მანქანის მართვა რადიოს მოსმენისას; საუზმის მომზადება ოჯახის წევრებთან საუბრის პარალელურად; სენდვიჩის ჭამა წიგნის კითხვისას. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებას საჭიროებს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ტვინი ორ რამეს ერთდროულად აკეთებს, თუ უბრალოდ ძალიან სწრაფად ინაცვლებს მათ შორის?

გააჩნია. თუ საქმე კოგნიტურად რთულ სამუშაოს ეხება, სამეცნიერო მტკიცებულებები მეორე ვარიანტზე მიუთითებს.

მეორე მხრივ, ჟურნალ Journal of Cognitive Neuroscience-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული დავალებების "ავტოპილოტზე" გადაყვანა შესაძლებელია. ეს კი ადამიანს ჭეშმარიტ მულტითასქინგთან უფრო მიახლოებულ მდგომარეობაში ამყოფებს და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობას ზრდის.

მანქანის მართვა ამის იდეალური მაგალითია: როდესაც გამოცდას აბარებთ, თქვენი მთელი გონებრივი და ფიზიკური ენერგია კონცენტრირებულია მოძრაობებისა და ფიქრების სწორი კომბინაციის შესრულებაზე. საჭესთან გატარებული ათი წლის შემდეგ, ტვინი ამ ყველაფერზე (ცნობიერად) ამდენს აღარ ფიქრობს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ, ტვინს შეუძლია ზოგიერთი დავალება ეფექტიანად გადაამისამართოს ტვინის მთავარი გამომთვლელი ცენტრის გვერდის ავლით — როგორც ქალაქის შემოვლითი გზა — რათა შეამციროს გონებრივი გადატვირთვა და რამდენიმე დავალებისთვის თავის ერთდროულად გართმევის შესაძლებლობა გააუმჯობესოს.

"ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმის გასაგებად, თუ როგორ სწავლობს ტვინი", — ამბობს ნეირომეცნიერი მაქსიმილიან რიზენჰუბერი, კვლევის მთავარი ავტორი.

მკვლევრების თქმით, ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ ამის სწავლა მართლაც შესაძლებელია. კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად არსებობს გზა, რათა ტვინის არქიტექტურა "გადააწყოთ" და მისი სხვა ნაწილები გამოიყენოთ.

ადამიანებს ეს გარკვეულ დონეზე მართლაც შეუძლიათ. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად ვიაროთ და ვისაუბროთ ისე, რომ ფეხების მოძრაობა არ აგვერიოს ან სიტყვები არასწორი თანმიმდევრობით არ ვთქვათ.

მეორე მხრივ, როდესაც საქმე რთულ დავალებებს ეხება, გვიწევს მათ შორის მუდმივად გადართვა, რის გამოც პროდუქტიულობა იკლებს. ამ ამოცანებს ტვინის პრეფრონტალური ქერქი ასრულებს, რომელსაც მძლავრი აღმასრულებელი და სააზროვნო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ, ერთდროულად მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია. ეს ქმნის იმას, რასაც მკვლევრები ზოგჯერ "ფრონტალურ საცობს" უწოდებენ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 11 მონაწილის ტვინის გამოსაკვლევად ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) და ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გამოიყენეს, რათა გაეზომათ, სად და როდის ხდებოდა ტვინის აქტივობა.

ფოტო: Neurosci

რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეებმა 30 000-ზე მეტი კოგნიტიური დავალება შეასრულეს, სადაც მათ სთხოვეს მანქანების სურათების ორ კატეგორიად დახარისხება. ტვინის სკანირება ჩატარდა როგორც ცდების დაწყებამდე, ისე მათ შემდეგ.

მთავარი აღმოჩენა ის იყო, რომ თავდაპირველად დავალება პრეფრონტალურ ქერქს ააქტიურებდა, თუმცა ვარჯიშის შემდეგ მანქანების დახარისხების სამუშაოს მნიშვნელოვანმა ნაწილმა საფეთქლის ქერქში გადაინაცვლა, სადაც ტვინი მეხსიერების კოდირებასა და ობიექტების ამოცნობას მართავს.

"წინა კვლევებმა აჩვენა, რომ გამოცდილ დამკვირვებლებში საფეთქლის ქერქის ნაწილები შეიძლება კონკრეტული ობიექტების კატეგორიებმა გაააქტიუროს — მაგალითად, ჩიტებმა, მანქანებმა და Pokémon-მაც კი — მაგრამ ყველა ამ კვლევის შეზღუდვა ის იყო, რომ ისინი აკვირდებოდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანები ექსპერტები ხდებოდნენ", — ამბობს ფსიქოლოგი პატრიკ კოქსი, კვლევის პირველი ავტორი.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გაზომეს ვარჯიშამდე და მის შემდეგ, ამიტომ დაინახეს, რომ ინტენსიურმა ვარჯიშმა არსებითად შექმნა კატეგორიის მიმართ შერჩევითი არე საფეთქლის წილში, რომელიც მანამდე იქ არ იყო.

კვლევა დასრულდა ორმაგი დავალების ექსპერიმენტით, რომელშიც მონაწილეებს სთხოვეს მანქანების ამოცნობა და დამატებით სხვა გამოწვევასთან გამკლავება. იმ ადამიანებმა, რომელთა ტვინმაც მანქანების დახარისხების სამუშაოს დიდი ნაწილი საფეთქლის ქერქში გადაიტანა, მეორე დავალებას უკეთ გაართვეს თავი.

"ამას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, გამოცდილ რადიოლოგს მრავალწლიანი პრაქტიკის წყალობით რენტგენულ გამოსახულებაზე არსებული წარმონაქმნების კეთილთვისებიანად ან ავთვისებიანად კლასიფიცირება ხშირად თითქმის ავტომატურად, ხანგრძლივი ფიქრის გარეშე შეუძლია", — ამბობს კოქსი.

მართალია ეს მხოლოდ მცირემასშტაბიანი კვლევაა, რომლის გამეორებაც უფრო დიდ ჯგუფებში იქნება საჭირო, ტვინში სწავლის პროცესის გასაგებად მას ბევრი პოტენციური მნიშვნელობა აქვს. უფრო ფართო გაგებით, ის ასევე დაგვეხმარება კომპულსიური ქცევების კვლევასა და AI-ის განვითარებაში.

სამომავლოდ, მკვლევრებს სურთ გაარკვიონ, არსებობს თუ არა კონკრეტული ტიპის დავალებები ან კოგნიტიური სამუშაო, რომელთა ტვინის სხვა ნაწილებზე გადაბარების ალბათობა უფრო მაღალია — რაც პრეფრონტალურ ქერქს სხვა რამის საკეთებლად გაათავისუფლებს.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნერვული ქსელი რეალურად იცვლება, რათა ტვინმა ორი რამის ერთდროულად გაკეთება შეძლოს", — ამბობს რიზენჰუბერი.

კვლევა ჟურნალ Journal of Cognitive Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.