საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ქალები ქმედებებზე საუბრობენ, რომლებსაც სისტემატური ხასიათი აქვს და მიზნად ადამიანის ღირსების შელახვას ისახავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართული კანონები და პოლიციის მუშაობის მეთოდები მომიტინგეების მიმართ მკვეთრად გამკაცრდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებიც ადრე ჯარიმებს ან გაფრთხილებებს ითვალისწინებდა — გზის გადაკეტვა, პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობა ან თუნდაც გარკვეული ნივთების ფლობით "პოლიციის საქმიანობის ხელის შეშლა" — ახლა 15-დღიან პატიმრობას ან მინიმუმ 48-საათიან წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.

ევროპის საბჭოს დაკავების სპეციალური დაწესებულების შესახებ სტანდარტების თანახმად, ღამით დაკავებულ ნებისმიერ პირს სუფთა ლეიბი და თეთრეული უნდა მისცენ; დაკავებულს უნდა ჰქონდეს სანიტარული, სუფთა ტუალეტი; უნდა შეეძლოს ჰიგიენურ პირობებში დაიკმაყოფილოს ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; და, სადაც ეს შესაძლებელია, დაკავებული უნდა მოთავსდეს საკანში, სადაც არის ბუნებრივი განათება და სათანადო პირობები დასასვენებლად.

24 საათის ან მეტი ხნით დაკავებულებს უნდა ჰქონდეთ შხაპის მიღების, სუფთა ჰაერის და ყოველდღიური ვარჯიშის შესაძლებლობა. იმ საკნებში, სადაც საქართველოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ქალებს ათავსებენ, ამ საბაზისო ნორმის ყველა ნაწილი დარღვეულია.

იქ რეპრესიებმა საკუთარი წესები გამოიმუშავა. მომიტინგეები ხუმრობენ, რომ რუკაზე მხოლოდ ორი დანიშნულების ადგილია: ზაჰესი ან დიღომი — ორი დაკავების იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული ბრალდებით გასამართლებული ქალების უმეტესობას ათავსებენ. მათი თქმით, ზაჰესი ნიშნავს ფანჯარას, ტუალეტის კარს, ჰაერის ნაკადს; დიღომი ნიშნავს — ცის, საათის, კონფიდენციალურობის არ არსებობას და იმის გარკვევის საშუალების არ არსებობას, გათენდა, თუ შუქი სამუდამოდ ჩააქრეს.

მიუხედავად ამისა, ორივე დაკავების იზოლატორში სიურრეალისტური თავაზიანობა სუფევს. ოფიცრები ხელბორკილების დადებისას ბოდიშს იხდიან, მცველები ჩურჩულებენ, რომ იციან — დაკავებულები "ნამდვილი დამნაშავეები არ არიან" და შემდეგ მშვიდად ასრულებენ წესებს, რომლებიც მცირე დამცირების სახელმძღვანელოს ჰგავს: "ზრდილობიანად" გაშიშვლება, კონტრაბანდის მსგავსად გაცემული კბილის ჯაგრისი, მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ მიწოდებული ერთი ჰიგიენური საფენი, შხაპი იმდენად დისფუნქციურია, რომ იქიდან უფრო ჭუჭყიანი გახვალ, ვიდრე შეხვედი.

OC Media-ს მიერ შეგროვებული ჩვენებებიდან იკვეთება სისტემის სახე, რომელიც სჯის ისე, რომ არ აცხადებს ამის მორალურ საფუძველს. ეს ბიუროკრატიული თეატრია, სადაც სახელმწიფო აკავებს ადამიანებს, რომლებსაც შემდგომ თავად ეუბნება, რომ არაფერი დაუშავებიათ, და სადაც პენიტენციური დაწესებულების არქიტექტურა" — უსარკმლო საკნები და უსასრულო ღამეები — რეალურად ასრულებს იმ საქმეს, რაც პატიმრების გატეხას ისახავს მიზნად.

ყველა მცველმა იცის სიმართლე: ეს დაკავებულები კრიმინალები არ არიან. ისინი პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო დააკავეს, რომელმაც პროცედურული დასჯა კონტროლის იარაღად აქცია — სისტემა, სადაც აქტივისტებს დამნაშავეებივით ეპყრობიან, თუმცა პარადოქსია, რომ მათ ნამდვილ კრიმინალებზე უფრო რბილად ექცევიან.

"მესმოდა, როგორ სცემდნენ პოლიციელები მას, სანამ ის დახმარებას ითხოვდა"

სტუდენტი აქტივისტი თათია აფრიამაშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2016 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. საპროტესტო აქციებში უწყვეტი მონაწილეობის გამო, ის სამჯერ დააკავეს: პირველად პარლამენტის წინ პლასტმასის სკამების განთავსებისთვის, მეორედ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრმა მარიამ ლაშხმა საჩივარი შეიტანა და ბოლოს, იმ დღეს, როდესაც პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ანტიოპოზიციური კომისიის ანგარიში გამოაქვეყნა. სანამ სასამართლო მათ საქმეებს განიხილავდა, 23 აქტივისტი დააკავეს და რეგიონულ იზოლატორებში განათავსეს.

თათია აფრიამაშვილმა ერთ-ერთ ასეთ საკანში 48 საათი გაატარა — პერიოდი, რომელსაც ის ყველაზე სასტიკად მიიჩნევს: "ორი დღე, როცა დღის შუქი, ინფორმაცია და თუნდაც დაბანის შესაძლებლობა უბრალოდ გაქრა".

2025 წლის მაისში თათია აფრიამაშვილი მეტროში გამართულ მარშს უძღვება.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

"ახალციხის იზოლატორი ცალკე სამყაროა იმიტომ, რომ სულ არის ხუთი საკანი. ერთი საკანი ოთხკაციანია და იქ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული კაცები ჰყავდათ. დანარჩენ ოთხ საკანში ვიყავით გოგოები, რომლებიც გზის გადაკეტვის ბრალდებით დაგვიჭირეს.

ახალციხის იზოლატორშიც საკმაოდ არაჰიგიენური პირობებია.

იქიდან დავიწყოთ, რომ საპირფარეშოში გასვლა რომ მოგინდეს, უნდა დაუძახო ბადრაგს, რომელსაც საკნიდან საერთოდ გარეთ გაჰყავხარ. ანუ, იქ, სადაც თვითონ, იზოლატორის თანამშრომლები, ბადრაგი შედის.

წყალზე, სიგარეტზე და მსგავს რაღაცებზე დაგვეხმარნენ ახალციხის იზოლატორში, მაგრამ საპონზე, კბილის ჯაგრისზე ცოტა ჭიდაობა მოგვიწია", — უთხრა OC media-ს თათია აფრიამაშვილმა.

მისი უფრო ხანგრძლივი, 12-დღიანი პატიმრობა დიღომში კიდევ უფრო მძიმე იყო. როგორც სხვა დაკავებულებს, აფრიამაშვილსაც გაეგო მწარე ხუმრობა: "იმედი გქონდეს ზაჰესის, გეშინოდეს — დიღმის". როგორც თავად ამბობს, "ლოცულობ, დიღომში არ წაგიყვანონ", რადგან ამ გაუმართავ სისტემაშიც კი დიღომი განსაკუთრებულად დამამცირებელი ადგილია.

თითქმის ორი კვირის განმავლობაში მას ცა არ უნახავს. საკანში არც მზის შუქი იყო, არც ჰაერი, არც დროის შეგრძნება — ე.წ. "სასეირნო ეზოც" კი უბრალოდ ბეტონის დერეფანი იყო ერთი ფანჯრით. საკნის ტუალეტის კარი ნახევრად ღია იყო და ისე განლაგებული, რომ კამერები დაკავებულების თავებს მაინც აფიქსირებდნენ. 10-წუთიანი შხაპის მიღება კვირაში ორჯერ შეიძლებოდა. ჰიგიენურ საშუალებებზე ვედრება სჭირდებოდა; მენსტრუალური საფენები თითო-თითოდ რიგდებოდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბადრაგს დაკავებული ექიმთან თითოეული ნივთისთვის ხელმოსაწერად მიჰყავდა. საკვები და ჭურჭელი იმდენად არაჰიგიენური იყო, რომ მას ციხის საკვების ჭამა არ შეეძლო.

ყველაზე უარესი პატიმრობის მეათე დღე იყო.

"ორი დღე იყო დარჩენილი ჩემს გამოსვლამდე, მე-10 დღე იყო უკვე, რაც იზოლატორში ვიყავი და ღამის 3:00 საათზე შემოიყვანეს პატიმარი. აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა 30 წლამდე კაცი. ჯერ ხმები მესმოდა, რომ პოლიციის თანამშრომლები სცემდნენ ამ პატიმარს და ის განწირული ხმით შველას ითხოვდა.

მე და ალბი კორძაია ვიყავით მაშინ ერთად საკანში და მთელ იზოლატორში მარტო ჩემი და ალბის ხმა ისმოდა: რატომ სცემთ და რატომ ურტყამთ — ვკიოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანმა რა დააშავა, ხომ დააკავე უკვე, დასაჯე კანონის ფარგლებში, რა საჭიროა ძალადობა?

როცა პოლიციის თანამშრომლებმა დატოვეს იზოლატორი, მისი ცემა ბადრაგმა გააგრძელეს. საათი რომ ვიკითხე, დაახლოებით 3:30-ზე შემოიყვანეს ეს ადამიანი და დილის 6:00 საათზე რომ დავუკაკუნე, ეს ბიჭი გაჩუმდა, აღარ ტიროდა. ბადრაგს ვკითხე — მოკალით, თუ რატომ გაჩუმდა-თქო?", — ამბობს თათია აფრიამაშვილი.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ამ დროისგან მოწყვეტილ, უჰაერო სივრცეში დღეები აირია: აფრიამაშვილი კითხულობდა რომელი საათი იყო. წიგნები და იმპროვიზებული თამაშები — მაგალითად, სველი ხელსახოცის ქაღალდის ჭიქაში ჩაგდება — გადარჩენის საშუალებად იქცა.

თუმცა, აფრიამაშვილის თქმით, თავად პერსონალი პროტესტის მონაწილეების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. რამდენიმე მათგანმა ჩუმადაც კი აღიარა, რომ იცოდნენ — აქტივისტები "აქ რეალური დანაშაულის გამო არ იყვნენ", რაც მათ მოპყრობას უფრო ჰუმანურს ხდიდა. აფრიამაშვილი ამტკიცებს, რომ სისასტიკეს სტრუქტურული ხასიათი აქვს — სისტემა, რომელიც შექმნილია ადამიანების გამოფიტვის, დამცირებისა და განადგურებისთვის, მაშინ როდესაც ამ სისტემის მსახური ინდივიდები უბრალოდ თავიანთ როლს ასრულებენ და ივიწყებენ, როგორ გამოიყურება სამართლიანობა.

სასჯელი "განათლების" ფორმით

რუსიკო კობახიძე 2012 წელს ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თბილისის ცენტრალურ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავს. საბჭოთა რეპრესიების მკვლევარმა ეს ტენდენცია შენიშნა: რეპრესიები იმ ადამიანებზე იერიშის მიტანით იწყება, რომლებსაც საზოგადოება არ დაიცავს. შემდეგ კი ფართოვდება მანამ, სანამ "ბადე ყველა კრიტიკოსს არ მოიცავს. რუსიკო კობახიძისთვის დღევანდელი პროტესტი აჯანყება კი არა, თავდაცვაა.

"მე მგონია, რომ ეს არის არა აჯანყება, არამედ, ისინი გვესხმიან თავს და ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა", — ამბობს ის.

რუსიკო კობახიძე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გადაკეტილ გზაზე დგომა დანაშაულად გამოცხადდა — კანონი, რომელსაც ის "განათლების" სახელით შენიღბულ სასჯელს უწოდებს. მან გზა შეგნებულად გადაკვეთა.

"თუ ამბობენ, რომ ქუჩაზე ფეხის დადგმისთვის დაგვაკავებენ, მაშინ აუცილებლად უნდა დავდგეთ ქუჩაზე", — უთხრა კობახიძემ OC Media-ს.

რუსიკო კობახიძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

დაკავება თავისთავად სიურრეალისტური იყო, ამბობს კობახიძე: პოლიციელები ბოდიშს უხდიდნენ, მანქანას ათბობდნენ, ეკითხებოდნენ, სციოდა თუ არა, თავაზიანად ექცეოდნენ, რაც დაკავების პოლიტიკურ ხასიათს მტკივნეულად აშკარას ხდიდა. "მათ ჩვენნაირ ადამიანებთან აქამდე საქმე არ ჰქონიათ — ჩვეულებრივ, გაწონასწორებულ მოქალაქეებთან, რომლებიც კრიმინალები არ არიან", — თქვა მან.

ყველაფერი შეიცვალა, როგორც კი ის დიღმის იზოლატორში მივიდა. ბნელი, ძველი საკანი, რომელიც ძველ საბჭოთა კორპუსში მდებარეობდა ადამიანის დასამცირებლად იყო აგებული. ოთახში ტუალეტს კარი არ ჰქონდა; თეთრეული ათასჯერ გამოხარშულ მატარებლის თეთრეულს ჰგავდა. კონფიდენციალურობა, დრო, საათები არ არსებობდა და ბადრაგს როცა საათს ეკითხებოდნენ, სხვადასხვა პასუხებს იძლეოდა, წუთები კი დღეებად იწელებოდა.

"შენ ოთახში ზიხარ და ტუალეტის კარი იქვე ღიაა — ეს უკიდურესად დამამცირებელია", — ამბობს ის.

კობახიძეს არა პირადად განცდილი სისასტიკე, არამედ სტრუქტურული ბრუტალურობა ახსოვს. მისი თქმით, პოლიციელები თავაზიანები არიან, რადგან იციან, რომ დაკავებები პოლიტიკურია; დამამცირებელი პირობები კი იმიტომაა, რომ მიზანი ადამიანების გატეხა და გამოფიტვაა და მაინც, როგორც ამბობს, საბოლოოდ, სწორედ სახელმწიფო მარცხდება.

"ამ დაკავებებით ისინი უფრო ზიანდებიან, ვიდრე ჩვენ. ჩვენს საზოგადოებაში ყველამ იცის, ვინ ვართ. სახეს სწორედ ისინი კარგავენ, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს საკნებში მიათრევენ", — თქვა კობახიძემ.

"ზრდილობიანი, მაგრამ მაინც დამამცირებელი"

ელენე ბერიკაშვილმა OC Media-ს განუცხადა, რომ "რაც თავი ახსოვს" პროტესტის მონაწილეა და ხუმრობით აღნიშნა, რომ პრაქტიკულად, რუსთველის გამზირზე გაიზარდა.

19 ნოემბერს ის დაპატიმრებული აქტივისტის, მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართულ მარშს შეუერთდა, რომელიც პოლიციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დარბევა იყო, რასაც კი ოდესმე შესწრებია. პოლიციის რიგებსა და ლითონის ღობეს შორის მოქცეულს, მას უბრძანეს "ტროტუარზე გადასულიყო", ტროტუარზე, რომელიც არ არსებობდა. ბერიკაშვილი იხსენებს, თუ როგორ დაარტყა მას პოლიციის მაღალჩინოსანმა

"ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა; ის მანამდეც ძალიან აგრესიულად იქცეოდა", — იხსენებს ბერიკაშვილი. "მან ჩემამდე სხვებიც სცემა, შემდეგ კი მუშტიც დამარტყა, მაგრამ იმ მომენტში ჩემს სახეს არ უყურებდა".

ის ხაზს უსვამს, რომ ეს უბრალო ხელის კვრა კი არა, ზურგში გამიზნულად ჩარტყმული მუშტი იყო. რამდენიმე წამის შემდეგ, სამართალდამცავმა, რომელსაც მანამდე ბერიკაშვილმა პოლიციელის ფიცი წაუკითხა, მისი დაპატიმრება ბრძანა.

"მან მეორე პოლიციელს უთხრა: "თვალი მიადევნე, ფიცი ზეპირად იცის". სწორედ ამიტომ დამაპატიმრა — რადგან შევახსენე, რა არის მისი საქმე სინამდვილეში", — ამბობს ბერიკაშვილი.

პოლიციის ფიცი "საზოგადოების სამსახურში ყოფნას" და "ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილებას" ითვალისწინებს.

ელენე ბერიკაშვილი

"აკვარიუმივით" გაყინულ დროებითი დაკავების იზოლატორში — ვითარება უფროსი ოფიცრების გამოჩენისთანავე მკვეთრად გამკაცრდა. ზედამხედველები ყვიროდნენ, დაკავებულებს დასცინოდნენ და რიგით პოლიციელებს უფრო მკაცრი ქცევისაკენ მოუწოდებდნენ.

საპატრულო მანქანაში ბერიკაშვილი აკვირდებოდა იმას, რასაც თავად "დაბალი დონის დამცირებას" უწოდებს: უხეშ ხუმრობებს, ქირქილს, პროპაგანდისტულ ლექციებს. მან მშვიდად უპასუხა — "ირონია ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე, ასე რომ ჯობია, არც შეეცადოთ" — და ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც მიაქცია ყურადღება: ყველაზე აგრესიული ოფიცრები ერთდროულად ყველაზე არაკომპეტენტურებიც იყვნენ.

"მათ საკუთარი საბუთების შევსებაც კი არ შეუძლიათ. ვიღაც სხვა დგას მათ უკან და ეუბნება, რა დაწერონ", — იხსენებს ბერიკაშვილი.

დიღომში გადაყვანამ ფსიქოლოგიური კოლაფსი გამოიწვია, რომელსაც ყველა პატიმარი აღწერს. სტანდარტული — "ზრდილობიანი, მაგრამ მაინც დამამცირებელი" — ჩხრეკისას გაშიშვლების შემდეგ, მან ორი ღამე გაატარა საკანში სუფთა ჰაერის, დღის სინათლის და დროის შეგრძნების გარეშე. ტუალეტი, ფაქტობრივად, ოთახში იყო განთავსებული, მხოლოდ დაბალი კედლით იყო გამოყოფილი, რომელიც თანასაკნელებისა და მცველებისგან კონფიდენციალურობას არ უზრუნველყოფდა. არ იყო წყალი, საშხაპე და არანაირი ჰიგიენური საშუალება.

"კბილებს მცველის მიერ მოცემული ჯაგრისით ვიხეხავდით", — ამბობს ბერიკაშვილი.

დრო თითქოს გაჩერდა; წიგნის, ტელეფონისა და საათის გარეშე, ის მცველებს ყოველ "30 წუთში ერთხელ ეკითხებოდა დროს, უბრალოდ იმისთვის, რომ საღი გონება შეენარჩუნებინა". ოთახში ოთხი საწოლი იდგა, თუმცა სივრცე იმდენად პატარა იყო, რომ მაგიდაზე ვერ ეტეოდა ის საკვები და ნივთები, რომლებიც მხარდამჭერებს ჰქონდათ გამოგზავნილი.

ყველაზე მძიმე მომენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ქვემოთ, სარდაფის საკნებში დადგა, რომლებიც მისივე აღწერით "ბინძური, უჰაერო და აუტანელი სუნით იყო გაჟღენთილი". ტუალეტი გაფუჭებული იყო, ნიჟარა — სრულიად გამოუსადეგარი. დაკავებულებს საათობით აჩერებდნენ უვენტილაციო ოთახებში მაშინ, როცა თანამშრომლები კედლებს ღებავდნენ და დერეფნებში ქიმიკატების სუნი ვრცელდებოდა.

"სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ თავად პატრულის თანამშრომლებსაც თავი სტკიოდათ", — ამბობს ბერიკაშვილი.

მისივე თქმით, ის პოლიციელებს უკეთესი პირობების მოთხოვნისკენ მოუწოდებდა: "ვუთხარი, რომ თავად დავურეკავდი მათ ხელმძღვანელს. თქვენ გაქვთ უფლება, გააპროტესტოთ თქვენი სამუშაო პირობები. ისინი პრაქტიკულად იწამლებოდნენ".

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ზაჰესში პირობები შედარებით ადამიანური ჩანდა, თუმცა მხოლოდ შედარებით. შენობა უფრო ახალი იყო, ფანჯრები — უფრო დიდი, ჰაერი იგრძნობოდა და რაც მთავარია, არსებობდა ცალკე ტუალეტი კარით.

"აი, ასეთი უნდა იყოს იზოლატორი. არა მდიდრული — უბრალოდ ადამიანური", — ხაზგასმით ამბობს ბერიკაშვილი.

აქაც იგივე მკაცრი წესი მოქმედებდა ჰიგიენურ საფენებთან დაკავშირებით: ერთდროულად მხოლოდ ერთი საფენი, რომელიც ექიმისგან უნდა მოეთხოვათ და მამაკაცი ბადრაგის თანხლებით მიეღოთ. შხაპები თითქმის არ მუშაობდა — სხვადასხვა მიმართულებით ასხამდა წყალს, შამპუნი არ იყო, ხოლო ბანაობისთვის სულ 10 წუთი იყო გამოყოფილი.

რაც არც დიღომში და არც ზაჰესში შეცვლილა, პოლიციელებს შორის არსებული ჩუმი თანხმობა, რომ აქტივისტები კრიმინალები არ იყვნენ. სეირნობის დროს ერთმა პატრულის თანამშრომელმა სხვა დაკავებულისკენ ანიშნა და ბერიკაშვილს უთხრა: "აი, ეს კაცი, შენგან განსხვავებით, ნამდვილი დამნაშავეა". მოგვიანებით ის ამ აბსურდზე იცინოდა: "ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდეც, რომ რეალურ კრიმინალებს კიდევ აკავებენ. ჩვენი იზოლატორები ჩვენნაირებითაა სავსე".

"დაკავება არ გაძლებს იმის უფლებას, რომ ადამიანიანს ღირსება წაართვა"

საქართველოს დაკავების ცენტრებში ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა დაკავებულების იძულებით "ჩასმა". ეს პროცედურა ხშირად შემოწმების ან საკონტროლო ჩხრეკის დროს გამოიყენება და ძალიან დამამცირებელია დაკავებულებისთვის, რადგან ის მოიცავს ხანგრძლივ ფიზიკურ დაძაბულობას, რამაც შეიძლება ადამიანის ღირსება შელახოს. ბევრმა დაკავებულმა განაცხადა, რომ ასეთი მოპყრობა აღიქმება როგორც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფორმა, რომელიც მიზნად მათ დამორჩილებას ან დაშინებას ისახავს.

OC Media-სთან საუბარში ბერიკაშვილი იხსენებს, რომ დაკავების პერიოდში, შემოწმების მიზნით, ის ეტაპობრივად გააშიშვლეს — ჯერ წელს ზემოთ, შემდეგ წელს ქვემოთ — და რამდენჯერმე აიძულეს "ჩაჯდომა".

ამ პრაქტიკას მკაცრად აკრიტიკებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მას სასტიკ, არაჰუმანურ ან დამამცირებლად აფასებენ. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში, სადაც დაკავებულები და პოლიტიკური პატიმრები ასევე ექვემდებარებიან დამამცირებელ მოპყრობას. ეს პრაქტიკა ასევე ასახავს უფრო ფართო მასშტაბის ძალადობის ნიმუშებს, რომლებიც დოკუმენტირებულია საქართველოს იზოლატორებში, განსაკუთრებით — პროტესტის მონაწილეებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების მიმართ.

ადვოკატი ილონა დიასამიძე OC Media-სთან ამბობს, რომ პრინციპი მარტივია: "დაკავება არ გაძლებს იმის უფლებას, რომ ადამიანიანს ღირსება წაართვა". არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი 48 საათით არის დაკავებული თუ 15 დღით, "ადამიანის უფლებები არ ტოვებს ოთახს, როდესაც ადამიანი შედის იზოლატორში". თუმცა, მისი თქმით, სისტემა რეგულარულად აყენებს ქალებს ისეთ პირობებში, რომლებიც ამ ზღვარს სცდება დაკავების იზოლატორში შესვლისთანავე. ქალები აღწერენ ჩხრეკის დროს სრულიად გაშიშვლების შემთხვევებს, რასაც კანონი კატეგორიულად კრძალავს და იძულებით ჩაჯდომებს, რასაც ის უსაფრთხოების პროტოკოლის სახით შენიღბულ დამამცირებელ, კვაზისექსუალურ აქტს უწოდებს.

"თუკი სახელმწიფო თვლის, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობს საკანონმდებლო დონეზე, დაარეგულიროს ეს ყველაფერი და ქვეყანაში ნებისმიერ იზოლატორში იყოს სათანადო სკანერი იმისათვის, რომ ადამიანებს ღირსება არ შეელახოთ", — ამბობს დიასამიძე.

ფოტო: ილონა დიასამიძე. მარიამ წვერავა/ OC media

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ივნისის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავებულთა ჩხრეკისას სრული გაშიშვლების პრაქტიკა ოფიციალურად აიკრძალა, მას შემდეგ რაც თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში ის შეფასდა, როგორც "დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა". დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაკავებულის იძულება სრულად გაშიშვლდეს შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან და წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

მიუხედავად ამისა, დიასამიძე აღნიშნავს, რომ იზოლატორები თავიდანვე არ იყო გათვლილი 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე — ისინი შექმნილი იყო მოკლევადიანი, სასამართლო სხდომამდე არსებული შემთხვევებისთვის და სისტემა იმ მომენტიდან იშლება, როცა ქალებს იქ უფრო ხანგრძლივად აჩერებენ.

საბაზისო ჰიგიენა წამებად იქცევა: საკნებში მოთავსებული ტუალეტები, რომლებიც კარის მინიდან მცველებისთვის ხილვადია, რაც ყველაზე ინტიმურ ქმედებებზე მუდმივ მეთვალყურეობას ნიშნავს. დიასამიძის თქმით, ეს ტექნიკური ხარვეზი კი არა, ფუნდამენტური უფლებების მძიმე დარღვევაა: "ტუალეტის გამოყენება იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმემ შემოგხედოს, არ არსებობს დამამცირებელი არ იყოს".

ის ამბობს, რომ აღნიშნული სისტემა მხოლოდ ცუდად კი არაა მომზადებული, მიზანმიმართულად გამოიყენება. სახელმწიფომ იცის, რომ იზოლატორებში არ არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა, პერსონალი არაა სათანადოდ გადამზადებული, სამართლებრივი სიცხადისა და ქალ თანამშრომელთა ნაკლებობაა, რაც შეუძლებელს ხდის ქალ დაკავებულთა შემოწმება, კანონით დადგენილი მოთხოვნით, ქალებმა განახორციელონ.

"ამ როლს საბოლოოდ მამაკაცები ითავსებენ, რადგან შესაბამისი ალტერნატივა არ არსებობს", — განმარტავს დიასამიძე და ხაზს უსვამს, რომ გარკვეული ინტიმურ საკითხებს ქალები მამაკაც თანამშრომლებს ვერ უზიარებენ და, შესაბამისად, ზოგიერთი ინტიმური თემები ტაბუდ რჩება და ქალები კაც პოლიციელებთან ამაზე არ საუბრობენ, რაც მსგავს პროცედურებს პირადი სივრცისა და ღირსების პირდაპირ შემლახავად აქცევს.

შედეგი წინასწარ ცნობილია: შიში, დემორალიზაცია და შეკავება.

"ადმინისტრაციული პატიმრობა ადამიანების გატეხის ინსტრუმენტად იქცა", — ამბობს დიასამიძე. და რადგან მიმდინარე საპროტესტო ტალღის სახე ქალები გახდნენ, ზიანი ყველაზე მძიმედ სწორედ მათზე აისახება.

"ეს პირობები არ შეიცვლება, თუ ქალები მათზე არ ისაუბრებენ. დუმილი მხოლოდ ხვალინდელ დღეს ართულებს. ვიღაც გაუძლებს, ვიღაც გატყდება — ამიტომ ვლაპარაკობთ მათთვის, ვინც შეიძლება გატყდეს", — ასკვნის დიასამიძე.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.