აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენტაგონს ბირთვული იარაღის ტესტირებების განახლება დაავალა. ბოლოს მსგავსი ფაქტი 33 წლის წინათ მოხდა. ტრამპის თქმით, ამ უაღრესად საკამათო ტესტირების ჩატარების გადაწყვეტილება რუსეთისა და ჩინეთის აქტიურ შეიარაღებასთან ფეხის აწყობითაა განპირობებული.

1945 წლის შემდეგ მსოფლიოში 2 ათასზე მეტი ბირთვული იარაღის ტესტირება ჩატარდა, მათ შორის 1 054 აშშ-ს მიერ. ცივი ომის დასრულებამ მსგავსი დეტონაციების მასობრივი შემცირება გამოიწვია, ხოლო 1996 წელს ბირთვული ტესტირებების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებით (CTBT) ისინი პრაქტიკულად შეწყდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ფოტო: Evelyn Hockstein/Reuters

როგორც აღმოჩნდა, CTBT პრაქტიკულად ძალაში არც არასდროს შესულა, რადგან აშშ-ის ჩათვლით რამდენიმე ხელმომწერმა ის არ აღიარა. ამის მიუხედავად, სახელმწიფოთა უმეტესობა შეთანხმებას პატივს სცემდა და მას მთელ მსოფლიოში იცავდნენ. ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა პლანეტაზე, რომელმაც ამ საუკუნეში ბირთვული იარაღის ტესტირებები ჩაატარა. მათგან ყველაზე ბოლო 2017 წელს იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არც რუსეთს და არც ჩინეთს აქამდე რაიმე სახის ქობინი არ გამოუცდია, როგორც ჩანს, საკუთარ ბირთვულ არსენალს ორივე ქვეყანა აძლიერებს. მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა ორი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა წარმატებით გამოცადა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ბირთვული ქობინებით აღიჭურვოს. ტრამპის თქმით კი ჩინეთს აშშ-ს დონის ბირთვული არსენალი სავარაუდოდ ხუთ წელიწადში ექნება.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი მესამეზე. მან ასევე დაწერა, რომ ასეთ შედეგს მის პირველ ვადაში იარაღის მარაგის მუდმივი განახლებით მიაღწიეს.

მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის მარაგის უდიდეს ნაწილს აშშ და რუსეთი ფლობს. 2025 წლის მონაცემებით, პლანეტაზე დაახლოებით 12 241 ბირთვული იარაღია, რომელთა 90% ამ ორ ქვეყანას ეკუთვნის.

ტრამპის განცხადების მიუხედავად, ოფიციალურ წყაროებში წერია, რომ ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი არა აშშ-ს, არამედ რუსეთს აქვს. The Arms Control Association-ის მიხედვით, რუსეთის ბირთვული არსენალი 5 580-ს, ხოლო აშშ-ის 5 225-ს შეადგენს. სხვა წყაროებში მონაცემები მეტ-ნაკლებად განსხვავდება, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა მათგანი თანხმდება, რომ ჩინეთს ზუსტად ექვსასი ბირთვული იარაღი აქვს.

33 წლის წინ ნევადის უდაბნოში აშშ-მ ბირთვული ბომბის ბოლო ტესტირება ჩაატარა. ამის შემდეგ ქვეყანა იარაღის მდგომარეობას მარაგის მართვის პროგრამის ფარგლებში აკონტროლებდა. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს პროგრამა ყველა საჭირო ინფორმაციისთვის სრულიად საკმარისია და უშუალოდ იარაღის ტესტირების დაბრუნება აუცილებელი არ არის.

ტრამპის განცხადება დაგეგმილი ტესტირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ შეიცავდა. ფაქტობრივად არ არსებობს კონსენსუსი იმაზეც კი, თუ რა ითვლება "ბირთვული იარაღის ტესტირებად", რადგან ეს ტერმინი ტექნიკურად შეიძლება მინიმალური ზემოქმედების მქონე პატარა აფეთქებებზეც გამოვიყენოთ.

ბირთვული იარაღის მქონე სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95MS ასაფრენად ემზადება.

ფოტო: Russian Defense Ministry Press Service/The Associated Press

ამ მიზეზების გამო აშშ და რუსეთი ამ ხელშეკრულების განსხვავებულ ინტერპრეტაციებამდე მივიდა, თუმცა ორივე თანხმდება, რომ ფართომასშტაბიანი დეტონაციები ნამდვილად სახიფათოა. ტრამპის განცხადება პენტაგონს შედარებით მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას აძლევს, რაც სოკოსმაგვარ ღრუბლებს ნამდვილად არ ითვალისწინებს.

ცხადია, რომ მსოფლიო ბირთვული გაურკვევლობის ახალი ეპოქის ზღვარზეა. ამჟამად აშშ-სა და რუსეთს შორის მხოლოდ ერთი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებაა შემორჩენილი. ესაა New START Treaty, მაგრამ მისი ვადა 2026 წლის თებერვალში იწურება.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთი შეხედვით სუსტი შეზღუდვაც კი გაქრობის პირასაა და CTBT-ის უგულებელყოფაც მარტივად შეიძლება, ახლა ბირთვული იარაღის ტესტირებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღების საჭიროება იმაზე უფრო აშკარაა ვიდრე ოდესმე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.