"მოხეტიალეა" ისეთი ეგზოპლანეტა, რომელიც კოსმოსში საკუთარი ვარსკვლავის გარეშეა დარჩენილი და ეულად გადაადგილდება. ახლა მეცნიერებმა სწორედ ასეთი ობიექტი გამოავლინეს, რომელიც რეკორდული ტემპით იზრდება. ასევე, Cha 1107-7626-ის სხვა მახასიათებელი აქამდე მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მნათობებსა და ყავისფერ ჯუჯებში (ვარსკვლავსა და პლანეტას შორის გარდამავალი ობიექტი) იყო დაფიქსირებული.

Cha 1107-7626 იუპიტერზე 5-10-ჯერ მასიურია. შედარებისთვის, ვარსკვლავების შემთხვევაში ქვედა ზღვარი 80 იუპიტერის მასაა, ყავისფერ ჯუჯებში კი — 13. ასტრონომებმა მასზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ სულ მცირე ორი თვის განმავლობაში ის წამში დაახლოებით 6 მილიარდ ტონას იერთებდა. პლანეტარული მასის ობიექტში ასეთი რამ არასდროს შეუნიშნავთ.

ე.წ. მოხეტიალე ეგზოპლანეტების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს: როგორ ფორმირდება ისინი? ჯერ ვარსკვლავთან ყალიბდება და შემდეგ სისტემიდან გრავიტაციული ურთიერთქმედების გავლენით ვარდება? თუ დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ გარშემო საკმარისი მატერია არ აქვს იმისთვის, რომ მნათობად იქცეს?

620 სინათლის წლის მანძილზე მდებარე Cha 1107-7626-ზე დაკვირვების შედეგები ამ უკანასკნელი ვერსიის მართებულობაზე მიანიშნებს.

ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი "ქამელეონის კომპლექსი", რომელშიც Cha 1107-7626 მდებარეობს.

ფოტო: ESO/ Digitized Sky Survey 2

ის 2008 წელს აღმოაჩინეს და მან მკვლევართა ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მიზეზი ისაა, რომ მისი ქცევა აკრეციის პროცესს შეესაბამებოდა — გარშემო არსებული დისკოდან მატერიის შთანთქმას. მეტის გასაგებად სპეციალისტები Cha 1107-7626-ს მიმდინარე წლის აპრილში, მაისსა და ივნისში ძალიან დიდი ტელესკოპის ხელსაწყო XSHOOTER-ით დააკვირდნენ. დამატებითი ოპტიკური და შუა ინფრაწითელი მონაცემები ივლისსა და აგვისტოში მოიპოვეს.

აღმოჩნდა, რომ ივნისის მიწურულს ობიექტი უეცრად ისე აკაშკაშდა, როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავებს სჩვევია — სწორედ აკრეციის სიჩქარის მომატებისას. მის სპექტრში წყალბადის ისეთი კვალი შენიშნეს, როგორიც ასევე მნათობებში მიმდინარე პროცესების დროს ფიქსირდება.

დადგინდა, რომ Cha 1107-7626-ის აკრეცია ტიპურ ტემპთან შედარებით 6-8-ჯერ იყო გაზრდილი. დაარქივებულ მონაცემებში მიაგნეს მტკიცებულებას, რომ მსგავსი რამ 2016 წელსაც მოხდა, ანუ ეს ფენომენი განმეორებითია და აგვისტოში ისევ მიმდინარეობდა.

ამ ობიექტის ირგვლივ არსებულ დისკოში სილიკატები და ნახშირწყალბადებია, როგორც პროტოვარსკვლავებისაში. მასის აქტიური მიერთებისას ის ხილულ სპექტრში 3-6-ჯერ ელვარე გახდა, ახლო ინფრაწითელში თითქმის უცვლელი იყო, შუა ინფრაწითელში კი მცირედით აკაშკაშდა. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დისკოში წყლის ორთქლისა და ნახშირბადის სიგნალებიც აღმოაჩინა, რაც მოულოდნელი ანთებების შედეგად ელემენტების შერევაზე მიუთითებს.

აქედან ასკვნიან, რომ, სავარაუდოდ, Cha 1107-7626 ეულად წარმოიქმნა, როცა მატერიის ღრუბელში მკვრივი ადგილი გაჩნდა და კოლაფსი განიცადა. სწორედ ასე იწყება ვარსკვლავების სიცოცხლეც. ისიც არაა გამორიცხული, რომ ახლომახლო მნათობი ყოფილიყო, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.