"მსურს საზოგადოებას მივაწოდო სრული ინფორმაცია, რა პირობებში უწევთ ბრალდებულ-მსჯავრდებულებს ყოფნა გლდანის სატუსაღოში.
კვება — წარმოიდგინეთ გლდანში მინიმუმ 4 ათასი პატიმარია და მათთვის საჭიროა საკვების მომზადება დღეში სამჯერ. ყველა შემთხვევაში კერძში კარტოფილი არის მოუხარშავი, უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი და ჭუჭყიანი [ჭიების კვალით]. ავიღოთ მაგალითად ბორში, იგივე კარტოფილი და უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო. ლობიოში მე რამდენჯერმე შემხვდა კენჭი, რამაც კბილი დამიზიანა, ცხადია, ლობიოს არ რეცხავენ და ეგრევე ტომრიდან ქვაბში ყრიან. ასევე წიწიბურა — ისიც გაურეცხავი და კენჭებიანია, ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, წიწიბურას დავასხი ცხელი წყალი და შედეგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი, ჭუჭყიანი წყალი ვიხილე. სოსისი — მოაქვთ გაყინული და ცელოფნის მოშორებისას, რომ ყნოსავ იგივე სუნი აქვს, რაც ქუჩის ძაღლს წვიმის დროს და თუ შეწვავ ამ სოსისს ხდება როგორც ქაღალდი. კვერცხი არ ვიცი საიდან მოქვთ, ან როგორ ახერხებენ ამის კეთებას, მაგრამ როცა კვერცხს ნაჭუჭისგან ასუფთავებენ, საკანში ისეთი სუნი დგება, თითქოს კანალიზაციის ლუქია ახდილი — ეს ფაქტი ჩემთვის ამოუცნობი ფორმულაა. კატლეტი — ვერც შემადგენლობას გაიგებ და ვერც გემოს. ნახევრად უმი, მშრალი ფარში, ხრტილი, მყესი, მოკლედ ხორცის "ატხოდები". თევზი ნახევრად შემწვარი, რომელშიც ასკარიდას მსგავსი დამრგვალებული პატარა ჭიებია. დილის ფაფები — გერკულესი, მანი, ვერმიშელი, პერლოვკა, მე ამომსვლია ამ ფაფებში ტომრების ძაფები და თავად ტომრის ნაწილები. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აქ ხალხი არ იხდის სასჯელს, აქ ვართ პირუტყვი და რომ არა ვალდებულება, საჭმელსაც არავინ გვაჭმევდა. 100 პროცენტიდან 70 არ ჭამს "ბალანდას" და საკვებს მაღაზიაში ყიდულობს.
[...] ჯანდაცვა უბრალოდ არ არსებობს და ვიტყვი რატომაც, ექიმთან გასვლა ნიშნავს ჯეკპოტის დაცემას, შუადღის 1 ან 2 საათზე ექიმი აღარ არსებობს, ხან გორიდან და ხან ზესტაფონიდან მგზავრობენ, თუ მოითხოვ უარს არ გეუბნებიან, გეუბნებიან ჩაგწერ, 2 საათში დაუძახებ და ექიმი აღარაა. ელემენტარული წნევა რომ გააზომინო ექთანს, საღამომდე უნდა ელოდო, რადგან დღის საათებში უბრალოდ არ სცალიათ, რადგან არ არის სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობა, რომ პატიმარს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ. საკანში შემოგვიყვანეს ხონიდან გადმოყვანილი პატიმარი, რომელიც იყო შეურაცხადი, ეს ადმიანი 5 დღის შემდეგ გაიყვანეს, მაგრამ დღემდე მოაქვთ მისთვის განკუთვნილი საძილე წამლები. ნებისმიერი ჩვენგანს შეგვიძლია ვისარგებლოთ მისი წამლებით და ამას ვერავინ გაიგებს. რომც გაიგონ რა მერე, თავად მოაქვთ, ანუ ხვდებით ხომ როგორი უნიათო თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული გლდანის სატუსაღო? გასეირნება კანონით დღეში ერთხელ, 1 საათი, მაგრამ ამათმა იპოვეს ამ კანონში ხარვეზი, მათ შეუძლიათ ღამის 12 საათის შემდეგ გაგიყვანონ გასეირნებაზე, რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებენ, დილის 7 საათზე იწყებენ გაყვანას, იმიტომ რომ ნაკლებმა ხალხმა ისარგებლოს გასეირნების უფლებით."
კომენტარები