კარტერის კატასტროფა — მათემატიკური განტოლება, რომელიც აღსასრულს წინასწარმეტყველებს
ფოტო: allgoo/shutterstock.com
უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ჩვენ არც სამყაროს ცენტრში ვართ, არც ჩვენი გალაქტიკის და არც მზის სისტემის. სწორედ ეს იდეა უდევს კოპერნიკის პრინციპს საფუძვლად. ამ უკანასკნელის გავრცობით კოსმოლოგიური პრინციპი მიიღება: გარდა იმისა რომ, სამყაროს ცენტრი არ აქვს, მისი არცერთი ნაწილი "გამორჩეული" არაა (ჰომოგენურობა) და იგი ნებისმიერი მიმართულებით ერთნაირია (იზოტროპულობა).
არსებობს ანთროპული პრინციპიც: ცნობიერი დამკვირვებლები (როგორებიც ჩვენ ვართ) მხოლოდ იმ სამყაროში შეიძლება არსებობდნენ, რომელშიც სიცოცხლის წარმოშობაა შესაძლებელი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს მრავალი სამყარო, რომელშიც სიცოცხლე არ გვხვდება, შესაბამისად, მას ვერავინ აკვირდება.
თუ ზოგ ფიზიკოსსა და ფილოსოფოსს დავუჯერებთ, კოპერნიკისა და ანთროპული პრინციპების დროზე მორგებით საინტერესო დასკვნებამდე შეგვიძლია მისვლა. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ამ გზით კაცობრიობის აღსასრულის მიახლოებითი თარიღის გამოთვლაც კია შესაძლებელი.
არგუმენტი პირველად ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსმა ბრენდონ კარტერმა წარმოადგინა. სწორედ ამიტომ მას "კარტერის კატასტროფას" უწოდებდნენ. იდეა ისაა, რომ არ უნდა მივიჩნიოთ, თითქოს სივრცის ან დროის განსაკუთრებულ რეგიონში ვართ. დავუშვათ, საბოლოოდ არსებული ადამიანების სასრული რაოდენობა გვექნება, სიმარტივისთვის ტრილიონი ავიღოთ. სტატისტიკურად სწორი იქნება თუ მივიჩნევთ, რომ კაცობრიობის ისტორიის არაფრით გამორჩეულ დროში დავიბადეთ და არა განსაკუთრებულ მომენტში, მაგალითად, დასაწყისში ან დასასრულში.
"წარმოვიდგინოთ დროის ინტერვალი, რომელიც tსაწყისი და tსაბოლოო მომენტებს შორისაა, tახლა კი ამ ინტერვალის შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ნებისმიერ წერტილში შეიძლება იყოს. თუ დავუშვებთ, რომ წარსული და მომავალი დაახლოებით თანაბარი ხანგრძლივობისაა (რადგან სტატისტიკურად მიიჩნევა, რომ ახლა დროის ერთ საშუალო მომენტში ვართ), მივიღებთ, რომ tმომავალი = (tსაბოლოო - tახლა) = tწარსული = (tახლა - tსაწყისი). ეს ტოლობა მომავალს (დარჩენილ დროს) ნახევარჯერ იმაზე უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე სინამდვილეშია. ხოლო ნახევარჯერ, უფრო ნაკლებად", — განმარტავს ასტროფიზიკოსი რიჩარდ გოტი.
ვთქვათ, r1 ის დროა, რომელიც დაკვირვების მომენტში უკვე გასულია. მაშასადამე, r1 = (tახლა - tსაწყისი) / (tსაბოლოო - tსაწყისი) შემთხვევითი რიცხვია, რომელიც 0-ს და 1-ს შორის თანაბრადაა განაწილებული. მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემდეგზე მიგვანიშნებს: 95%-ის სიზუსტით შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ კაცობრიობის დარჩენილი დრო მის ამჟამინდელ ასაკზე 1/39-იდან 39-ჯერ მეტია.
ალბათ ეს ძალიან ფართო შუალედად გეჩვენებათ. სამაგიეროდ, 50%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობის დარჩენილი წლები განვლილს 1/3-იდან 3-ჯერ აღემატება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს გაცილებით ნაკლები სიზუსტით ვიცით. ასევე ყურადსაღებია, რომ ეს გამოთვლები მხოლოდ პრობაბილისტურია — წმინდა მათემატიკური ალბათობით მიღებული. თავისთავად, ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელმაც შეიძლება მოცემულობა შეცვალოს.
ცხადია, ამ ყველაფერს შემოწმებაც სჭირდება. ისიც გასაგებია, რომ კაცობრიობის აღსასრულზე ექსპერიმენტების ჩატარება მარტივი არაა. სამაგიეროდ, გოტმა ეს ანალიზი უფრო მცირე მასშტაბის მოვლენაზე — ბერლინის კედლის დაცემაზე — გამოცადა. 1969 წელს ასტროფიზიკოსი ბერლინის კედელსა და სტოუნჰენჯს ეწვია. გოტის ჩასვლამდე პირველი ნაგებობა 8 წელი არსებობდა, მეორე კი — 3 900 წელი.
"დავუშვათ, რომ მე ბერლინის კედლის ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული დამკვირვებელი ვიყავი. გამოდის, რომ მე tსაწყისი და tსაბოლოო მომენტებს შორის შემთხვევით ადგილას უნდა ვიყო. გაითვალისწინეთ, რომ tსაბოლოო ის მომენტია, როდესაც ბერლინის კედელი განადგურდება ან როდესაც მას ვინმე უკანასკნელად მოინახულებს. კედელი 20 წლის შემდეგ დაეცა, რაც ნიშნავს, რომ tმომავალი = 2.5tწარსული, ეს განტოლებით ნაწინასწარმეტყველებ ზღვარს სრულიად აკმაყოფილებს", — განმარტა გოტმა.
განტოლება სტოუნჰენჯის შემთხვევაშიც ჭეშმარიტი აღმოჩნდა. გოტი უფრო შორს წავიდა და 95%-იანი სიზუსტით ივარაუდა, რომ მომავალში კიდევ 1,8 მილიარდიდან 2,7 ტრილიონამდე ადამიანი დაიბადება.
შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე დაკვირვებით, გოტმა დაასკვნა, რომ, როგორც სახეობას, ბევრი აღარ დაგვრჩენია — შესაძლებელია, რომ სულ რაღაც ათწლეულში 1,8 მილიარდი ადამიანი დაიბადოს.
თავისთავად, ამ შემთხვევაში განტოლებები ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიც, მაგალითად, შობადობის კოეფიციენტი ან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ისიც დასაშვებია, რომ ბიოლოგების რომელიმე გამოგონებამ სიცოცხლე გაგვიხანგრძლივოს ან ფიზიკოსების რომელიმე გამოგონებამ დროზე ადრე შეგვიწიროს (მაგალითად, ბირთვულმა იარაღმა).
ეს ნამდვილად საინტერესო თემაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს: დაბალია იმის ალბათობა, რომ აპოკალიფსს რომელიმე ჩვენგანი მოესწროს.
კომენტარები