოდ მთავარი მწვრთნელის საშუალებითაა შესაძლებელი. სამინისტროში განმარტეს, რომ ქართველი სპორტსმენების გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. პრესსამსახურის თანამშრომლის თქმით, ამ საკითხზე პასუხისმგებელი სამინისტრო არ არის, კომენტარის მისაღებად კი On.ge ჭიდაობის ფედერაციაში გადაამისამართა.
ჭიდაობის ფედერაციას, დღევანდელი მდგომარეობით, პრესსამსახურის თანამშრომელი არ ჰყავს. პირი, რომელიც ფედერაციის ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონს პასუხობს, ამბობს, რომ აღნიშნული ნომერი მისი პირადი საკუთრებაა.
განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი იანტბელიძემ და გენო პეტრიაშვილმა ფოტოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ძამბოლატ თედეევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრია. ის რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტარია. On.ge ბოდიშს იხდის შეცდომის გამო.
კომენტარები