შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ქუთაისში დააკავეს.

უწყების მტკიცებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინის შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 2 720 ლარი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.