ნასას ქალმა ასტრონავტმა, ჰაიდი ფაიფერმა თავის გამოცდილებაზე თბილისში, ტექნოპარკში ისაუბრა.

ჰაიდი ფაიფერი მინესოტაში დაიბადა და გაიზარდა, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მანქანათმშენებლობაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მიიღო. ჰაიდი საზღვაო ძალებს 1985 წელს შეუერთდა და ძირითადად მუშაობდა ღრმა ზღვაში ყვინთვაზე, ზღვაში ქონების გადარჩენასა და წყალქვეშა შეკეთებაზე.

შეხვედრაზე დამსწრეებმა კითხვები დაუსვეს. მათ შორის იყო ის, თუ როგორ გახდა ის ასტრონავტი. მან განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარდა მათემატიკა სკოლაში. ასევე, ბავშვობიდან გატაცებული იყო ფრენით. თუმცა, როგორც კი გაარკვია, რომ ასტრონავტობისთვის არ არის აუცილებელი პილოტობა, კოლეჯში მისვლისას მექანიკური ინჟინრობა აირჩია. „მექანიკური ინჟინერია საკმაოდ ტექნიკური საქმეა“ - თქვა მან.

მან ნასა სწორედ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით დაარწმუნა, რომ ის ნამდვილად უნდა ყოფილიყო ასტრონავტი. ნასამაც არ დააყოვნა და 2006 წელს კოსმოსური შატლით, „ატლანტიდით“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს პირველად ესტუმრა. 2 წლის შემდეგ კი, 2008 წელს, „ენდევორით“ მეორეჯერ ესტუმრა დედამიწის თავზე მცხოვრებ ასტრონავტებს.

ჰაიდის დედამიწის ორბიტაზე ჯამში 27 დღე აქვს გატარებული, 5-ჯერ კი ღია კოსმოსში გავიდა, რაც ჯამურად 33 საათია.

როგორც თვითონ აღნიშნა, თავიდან მისი მშობლები ცოტა გაკვირვებით შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას, რომ კოსმოსში წასულიყო. „როგორც ყველა დედას, ისე შეეშინდა დედაჩემსაც“. - ამბობს ჰაიდი.

ჰაიდი ფაიფერი შეხვედრებს განაგრძობს. ხვალ, 3 დეკემბერს, 14:00-ზე ფილ Beautiful Planet-ის ჩვენება ისთ-ფოინთის IMAX-ში გაიმართება. შემდეგ კი ჰაიდი ფაბრიკაში ამჟამად მიმდინარე ჰაკათონს მოინახულებს 18:00-ზე.

ორშაბათს კი საავიაციო უნივერსიტეტს და თბილისის ახალგაზრდობის პალატას ესტუმრება და საჯარო ლექციას ჩაატარებს.