კუკური ბარამიძის, იგივე დომენიკ მანგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე, რომელიც მისივე ფეისბუქგვერდზე აიტვირთა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ On.ge-ს შსს-დან აცნობეს.

ვიდეოში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დაუდგენელია, ჩანს როგორ აიძულებს რამდენიმე ადამიანი დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქისა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფისთვის.

შსს-ში განმარტავენ, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა მისი ავთენტურობა და დაზუსტდება ვიდეოსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რის შემდგომაც გაიწერება სამოქმედო ნაბიჯები.