გია ჟორჟოლიანის 5 ინიციატივა, რომლითაც უმრავლესობაში ყოფნის დროს თავი დაგვამახსოვრა
გია ჟორჟოლიანი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ფრაქცია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის დამფუძნებელია. ჟორჟოლიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მესამედ გახდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი. 2019 წლის მარტიდან ჟორჟოლიანმა ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას შეურთდა.
გია ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში დაკავებულია სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობითაც. 1977-2011 წლებში ჟორჟოლიანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2005 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებს.
ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში გია ჟორჟოლიანის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, როგორც წესი, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეზონანსს იწვევს, პროგრესული საგადასახადო მოდელის შემოღება, ახალი, მთის მინისტრის პორტფელის შექმნა და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება.
1. 2 500 ლარზე მაღალი ხელფასი 30 პროცენტით დაბეგვრა
ჟორჟოლიანის ინიციატივით, სახელმწიფოს 30 პროცენტით უნდა დაებეგრა ის მოქალაქეები, ვისი ხელფასიც 2 500 ლარს აღემატებოდა, ხოლო 2 500 ლარიან და ნაკლებ ხელფასზე საშემოსავლო განაკვეთი უცვლელად 20 პროცენტზე შენარჩუნდებოდა. ჟორჟოლიანი ამბობდა, რომ ეს ინიციატივა მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს შეეხებოდა.
დეპუტატი ვარაუდობდა, რომ ამ გზით ნახევარი მილიონი ლარის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი. მოძიებული თანხებით ჟორჟოლიანი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდას გეგმავდა.
ჟორჟოლიანის ეს ინიციატივა გაჟღერებიდან მალევე უარყოფითად შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განაცხადა, რომ გადასახადების გაზრდა მთავრობის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა. იმის გამო, რომ აღნიშნულ ინიციატივას პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა, ჟორჟოლიანის კანონპროექტიც არ დარეგისტრირებულა.
2. პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება
2018 წლამდე პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების წესი ითვალისწინებდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებას. ასეთად მიიჩნევა პარტია, რომელმაც ბოლო არჩევნებზე სამ პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც საპარლამენტო ან თვითმართველობის სამპროცენტიანი ბარიერი დაძლია, სახელწიფო ყოველწლიურად 300 ათასი ლარით აფინანსებს.
წესი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ალტერნატიული კანონპროექტით პარლამენტს ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ და გია ჟორჟოლიანმა მიმართეს. კანონპროექტი, საბოლოოდ, 2018 წლის გაზაფხულზე დაამტკიცეს.
ინიცირებული ცვლილებების შემდეგ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის და შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შანსი მიეცათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით ვერ მოხვდნენ და მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატები გაიყვანეს.
სწორედ ამ ცვლილების შემდეგ მოიპოვა პარტიამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით.
მრეწველებმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ხმების 0,78 პროცენტი მიიღეს. ინიციატივას აკრიტიკებდა საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც.
3. ეკონომიკური თავისუფლების აქტის (Liberty act) გაუქმება
ეკონომიკური თავისუფლების აქტი საქართველოს კონსტიტუციაში 2011 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გაჩნდა და 2013 წლიდან ამოქმედდა. აქტი რამდენიმე ძირეული მიმართულებით ზღუდავს მთავრობას. ამ აქტის მიხედვით, ახალი საყოველთაო გადასახადის შემოღებისთვის ან არსებულის გაზრდისთვის ხელისუფლებამ მოსახლეობის მხარდაჭერა რეფერენდუმზე უნდა მოიპოვოს. აქტით, ასევე, გაწერელია ბიუჯეტის დეფიციტის და საგარეო ვალის მაქსიმუმი.
ეკონომიკური თავისუფლების აქტი ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის გია ჟორჟოლიანის მხრიდანაც. ჟორჟოლიანი განსაკუთრებით დოკუმენტის იმ ნაწილს აპროტესტებდა, რომელიც ახალი საყოველთაო გადასახადის შემოღებას და არსებულის განაკვეთის ზრდას კრძალავს.
"ამ აქტის პირობებში სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ, სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, სახელმწიფო სოციალურ პოლიტიკას ბაზრის უხილავ ხელს მიანდობს და ჩვენ 25 წელია ამის მოწმენი ვართ, ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს", — ამბობდა ის, თუმცა ეს დათქმა კონსტიტუციაში არა 25 წლის წინ, არამედ 2011 წელს გაჩნდა.
აქტის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალი ახალი კონსტიტუციის სახალხო განხილვების დროს იყო. საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩანაწერის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
მიუხედავად წარუმატებლობისა, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ის და თავისი პარტია პოლიტიკური მეთოდებით გააგრძელებდნენ ბრძოლას ამ აქტის გასაუქმებლად.
4. მთის მინისტრი
ახალი, მთის მინისტრის პორტფელის შექმნის იდეა პირველად 2015 წელს მთიანი რეგიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა გამოთქვეს, თუმცა ინიციატივის გაჟღერებიდან მალევე იდეის მთავარ ლობისტად სწორედ გია ჟორჟოლიანი იქცა.
იდეის ავტორები და მხარდამჭერები მთის სამინისტროს შექმნის აუცილებლობას, მთაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით ხსნიდნენ. მთის მინისტრს სახელმწიფო მინისტრის ფორმატში უნდა ემუშავა და კოორდინაციაში, ძირითადად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო.
ჟორჟოლიანი მაშინ ამბობდა, რომ მთაში მოსახლეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო მსგავსი პოსტის შექმნა. ამასთანავე, დეპუტატის აზრით, ახალი სამინისტროს შექმნა სახელმწიფო ხარჯებს არ გაზრდიდა და მნიშვნელოვნად მოაგვარებდა მთიანი რეგიონის მოსახლეობის პრობლემებს. ინიციატივას ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოეხმაურება მოჰყვა, ძირითადად უარყოფითი.
ჟორჟოლიანი ლიბერალთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მთის მინისტრის პოსტის შექმნის იდეას, საპარლამენტო უმრავლესობა "ტაშითა და გრიალით" შეხვდა, თუმცა, საბოლოოდ, ინიციატივამ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
5. მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტი
მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის სურვილი ჟორჟოლიანმა 2013 წლის ივნისში გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის ოქტომბერში, ანუ ინიციატივის გაჟღერებიდან ექვს თვეში იწურებოდა. მაშინ პროცესების ასეთი დაჩქარების აუცილებლობა დეპუტატმა მიხელ სააკაშვილის დანაშაულებრივი როლის მხილებისა და გამოკვეთის აუცილებლობით ახსნა.
"ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ რეჟიმის არქიტექტორი", — განაცხადა ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებასთან-სთან ინტერვიუში.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე 6 თვით ადრე ტექნიკურად შეუძლებელია. ინიციატივის განხილვის შემთხვევაშიც კი იმპიჩმენტზე მუშაობა უფრო დიდ ხანს გაგრძელდებოდა ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა.
კომენტარები