იმისათვის, რომ გავერკვეთ ჩინეთის პოლიტიკის ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, ინტერნეტის ცენზურა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფორმები, კარგად უნდა გავეცნოთ ამ ქვეყნის წარსულს.

უნდა ითქვას, რომ ჩინელებს, სხვა დიდი სახელმწიფოების მოსახლეობასთან შედარებით, ბევრად კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი ქვეყნის ისტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვების მსგავსად, მათი ისტორიული მეხსიერებაც შერჩევითია, რადგან წარსულის ზოგიერთი მოვლენა, მაგალითად მაო ძედუნის „კულტურული რევოლუცია“ - ჩინეთში დღესაც კი რთულად განსახილველი საკითხია; ამი მიუხედავად, საოცარია, რომ ამ ქვეყნის აწმყოში, უაღრესად ხშირად ვაწყდებით წარსულის გამოძახილს.

საერთაშორისო ვაჭრობა

ჩინეთში კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც ქვეყანას თავისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს ვაჭრობის წარმოება. ჩინეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, დასავლეთის ქვეყნების მცდელობას - დაითანხმონ პეკინი თავისი ბაზრების გახსნაზე - ამ სავალალო წარსულის მოგონებად განიხილავს.

დღეს, აშშ, ჩინეთს ადანაშაულებს, რომ ეს უკანასკნელი ინტენსიურად ამარაგებს ამერიკას საკუთარი საქონლით, მაგრამ, ამავდროულად, თავის ბაზრებზე გზას უკეტავს ამერიკულ კომპანიებს. თუმცა, სავაჭრო ბალანსი ყოველთვის არ იყო ჩინეთის სასარგებლოდ: პეკინში კარგად ახსოვთ პერიოდი, როდესაც ჩინეთი თითქმის სრულებით ვერ აკონტროლებდა საკუთარ ვაჭრობას.

1839 წლიდან, ე.წ. ოპიუმის ომების დასაწყისიდან, დიდი ბრიტანეთი რამდენჯერმე დაესხა თავს ჩინეთს. ამის შემდეგ, ლონდონმა, დააფუძნა საიმპერატორო საზღვაო საბაჟო სამსახური, რომელიც ადგენდა ტარიფებს და იღებდა საბაჟო გადასახადს ჩინეთში იმპორტირებულ საქონელზე. ფორმალურად, ეს ორგანიზაცია, ჩინეთის მთავრობის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, თუმცა, სინამდვილეში, ის ბრიტანულ ინსტიტუციას წარმოადგენდა, რომლის ხელმძღვანელადაც, არა ადგილობრივი ჩინელი მოხელე, არამედ ძირძველი ბრიტანელი, ქ. პორტადაუნის მკვიდრი, რობერტ ჰარტი დაინიშნა; ამგვარად, ბრიტანელები მთელი ასწლეულის მანძილზე განაგებდნენ ჩინეთის საბაჟო სამსახურს.

სერ რობერტ ჰარტი, 1836-1911 წლებში, ჩინეთის საიმპერატორო საზღვაო საბაჟო სამსახურის გენერალური ინსპექტორი იყო.

ჰარტი პატიოსანი ადამიანი გამოდგა და ჩინეთის საბაჟო სამსახურის გენერალური ინსპექტორის პოსტზე ყოფნის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზარდა პეკინის სახაზინო შემოსავლები. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩინეთში ამ ისტორიული პერიოდის შესახებ მხოლოდ ცუდი მოგონებები შემორჩა.

XV ს. დასაწყისში, მინის იმპერიის ეპოქაში კი, ყველაფერი სხვაგვარად იყო: იმ დროს, ადმირალი ჯენ ხე, შვიდჯერ ედგა სათავეში უზარმაზარ ფლოტილიებს, რომლებიც მიემართებოდნენ ცენტრალურ აზიაში, ცეილონსა და აღმოსავლეთ აზიის სანაპიროზეც კი, რათა მოეხდინათ ჩინეთის ძლევამოსილების დემონსტრირება და ამავე დროს აეწყოთ და განევითარებინათ სავაჭრო კავშირ-ურთიერთობები.

მალაიზიის ქალაქ პენანგში არსებული ამ კედლის მხატვრობის მსგავსად, ჯენ ხეს მოგზაურობები, მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაშია აღბეჭდილი.

ფოტო: Corbis

ადმირალის ლაშქრობებს მეტად შთამბეჭდავად აღიქვამდნენ უცხო ქვეყნებში: იმ დროს, მხოლოდ ერთეულ სახელმწიფოებს გააჩნდათ ისეთი მრავალრიცხოვანი ფლოტი, რომელსაც ოკეანის გადალახვა შეეძლო. მსგავსი ფლოტის არსებობა კი, სამხედრო ძლიერების გარდა, ჩინეთის ვაჭრობაზეც დადებითად გავლენას ახდენდა: ჯენ ხემ, მოგზაურობებიდან ჩინეთში უამრავი უცხო ნივთი და აქამდე უცნობი ცხოველები - მათ შორის ჟირაფი ჩამოიყვანა. საჭიროების შემთხვევაში კი ადმირალს ძალის გამოყენებაც შეეძლო და იყენებდა კიდეც - მაგალითად, დაარბია და გაანადგურა ცეილონის მმართველი. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჯენ ხეს საზღვაო ექსპედიციები, ჩინეთის ისტორიაში, იმ იშვიათ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, რომლიც სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული; მომდევნო საუკუნეებში ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი არაოფიციალური გზებით ხორციელდებოდა.

პრობლემები მეზობლებთან

ჩინეთი ყოველთვის ცდილობდა, საკუთარ საზღვრებთან სიახლოვეს მდებარე ქვეყნები ერთმანეთთან დაეზავებინა; სწორედ ამიტომაც არის, რომ იგი დიდი სიფრთხილით აკვირდება ესოდენ არაპროგნოზირებად ჩრდილოეთ კორეას.

თუმცა, ისტორია მოწმობს, რომ ჩინეთს ბევრად უარესი მეზობლებიც ჰყოლია, ვიდრე კიმ ჩენ ინია, რომელიც სულ ახლახანს მოულოდნელად ეწვია პეკინს.

1127 წელს, სუნის იმპერიის ხანაში, ქალაქ კაიფინში მცხოვრები ქალი, სახელად ლი ცინჩჟაო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საკუთარი სახლიდან, რადგან ქალაქს დამპყრობლები უახლოვდებოდნენ. მისი ისტორია იმიტომ შემოგვრჩა, რომ ცინჩჟაო ცნობილი მხატვარი და პოეტი იყო, რომლის ლექსები ამჟამადაც პოპულარობით სარგებლობს. იმ დროს კი, ჩინეთში ჩურჩჟენები, მანჯურიაში მოსახლე ტომები შეიჭრნენ, რომლებთანაც ჩინეთის იმპერატორი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა არცთუ მყარი, მაგრამ მაინც სამშვიდობო კავშირ-ურთიერთობის შენარჩუნებას. ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ადგილობრივი ელიტა გაქცევით ცდილობდა თავის გადარჩენას. ლი ცინჟაოს სურათებისა და სხვა ნაწარმოებთა კოლექცია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოიფანტა. ამგვარად, სუნის იმპერიის მწარე ხვედრმა დაადსტურა, რომ მეზობლების დაშოშმინებისა და დაზავების პოლიტიკა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ჯურჯენებმა დააფუძნეს ცინის იმპერია და ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს განაგებდნენ. სუნის იმპერია კი, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განაგრძობდა არსებობას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ორივე ეს იმპერია ახალი დამპყრობლების, მონღოლების შემოსევის შედეგად დაეცა.

13-ე საუკუნეში, ჩინგიზ ხანის მიერ დაარსებული მონღოლეთს იმპერია ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩინეთის პრობლემადაც იქცა

საზღვრების ცვლილებები მოწმობენ, რომ დროის კვალდაკვალ, საკუთრივ სიტყვა „ჩინეთის“ განსაზღვრებაც იცლებოდა; ჩინური კულტურა მჭიდრო კავშირში აღიქმება ენასთან, ისტორიასთან და მსოფლმხედველობრივ სისტემებთან - მაგალითად კონფუციანელობასთან.

თუმცა, სხვადასხვა ეპოქაში, დამპყრობლები, მაგალითად მანჯურიელები ან მონღოლები, რომლებიც ჩინეთის დაპყრობის შემდეგ საკუთარი დინასტიების შექმნას ახერხებდნენ, ქვეყნის მართვას კვლავ იგივე პრინციპებითა და ქცევის ნორმების დაცვით განაგრძობდნენ, როგორც ეს ჩინელებისათვის იყო მიღებული.

აღსანიშნავია, რომ მეზობელი დამპყრობლები ყოველთვის ხანგრძლივი დროით არ რჩებოდნენ ჩინეთში, თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში იღებდნენ და ითავისებდნენ ჩინურ ღირებულებებს და პრაქტიკაშიც მათი გამოყენების მხრივ ეთნიკურ ჩინელებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.

ინფორმაციის ნაკადი

ჩინეთში, თანამედროვე ინტერნეტ ცენზურა დელიკატურ პოლიტიკურ თემებს ბლოკავს. მათ კი, ვინც ხელისუფლებისთვის მიუღებელ ან უხერხულ პოლიტიკურ შეხედულებებს გაახმოვანებენ, როგოც მინიმუმ - პატიმრობა, ან კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი ემუქრებათ.

ხელისუფლებაზე სიმართლის თქმა ჩინეთში ყოველთვის პრობლემა იყო. ბევრი ჩინელი ისტორიკოსი აღიარებს, რომ ისინი იძულებულნი არიან წერონ ის, რაც ხელისუფლების სათავეში მყოფთ ესიამოვნებათ და არ ის, რაც რეალობაა და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

სიმა ციანმა - ჩინეთის ისტორიის შესახებ ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომის ავტორმა კი, განსხვავებული გზა აირჩია; იგი ძვ. წ. აღ. I საუკუნის მოღვაწე იყო და გაბედა იმ მხედართმთავრის დაცვა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბრძოლა წააგო. ამის გამო, მას ბრალად იმპერატორის შეურაცხყოფა დასდეს და დასაჭურისება მიუსაჯეს. თუმცა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა სიცოცხლეს განგრძობს: ჩინელი ისტორიკოსები დღემდე სამაგალითოდ მიიჩნევენ სიმა ციანს, როგორც პიროვნებასა და პროფესიონალს. მისი ნაშრომი „ისტორიული ჩანაწერები“ („ში ცზი“) სხვადასხვა წყაროებს ემყარება და ისტორიულ მონაცემთა საგულდაგულო ანალიზს შეიცავს ; ამასთანავე, მან პირველმა გამოიყენა „ზეპირი ისტორიის“ მეთოდი, რაც წარსულის მოვლენათა თვითმხილველების გამოკითხვას გულისხმობდა, რათა ამა თუ იმ მოვლენის ობიექტური შეფასება მომხდარიყო.

სიმა ციანის ნაშრომებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა.

ფოტო: Public domain

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ისტორიის შესწავლისადმი რევოლუციური მიდგომა, რომელიც ამავდროულად მომავალი თაობებისათვის ერთგვარ გაკვეთილადაც იქცა: თუკი მზად იქნებოდნენ რისკის ქვეშ დაეყენებინათ საკუთარი უსაფრთხოება, მაშინ შეძლებდნენ აღწეროთ ისტორიული მოვლენების ობიექტურად აღწერას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითცენზურისთვის უნდა მიემართათ.

აღმსარებლობის თავისუფლება

ჩინეთის ახლანდელი ხელისუფლება გაცილებით უფრო ტოლერანტულია რელიგიისადმი (გარკვეულ დონემდე), ვიდრე ეს მაოს კულტურული რევოლუციის დროს იყო; მაგრამ, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ისინი მაინც ეჭვის თვალით უყურებენ ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც თეორიულად შესაძლოა კონტროლს არ დაექვემდებაროს, რაც ხელისუფლების მიმართ გამოწვევის ტოლფასი იქნება.

საარქივო მასალების მონაცემებით, ჩინეთში, რელიგიის მიმართ შედარებით მშვიდობიანი დამოკიდებულების ფესვებს შორეულ წარსულში მივყავართ: VII საუკუნეში, ტანის ეპოქაში იმპერატორმა ქალმა - ვუ ზეტიანმა, ბუდიზმი აღიარა. როგორც ჩანს მას არ მოსწონდა კონფუცის მოძღვრებაში არსებული შეზღუდვები.

მინის დინასტიის მმართველობის დროს, იმპერატორის სასახლეში, იეზუიტი მატეო რიჩი გამოცხადდა, რომელიც დიდი პატივით მიიღეს. თუმცა, სავარაუდოდ, ჩინელებს უფრო მეტად აინტერესებდათ დასავლური მეცნიერების მიღწევები და არა იეზუიტის გაუბედავი და უშედეგო მცდელობები ადგილობრივთა გასაქრისტიანებლად. გარდა ამისა, ხელისუფალთა მოსაზრებით, ეს რელიგია (ქრისტიანობა), შესაძლოა, რაიმე საფრთხესაც წარმოადგენდა.

XIX საუკუნის ბოლოს, თითქმის მთელი ჩინეთი მოიცვა აჯანყებამ ჰუნ სიუ-ჩუანის მეთაურობით, რომელიც აცხადებდა, რომ ქრისტეს უმცროსი ძმა იყო. მის მიერ ორგანიზებული ე.წ. ტაიპინელთა აჯანყება მიზნად ჩინეთში „ზეციური სამეფოს“ დამკვიდრებას ისახავდა, თუმცა, ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამოქალაქო ომი აღმოჩნდა; ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, ამ აჯანყებას 20 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.

თავდაპირველად სამთავრობო ჯარები აჯანყების ჩახშობას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც არმიის რეფორმირებას წამოწყეს და მხოლოდ ამის შემდეგ, 1864 წლისათვის მოახერხეს ტაიპინელთა აჯანყების უსასტიკესი მეთოდებით ჩახშობა.

ტაიპინელთა აჯანყება, საბოლოოდ, ბრიტანელებისა და ფრანგების დახმარებით ჩაახშვეს

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1900 წელს, ქრისტიანობა კვლავ აღმოჩნდა მორიგი აჯანყების ცენტრში. ე. წ. „მოკრივეთა აჯანყებამ“ ჩინეთის ჩრდილოეთში, სასოფლო რაიონებში იფეთქა; „მოკრივეები“ ხოცავდნენ ქრისტიან მისიონერებსა და ქრისტიანად მონათლულ ადგილობრივ ჩინელებს, რომლებმაც, მათი აზრით, სამშობლოს უღალატეს. საწყის ეტაპზე აჯანყებას მხარს საიმპერატორო სასახლეც უჭერდა, რის შედეგადაც დახოცილ იქნა ჩინელ გლეხთა დიდი ნაწილი. გარკვეული დროის შემდეგ ეს აჯანყებაც ჩაახშვეს.

XX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ჩინეთის ხელისუფლება ხან მშვიდად არის განწყობილი რელიგიის მიმართ, ხან კი შიშობს, რომ იგი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს და შესაბამისად რეაგირებს.

ტექნოლოგია

ჩინეთს, დიდი სურვილი აქვს გადაიქცეს უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრად. ქვეყანამ ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდი თითქმის საუკუნის წინ გაიარა; აღსანიშნავია, რომ მაშინაც და ახლაც, ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ქალები ასრულებენ.

დღეისათვის, ჩინეთი უკვე მსოფლიო ლიდერია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში, ასევე ხმების ამოცნობის სისტემებისა და დიდ მონაცემთა ანალიზის დარგში.

მთელ მსოფლიოში, ძალიან ბევრი სმარტფონი ჩინური ჩიპებს მეშვეობით არის შექმნილი, მათ დამამზადებელ ფაბრიკებში კი ძირითადად დასაქმებულნი არიან ახალგაზრდა ქალები; ხშირად მათ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ ბევრი მათგანისათვის ეს არის ერთადერთი საშუალება შრომის ბაზარზე გასასვლელად.

იგივე მდგომარეობა იყო 100 წლის წინათაც იმ ფაბრიკებში, რომლებიც შანხაისა და მდ. იანძის დელტაში იქნა აგებული. იმ დროს, ფაბრიკებში, საფეიქრო ნაწარმს აბრეშუმისა და ბამბის მასალისაგან ამზადებდნენ, რაც ძალზე მძიმე და დამღლელი სამუშაო იყო. შრომის პრიმიტიული დონის პირობებში მაღალი იყო ფილტვების დაავადების და დასახიჩრების რისკიც.

მაგრამ, იქ მომუშავე ქალები მაინც კმაყოფილები იყვნენ, რადგან მიეცათ მართალია მცირე, მაგრამ მაინც საკუთარი ფულის გამომუშავების საშუალება, რაც დასვენების იშვიათ დღეებში საყიდლებზე ან თეატრში წასვლის საშუალებას აძლევდათ. იმ დროს შანხაი თანამედროვეობის სანიმუშო მაგალითად ითვლებოდა.

რას იტყვიან ისტორიკოსები მომავალში?

ჩვენს თვალწინ კვლავ ხდება ჩინეთის გარდაქმნა: მომავლის ისტორიკოსები უსთუოდ აღნიშნავენ, რომ ქვეყანა, რომელიც 1978 წელს ღარიბი და კარჩაკეტილი იყო, სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკაში მეორე ადგილი დაიკავა.

ისინი ასევე აუცილებლად აღნიშნავენ იმასაც, რომ ჩინეთი, მთავარ როლს ასრულებდა მთელ მსოფლიოში აზვირთებულ დემოკრატიზაციის ტალღასთან ბრძოლაშიც.

შესაძლებელია, რომ მომავალ ისტორიკოსებს თანამედროვე ჩინეთის განვითარების სხვა ასპექტებიც დააინტერესებთ - შობადობის შეზღუდვის პოლიტიკიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მოქალაქეებზე დაწესებული თვალთვალის სისტემების განვითარების ჩათვლით. ანდა, ისინი ყურადრებას გაამახვილებენ იმაზე, რაც დღეს ჩვენთვის არ წარმოადგენს თვალსაჩინოებას - გარემოს დაცვიდან კოსმონავტიკის ჩათვლით.

მაგრამ, ერთი რამ უკვე ნათელია: ჩინეთი XXII საუკუნეშიც საოცრად საინტერესო ქვეყანა იქნება - მათთვისაც, ვინც იქ ცხოვრობს და მათთვისაც - ვინც მასთან დაიჭერს საქმეს.

ხოლო ამ ქვეყნის უმდიდრესი ისტორია კვლავინდებურად მოახდენს გავლენას მის შემდგომ განვითარებაზე.