რატომ ვართ ღარიბები
"როდესაც, ჩვენ მილანში გადმოვედით, მაშინ მე შენზე ოდნავ უფროსი ვიყავი. სწორედ, მაშინ ამიხსნა სიმონემ, რომ ჩვენს სოფელში გლეხები პირუტყვებივით ცხოვრობენ, რომ მათთვის მხოლოდ მძიმე შრომა და მორჩილება არსებობს. ადამიანებმა თავისუფლად უნდა იცხოვრონ და არავის მონები არ უნდა იყვნენ", — ასე იხსენებს თავის სოფელს ლუკინო ვისკონტის ფილმის "როკო და მისი ძმების" ერთ-ერთი მთავარი გმირი.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მოსახლეობის მასიურად სოფლიდან ქალაქში გადასვლა, მხოლოდ 1960-იანი წლების მხატვრული ფილმების თემატიკა არ არის. ურბანიზაცია დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად და აქტუალურ საკითხად რჩება. ეს პროცესი წარმოუდგენლად ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს და კიდევ უფრო დიდ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს.
ურბანიზაცია ქალაქის ზრდისა და გაფართოების, ქვეყნის ცხოვრებაში ქალაქების როლის ზრდის პროცესია. ურბანიზაციის დასაწყისი ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დასაწყისს ემთხვევა. 1850 წლამდე მსოფლიო ეკონომიკა უმნიშვნელოდ ვითარდებოდა. მექანიკური ენერგიის შექმნამ საფუძველი არსებითად ახალ ეკონომიკას ჩაუყარა. ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის მოპოვების ტემპების ზრდამ ქალაქში სამუშაო ძალაზე მზარდი მოთხოვნა გააჩინა. სწორედ, ამ დროს დაიწყო ურბანიზაციის პირველი ეტაპი. ინგლისში დაწყებული ინდუსტრიალიზაცია სწრაფად გავრცელდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იმ დროისთვის, როდესაც ევროპაში ურბანიზაციის პირველი პროცესები მიმდინარეობდა, საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყებამ საქართველოში მნიშვნელოვნად დააგვიანა. შესაბამისად, ურბანიზაციის მაჩვენებელიც არ იცვლებოდა, ქვეყანა კვლავ აგრარულ სახელმწიფოდ რჩებოდა.
მძლავრი ინდუსტრიული პროცესების საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იწყება. შესაბამისად, იზრდებოდა ურბანიზაციის მაჩვენებელიც. გეგმიური ეკონომიკის პირობებში ურბანიზაციის მნიშვნელობა ხშირად არასწორად ესმოდათ. პროცესი არ ეფუძნებოდა ადამიანის თავისუფალ ნებასა და არჩევანს. ურბანიზაცია მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით სახელმწიფოს მიერ შექმნილი ხელოვნური საჭიროებების საფუძველზე მიმდინარეობდა.
სსრკ-ს დროს საქართველოში განხორციელებული ურბანიზაციის ყველაზე კარგ მაგალითი ქალაქი რუსთავია. რუსთავი მეტალურგიული ქარხნისთვის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველსაყოფად აშენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასწორი და არაეფექტური პროექტირების გამო მეტალურგიულმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა. მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი განუხრელად იზრდებოდა, თუმცა 1980-იანი წლებში საბჭოთა ეკონომიკაში შექმნილმა მძიმე კრიზისმა ეს პროცესიც მნიშვნელოვნად დააზარალა.
1970-იან წლებში დაწყებული დეინდუსტრიალიზაციის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა მომსახურებაზე დაფუძნებულ ეკონომიკად ტრანსფორმირდა. შესაბამისად, ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დასრულების შემდეგაც ურბანიზაციის ტემპი მსოფლიოში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკა, სწორედ, სერვისების ეკონომიკაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მომსახურების სფეროშია დასაქმებული. მსოფლიოში ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი წლიდან წლამდე იზრდება. გაეროს კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის ქალაქებში მსოფლიოს მოსახლეობის 60 პროცენტი იცხოვრებს.
ურბანიზაციის მაღალი ტემპები გულისხმობს არამარტო ქალაქის მოსახლეობის ზრდას, არამედ ადამიანების საქმიანობის სფეროს ცვლილებას. მაღალი ურბანიზაციის შედეგად მცირდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების რიცხვი. მხოლოდ ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკურ განვითარებისა და სიმდიდრეს არ გულისხმობს. ამის საპირისპიროდ სოფლის მოსახლეობის მაღალი წილი კატასტროფული სიღარიბისა და ეკონომიკური ჩამორჩენილობის წინაპირობაა.
მსოფლიოს უკლებლივ ყველა სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 50 პროცენტზე მეტი, სწორედ, ქალაქში თავმოყრილ ეკონომიკურ საქმიანობაზე მოდის. თანამედროვე მსოფლიოში 30 ე.წ. აგრარული სახელმწიფო არსებობს. აგრარულად ითვლება სახელმწიფო, სადაც სოფლის მოსახლეობა 50 პროცენტზე მეტია. 30 ასეთი სახელმწიფოდან 23 აფრიკის კონტინენტის ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს.
სუბსაჰარული აფრიკის რუკა
ფოტო: researchgate.net
აგრარული სახელმწიფოს კარგი მაგალითია ეთიოპია. ეთიოპიის სოფლებში ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტი ცხოვრობს, მშპ ერთ მოსახლეზე 511 დოლარია. იგივე ვითარებაა ნიგერიაშიც, სადაც მოსახლეობის 57 პროცენტი სოფლებში ცხოვრობს. ამავდროულად, სოფელში არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაზე მშპ-ს მხოლოდ 40 პროცენტი მოდის. ნიგერიის მშპ ერთ მოსახლეზე 405 დოლარია.
საპირისპირო ვითარებაა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოებში. 30 უმდიდრეს სახელმწიფოში, ურბანიზაციის მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატება. გერმანიის ქალაქებში მთელი მოსახლეობის 75 პროცენტი ცხოვრობს, ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე 35 ათასი დოლარია. დანიაში მოსახლეობის 87 პროცენტი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო მშპ 30 ათასი დოლარს აღემატება.
2018 წლის მსოფლიოს ურბანიზაციის მაჩვენებლები, კონტინენტების მიხედვით
ფოტო: statista.com
მიუხედავად მსოფლიოში არსებული კონსენსუსისა, ურბანიზაციის აუცილებლობისა და მისი კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ საქართველოში ხშირად საპირისპირო სახელმწიფო პოლიტიკას ვაწყდებით.
ხშირად გვესმის მოწოდებები "ძლიერი სოფელი, ძლიერი ქალაქი" "სოფელი არ უნდა დაიცალოს". არც თუ იშვიათად მსგავსი შინაარსის სლოგანს არაერთი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში მოვკრავთ თვალს. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ცდილობს ებრძოლოს ურბანიზაციას და მოსახლეობა სოფლად შეინარჩუნოს.
მსგავსი რიტორიკა განსაკუთრებით პოპულარულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2015 წელს მიიღეს ე.წ. მთის კანონი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთიანი სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათებსა და სახელმწიფო დახმარებას, მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნების მიზნით. 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დაფინანსებამ, დაახლოებით, 1,4 მილიარდს გაუტოლდა.
თუ პარალელურად საქსტატის მონაცემებს გადავხედავთმ, აღმოვაჩენთ, რომ სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9,3 პროცენტია. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელმა 57 პროცენტია. ამრიგად, მოსახლეობის 43 პროცენტი სახელმწიფოში წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 9 პროცენტს აწარმოებს.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მშპ-ში 2013-2017 წლები
ფოტო: Geostat.ge
მიუხედავად გაწეული უზარმაზარი ხარჯებისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა არ გაზრდილა. მეტიც, 2013 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 0,1 პროცენტითაა შემცირებული. ამ სეგმენტის პრობლემად მრავალი რამ სახელდება, მათ შორისაა:
- მცირემიწიანობა;
- აროპროფესიონალიზმი;
- შრომის მექანიზაციის დაბალი მაჩვენებელი.
მსოფლიოს ეკონომიკური ისტორია და მდიდარი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუძლებელია სოფლის მეურნეობა იქცეს ქვეყნის ეკონომიკის გამწევ ძალად. ამას ადასტურებს ქვეყნების სია, სადაც სოფლის მეურნეობაზე ეკონომიკური საქმიანობის მაღალი წილი მოდის, ეს სია, პარალელურად, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების ჩამონათვალია.
დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის პირობებში, ადამიანის დასაქმების ძირითად სფერო მომსახურებაა. ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სოფელში მოსახლეობის შეკავებას და ამისთვის დახარჯულ ფინანსებს არანაირი დადებითი ეკონომიკური შედეგი არ მოჰყოლია. სოფლის მეურნეობაში ჩართულია მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ბოლო 5 წლის განმავლობაში დახარჯულია მილიარდ ლარზე მეტი და სასოფლო საქმიანობის წილი მშპ-ში 9,3 პროცენტია. ამას ემატება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის კონსტიტუციურ აკრძალვა, რომელიც ახალ ბარიერს უქმნის უცხოურ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში.
თანამედროვე მსოფლიოს მაგალითი ურბანიზაციის ტემპის ზრდისა და მისი ხელშეწყობის უპირატესობას აჩვენებს. პარალელურად, აღსანიშნავია, რომ მაღალი და სწორი ურბანიზაცია, განვითარებულ და პროდუქტიულ სოფლის მეურნეობასაც გულისხმობს. ამის მაგალითია საფრანგეთი. საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი ანუ 700 ათასი ადამიანია ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ამავდროულად, ქვეყანა მე-6 ადგილს იკავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის კუთხით. ამრიგად, გამოდის, რომ ჩვენს სოფლებში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე 66 მილიონიან საფრანგეთში. ისრაელში სოფლად მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტია თავმოყრილი. ამავდროულად, ისრაელი მოწინავე ადგილს იკავებს აგრარულ მეურნეობაში.
მდიდარი ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლის გარეშე, ღირებული ეკონომიკური წარმატება უბრალოდ შეუძლებელია. ყველა სახელმწიფოში სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარზე მეტია, ურბანიზაციის მაჩვენებელი 75 პროცენტს აღემატება.
ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, ურბანიზაციას პოლიტიკური განზომილებაც გააჩნია. ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნების უმრავლესობაში ურბანიზაციის მაჩვენებელი როგორც წესი დაბალია. ამის მაგალითია აფრიკისა და აზიის მრავალი სახელმწიფო.
კომენტარები