გიფიქრიათ თუ როგორ იცვლება ადამიანების ყოველდღიური კვების რაციონი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შედეგად? ეს ფოტო-ისტორია ასახავს იმ კერძებს, რომელიც პოპულარული იყო 90-იანი წლების საქართველოში. იმდროინდელმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ყოველდღიურ კვებაზე. უშუქობა, ბუნებრივი გაზის არარსებობა, პროდუქტების სიმწირე და სხვა გარემო პირობები ცვლიდა ზოგიერთი კერძის მომზადების წესს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაწყებულმა ისეთმა მოვლენებმა როგორებიცაა გადატრიალებები, ომები, ეკონომიკური სიდუხჭირე, გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე. ასევე შეიცვალა კვების რაციონი პროდუქტების დეფიციტის და ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდების პირობებში პოპულარული გახდა ისეთი კერძები, რის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდებოდა. ასევე საგულისხმო ფაქტორია უცხოეთში ქალთა შრომითი მიგრაცია. სახლში დარჩენილ მამაკაცებს უწევდათ ისეთი საჭმლის მომზადება, რომელსაც არ სჭირდებოდა ბევრი ინგრედიენტი და მოსამზადებლად დიდი დრო. შესაბამისად ზოგიერთი კერძის შემადგენლობა შეიცვალა.

სიგუას ნამცხვარი, შემწვარი კიტრი კორეულად (მამაჩემის რეცეპტით), გოგლი-მოგლი, ზარმაცი ქალის ხაჭაპურები - ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს აღარავინ ამზადებს და რომელიც „ტკბილი 90-იანების“ მოგონებებთან ერთად ქრება.

იხილეთ რეცეპტები და შეუდექით საჭმლის მზადებას სანამ „კასანდრა“ დაიწყება.

"კასანდრა" პოპულარული, ვენესუელური საპნის ოპერა იყო, რომელსაც დიასახლისები მოუთმენლად ელოდნენ.

1. პურის ხარჩო:

პურის ხარჩო

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • 2 ც. გამხმარი სახლში გამომცხვარი პური
  • 2 ც. კვერცხი (სასურველია ქათმის)
  • 1 სუფრის კოვზი ერბო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • ცოტა მწვანე ქინძი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

წვრილად დავჭრათ ხახვი და შევწვათ ერბოში. შემდეგ დავამატოთ წყალი და დაჭრილი ქინძი. როდესაც დუღილს დაიწყებს, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი და მარილი. შემდეგ, ჯამში ჩაყრილ, გამხმარ პურის ნაჭრებს დავასხათ მდუღარე ნახარში.

შენიშვნა:

სასურველია რომ საჭმლის მომზადებამდე ხახვი და ქინძი დაჭრილი გვქონდეს, რადგან დენი/გაზი შეიძლება ნებისმიერ დროს გაითიშოს და უსადილოდ დავრჩეთ.

2. შემწვარი კიტრი კორეულად

კიტრი კორეულად კიტრი კორეულად

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • 1 კგ. მწვანე კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 250 გრ. ბრინჯი
  • მზესუმზირის ზეთი
  • სოიოს სოუსი (თუ ბობოლა ოჯახს მიეკუთვნებით)
  • მარილი
  • წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ბრინჯი, ისე რომ არ დაკაროს თვითმყოფადობა. კიტრი გავრეცხოთ, მოვაჭრათ გაყვითლებული ადგილები და გავთალოთ სქლად. რბილობი შეგვიძლია შევინახოთ და შემდეგ სხვა საჭმელში გამოვიყენოთ. შემდეგ კიტრის კანები დავჭრათ წვრილად და ჩავშუშოთ ტაფაზე. როდესაც კიტრის ნაჭრები დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ერთად მოიშუშოს. შემდეგ გავაგრილოთ და შევურიოთ მოხარშულ ბრინჯს და დავამატოთ სოიოს სოუსი, მარილი და წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

შენიშვნა:

სინამდვილეში ეს კერძი გარნირია, რომელიც შეგიძლიათ ხორცთან ან თევზთან ერთად მიირთვათ. თუმცა 90-იანებში ხორცი ისეთივე ძვირი იყო, როგორც გამდიდრებული ურანი.

3. "ზარმაცი ქალის ხაჭაპურები" (ხაჭოს ოლადები)

ზარმაცი ქალის ხაჭაპურები ზარმაცი ქალის ხაჭაპურები

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • 400 გრ. ხაჭო
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ზეთი (ჰუმანიტარული დახმარების)
  • მარილი

მომზადების წესი:

ხაჭო და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ კვერცხი და ცოტა სოდა. შემდგომ გავაცხელოთ ტაფა და პატარა ოვალური ფორმის ნაჭრები შევწვათ ზეთში. არაჟანიც მოუხდებოდა რომ იყოს.

შენიშვნა:

კერძის სახელის წარმოშობა უცნობია. ერთერთი ვერსიაა, რომ საჭმელი სწრაფად მზადდება და, ჩვეულებრივი ხაჭაპურისგან განსხვავებით, არ სჭირდება ცომის მომზადებაზე დროის დახარჯვა.

4. გოგლი-მოგლი

გოგლი-მოგლი გოგლი-მოგლი

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • 2ც. კვერცხი
  • შაქარი
  • კაკაო
  • ცოტა კარაქი

მომზადების წესი:

"ჩაშკაში" სუფრის კოვზით ავთქვიფოთ ორი კვერცხის გული და ნელ ნელა დავუმატოთ შაქარი. როდესაც ხელი დაგვეღლება შეგვიძლია სხვას ვთხოვოთ გააგრძელოს თქვეფა. პროცესში შეგვიძლია დავამატოთ ცოტა კარაქი და კაკაოს ფხვნილი, თუკი, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება სამზარეულოში. გოგლი-მოგლი შეგვიძლია წავისვათ პურზე და ისე მივირთვათ.

შენიშვნა:

ეს არაა 90-იან წლებში შექმნილი რეცეპტი, თუმცა ინგრედიენტების სიმცირის გამო იმ პერიოდში მეტად პოპულარული იყო.

5. ტყუილი ხაჭაპური

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • პური
  • წაკა/წათხი (წყალი რომელშიც ყველი იდო)

მომზადების წესი:

გამხმარ პურს ვასველებთ მარილიან წყალში და ვწვავთ ტაფაზე ზეთში ან ღუმელში ჟარონაზე.

შენიშვნა:

ყველი 90-იანებში ძნელი საშოვნელი იყო, თუმცა წათხის მეშვეობით პურს ყველის გემო ეძლეოდა. ამ ცრუ ხაჭაპურის გასინჯვისას შეგეძლო წარმოგედგინა, რომ ყველის დაგემოვნების ფუფუნება გაქვს.

6. ნამცხვარი „სიგუა“ (დიანა ანფიმიადის რეცეპტით)

delete

ფოტო 1: Chai-khana / ფოტო 2: Chai-khana

მასალა:

  • 5 ვაშლი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • ერთი ჭიქა ფქვილი
  • სოდა
  • ძმარი

მომზადების წესი:

გავხეხოთ ვაშლი დავამატოთ შაქარი, ფქვილი და ავურიოთ. შემდეგ დავასხათ სოდა ძმრით. მიღებული ცომი გამოვაცხოთ ტაფაზე ან ღუმელში.

შენიშვნა:

ეს ნამცხვრის კარგი ალტერნატივა იყო, რადგან ძალიან ცოტა და იოლად საშოვნი ინგრედიენტებით კეთდებოდა. ნამცხვარს სახელი ხუმრობით დაერქვა ქართველი პოლიტიკოსის, თენგიზ სიგუას გამო, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. “სიგუას ნამცხვარი” მისი მმართველობის პერიოდში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და პროდუქტების სიმცირის გაშარჟება იყო.