ჯეიმს ბლანტი საქართველოში: ქართული მილოცვა, რომანტიკული რითმები და აციმციმებული მოედანი
"გამარჟობა საქართველო, გილოსავთ დაბადების დღეს"- სტანდარტულად ნასწავლი ქართული ფრაზები, ტელეფონით აციმციმებული მოედანი და მსმენელთან ერთად შესრულებული სიმღერები - ეს ყველაფერი 26 მაისს, მიხეილ მესხის სტადიონზე ბრიტანელი პოპშემსრულებლის, ჯეიმს ბლანტის კონცერტზე მოხდა.
თბილისი მსოფლიოს იმ უამრავ ქალაქს შორის მოხვდა, რომლებშიც ჯეიმს ბლანტის კონცერტები Afterlove-ის ტურის ფარგლებში გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორი Black Pearl Live იყო.
ჯეიმს ბლანტს მასპინძლობა ადგილობრივმა ჯგუფებმა Loudspeakers-მა და Young Georgian Lolitaz-მა გაუწია. ბლანტის გამოსვლამდე ქართველ მაყურებელთან კიდევ ერთი მოწვეული სტუმარი, სამხრეთ აფრიკული როკ-ბენდი The Parlotones წარსდგა.
მიხეილ მესხის სტადიონზე კარი ხუთ საათზე გაიხსნა. მაყურებელის წინაშე 7-ის ნახევარზე Loudspeakers უნდა გამოსულიყო, თუმცა მესხის სტადიონზე მხოლოდ რამდენიმე მსმენელი დახვდა. მსგავსი სიტუაცია განმეორდა Young Geogrian Lolitaz-ის დროსაც.
ცხრის ნახევარზე მსმენელთან The Parlotones გამოვიდა. ამ დროისთვის, სტადიონზე ხალხის რაოდენობამ იმატა. წვიმის და სიცივის მიუხედავად ჯგუფის ენერგიულმა რიტმებმა მსმენელი გაახალისა.
წვიმიან ლაივებს, რომ ქართველი მსმენელს არ აშინებს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ძალიან მალე მესხის სტადიონს ფერადი საწვიმარები და ქოლგები მოეფინა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საქართველოს დროშის ფერებში გაფორმებულმა ქოლგამ. რომლის გამოჩენაც დამოუკიდებლობის დღეზე სიმბოლური აღმოჩნდა. ეს ქოლგა უცხოელ ტურისტებს ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, წვიმით დასველება მოუწიათ, რადგან ქოლგით პოზირება კონცერტის ბევრ მონაწილეს მოუნდა.
სტადიონზე ხალხის ყურადღება მიიქცია რეალის გულშემატკივარმა, რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფინალი ჯეიმს ბლანტის მოსასმენად გამოტოვა.
ათ საათზე მსმენელის წინაშე ჯეიმს ბლანტი წარსდგა. რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ მან სტადიონზე შეკრებილებს მიმართა. "გამარჟობა საქართველოს" მაყურებელი ოვაციებით შეხვდა და ისევ ენერგიულად აჰყვა ბლანტის რიტმებს.
ბლანტმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო დამოუკიდებლობის დღეზე ქართველ მსმენელთან წარდგომა.
"ამ სიმღერის დაწერა ტრამპმა შთამაგონა", - ბლანტის ამ სიტყვებს დინამოზე გაბრაზებული ხმაური მოჰყვა, რაზეც ბლანტმა მსმენელს თხოვა ეს ამერიკელებისთვის არ ეთქვათ, ვინაიდან მას ამერიკაში სურდა დაბრუნება. სიმღერას ფონად მისდევდა სირიაში დანგრეული შენობების და დაზარალებული ბავშვების კადრები, რამაც მაყურებელზე ემოციურად იმოქმედა.
ბლანტი საქართველოში ალბომით Afterlove ჩამოვიდა. როგორც მან მსმენელს აცნობა შეასრულა ნაცნობი და აქამდე უცნობი სიმღერებიც.
ქართველი მსმენელის აბსოლუტური უმრავლესობა ბლანტის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს You're Beautiful-ს და Goodbye My Lover-ს ელოდა და მიიღო კიდეც. როგორც მოსალოდნელი იყო ეს სიმღერები ბლანტს მარტო არ შეუსრულებია.
სიმღერის პარალელურად მოედანი ტელეფონის შუქით გაანათეს და მსმენელი ბლანტის რომანტიკულ ნოტებს აჰყვა.
ამის შემდეგ ბლანტმა საცეკვაო რიტმი განაახლა და მაყურებელთან ერთად ჩამუხლულმაც იმღერა.
"ნახვამდის, Happy Birthday Georgia, იმედია მალე შევხვდებით", - ბლანტმა კონცერტი ამ სიტყვებით დაასრულა, თუმცა მაყურებელმა ის სცენაზე მალევე დააბრუნა.
ბისზე გამოსულმა ჯეიმს ბლანტმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მაყურებელს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა. კონცერტის დასასრულს Ray Charles-ის Goergia ჩაირთო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის ეს სიმღერა საქართველოს არ ეძღვნება, დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე ამის მოსმენა მაყურებლისთვის მაინც სიმბოლური აღმოჩნდა.
მსმენელის სიმცირის, წვიმის და სიცივის მიუხედავად ჯეიმს ბლანტის კონცერტმა წარმატებულად ჩაიარა.
კომენტარები