თითქმის 2 მილიონი წლის არქაული ადამიანები აფრიკის კონტინენტს პირველად გასცდნენ, მაგრამ ვინ გადადგა ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, დაზუსტებით ჯერაც არ ვიცით. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, აღნიშნული სახეობა ჰომო ერექტუსი (წელში გამართული ადამიანი) ყოფილიყო, რასაც ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს. ავტორთა ნაშრომი bioRxiv-ზეა გამოქვეყნებული და ჯერ რეფერირება არ გაუვლია, თუმცა მასში საინტერესო ჰიპოთეზაა წარმოდგენილი.

აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანების ყველაზე ადრეულ ნაშთებს საქართველოში, კერძოდ კი დმანისში, მიაგნეს. დღემდე ორადაა გაყოფილი აზრი იმის შესახებ, თუ რომელ სახეობას ეკუთვნის 1991 წელს აღმოჩენილი ჩონჩხის ფრაგმენტები. 1.8-1.85 მილიონი წელით დათარიღებული ყბის ძვალი ადრეულ ჰომო ერექტუსს მიაკუთვნეს, მაგრამ დამატებითმა კვლევებმა კითხვები გააჩინა.

დმანისში სულ ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი, რომელთაგანაც ყბები ოთხს აქვს შემორჩენილი. მათ ჰომო გეორგიკუსის სახელი უწოდეს, ანუ "ქართველი ადამიანი". ერთი ჰიპოთეზის თანახმად, საქმე ადრეულ ჰომო ერექტუსებთან გვაქვს, მეორეს მიხედვით კი — ჰომო ერგასტერთან. სადავოა, რამდენადაა ეს უკანასკნელი ცალკეული სახეობა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ის ერექტუსის პოპულაციაში შედიოდა.

მეტის გასაგებად სპეციალისტებმა დმანისში ნაპოვნი ნიმუშების ფილოგენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, ანუ ჰომოს გვარის გენეალოგიურ ხეზე მათი ადგილის მოძებნა სცადეს. შედეგებმა აჩვენა, რომ დმანისელი ჰომინინები არც ჰომო ერექტუსის მონათესავე ტაქსონს ქმნიან და არც ჰომო ერგასტერისას. გამოდის, რომ ისინი მათთან უნიკალურ საერთო წინაპარს არ იზიარებდნენ.

ფოტო: Don's Maps

აქედან გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ დმანისელი ჰომინინები, სავარაუდოდ, ორ სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ. ერთ-ერთს კვლევის ავტორები ჰომო გეორგიკუსად მოიხსენიებენ და ცალკეულ თავის ქალას უკავშირებენ, დანარჩენ ოთხ ნიმუშს კი ისინი სახელის არმქონე სახეობას მიაკუთვნებენ.

ეს სხვაობა პირველი თავის ქალის მახასიათებლებითაა განპირობებული. ის მამრი ინდივიდისაა და დანარჩენ თავის ქალებთან (როგორც მამრების, ისე მდედრების) შედარებით 30-33%-ით ნაკლები მოცულობისაა. მსგავსი რამ ადამიანის ევოლუციის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ამიტომ ასეთი განსხვავება ახსნას საჭიროებს. ნაშრომის ავტორების აზრით, ყველაზე ლოგიკური ახსნა სწორედ ორი სახეობის არსებობაა.

მათი გამოთვლებით, ერთ-ერთი სახეობა, ჰომო გეორგიკუსი, დმანისში დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. დანარჩენი ოთხი იქ 1.77-1.07 მილიონი წლის წინ უნდა მოხვედრილიყო. თუკი მეცნიერთა ეს დასკვნა მართალია და დმანისელი ჰომინინები ჰომო ერექტუსთან დაკავშირებულნი არ არიან, მაშინ გაურკვეველია, რომელმა სახეობამ დატოვა პირველად აფრიკა.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ეს მოსაზრება ჰიპოთეზის დონეზე რჩება, მაგრამ მსჯელობისთვის ახალ სივრცეს აჩენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.