Mastercard-ის კვლევის მიხედვით, ქართველების 83% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა
საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა ღიაა ინოვაციებისთვის და ყველა ტექნოლოგიურ სიკეთეს ხეირიანად იყენებს. მათ შორის არის საბანკო სექტორის მიერ დანერგილი სიახლეები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ფინანსური მომსახურებები უფრო მარტივად მიიღოს. ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული ინოვაციების ერთ-ერთი წამყვანი ძალა გლობალური კომპანიის, Mastercard-ის აქტიურობაა, რომელიც მუდმივად ცდილობს ქვეყანაში უახლესი პროდუქტების შემოტანასა და ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებას.
კომპანია Mastercard-მა საქართველოში ოფისი გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მრავალი წელია ქართულ ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობს, აქამდე მას საქართველოში ოფისი არ ჰქონია. Mastercard-მა თბილისში დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბაზარი უდიდესი შემართებით ითვისებს კომპანიის მიერ დანერგილ სიახლეებს.
„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა ბიზნესისთვის. აქაურ ბანკებთან ერთად განხორციელებული სიახლეები ადასტურებს, რომ ქართველებს დიდი ინტერესი და მზაობა აქვთ ინოვაციებთან მიმართებით. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა, საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის ყოლა და ოფისის გახსნა“ - ამბობს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
გარდა ამისა, Mastercard-მა გადაწყვიტა ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების შესახებ საქართველოს მოსახლოების აზრი გამოეკვლია.
კვლევა - ცხოვრების გაციფრულება
კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, იგორ სტეპანოვმა გააცნო. Mastercard-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ციფრული საბანკო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. კვლევას, რომელიც კომპანიამ ჩაატარა, Digitalization of Life ერქვა. კვლევის მიზანი იყო გაერკვია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოსახლეობას ციფრულ ტექნოლოგიებთან და სერვისებთან.
კვლევაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეული 1000 ადამიანი იღებდა. კვლევის მეთოდოლოგიად არჩეული იყო CATI - სატელეფონო გამოკითხვის კომპიუტერული სისტემა.
კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო სერვისების გაციფრულებას გამოკითხულთა 83% ემხრობა. რესპოდენტთა 76% კი აღნიშნავს, რომ ციფრული სერვისების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე ფლობს. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები ციფრულ სერვისებს დროის ეკონომიისა და სისწრაფის გამო ანიჭებენ უპირატესობას. ციფრული სერვისების პოპულარობის მეორე მიზეზი მათი გამოყენების სიმარტივეა, ხოლო მესამე ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა.
გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უპირატესობას უკანტაქტო ბარათის გამოყენებას ანიჭებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. ციფრულ სერვისებს ყველაზე ხშირად ადამიანები გადასახადების გადასახდელად, ფულადი გზავნილებისთვისა და ონლაინ-შოპინგისთვის იყენებენ.
კვლევაში მონაწილეთა 74% ციფრული ანგარიშსწორებისთვის ყველაზე სასურველ მოწყობილობად სმარტფონს ასახელებს. 44% უპირატესობას ანიჭებს ანგარისშსწორების დადასტურებას თითის ანაბეჭდების მეშვეობით.
აღნიშნულმა კვლევამ ასევე გამოავლინა, თუ რა დამატებითი სერვისების მიღებას ისურვებდნენ გამოკითხულები ბანკებისგან. ჩამოთვლილთა შორის არის სპეციალური შეთავაზებები (54%), სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობის შესაძლებლობა (48%) და ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები (48%).
ამასთან ერთად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტად შეეძლებოდათ ბარათის გამოყენება ტაქსებში, ონლაინ-შოპინგის დროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. რესპონდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ციფრული ინოვაციების დანერგვას ყველაზე მეტად ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროები საჭიროებს.
სამომავლო გეგმები
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ციფრული სერვისების დანერგვას დიდი მომავალი აქვს. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ, Mastercard კიდევ უფრო მეტად აპირებს გააქტიურებას. 2018 წელს კომპანიას დიდი გეგმები აქვს საქართველოში. Mastercard ადგილობრივ ბანკებთან ერთად არსებული სერვისის გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას აპირებს.
„ვაპირებთ საქართველოში არსებულ სხვადასხვა ბანკთან ერთად სამოტივაციო კამპანიების დაგეგმვას, რათა მომხმარებლებს უფრო ვრცლად და ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ ბანკებში შემოტანილი პროდუქტების შესახებ. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მობილური აპლიკაციების დახვეწასა და იდენტიფიკაციის მეთოდების გაუმჯობესებას, რათა დროთა განმავლობაში ჩავანაცვლოთ ტრადიციული, პინკოდით გადახდის სისტემები,“ - ამბობს იური ბატხინი, Mastercard-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
იური ბატხინის თქმით, კომპანია სერვისების უსაფრთხოების მიმართულებითაც გეგმავს მუშაობას, რათა კლიენტებს შესთავაზონ ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო გადახდის ახალი მეთოდები.
„Mastercard-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად გახსნილია
საქართველო ინოვაციებისთვის. უკონტაქტო ბარათი ქვეყანაში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ, და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას - სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით ან პლანშეტით ანგარიშსწორების დროს შესაძლებელს გახდის უსაფრთხო გადახდებს თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობისა და სელფის მეშვეობით“, - აღნიშნა იგორ სტეპანოვმა.
Mastercard-ს საქართველოში დიდი გეგმები აქვს და ქართველი მომხმარებელი ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს. კომპანიის ინოვაციურობაზე ისიც მეტყველებს, რომ Mastercard მსოფლიოში უსწრაფეს საგადახდო ქსელს მართავს, რომელიც 210-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მომხმარებლებს, საფინანსო დაწესებულებებს, სავაჭრო საწარმოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. Masterсard-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების წყალობით, ისეთი ყოველდღიური კომერციული საქმიანობა, როგორიცაა შენაძენები, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა, ყველასთვის უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ხდება.
კომენტარები