ფაბრიკის გოგოები
ამერიკული კომპანია Triangle Shirtwaist Company მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი საფეიქრო ფაბრიკა გახლდათ. და, როგორც იმდროინდელი ყველა კომპანიის დასაქმებულები, აქაც მშრომელები მუდამ უკმაყოფილონი იყვნენ ამაზრზენი სამუშაო პირობებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფეიქრო ინდუსტრიაში ძირითადად ქალები მუშაობდნენ, თუმცა მათი შრომა და ფიზიკური დატვირთვა არ ჩამოუვარდებოდა კაცებისას, სხვა ინდუსტრიებში.
12-საათიანი სამუშაო გრაფიკის, დაბალი ანაზღაურებისა და სასტიკი უფროსების წნეხის ქვეშ მყოფმა ფეიქარმა ქალებმა საფუძველი ჩაუყარეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. საფეიქრო ფაბრიკებიდან დაახლოებით 20 000 ქალი გაიფიცა. მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა საპროტესტო მუხტს აყოლილი მშრომელები კომპრომისზე წასვლას არ გეგმავდნენ და გამუდმებით აწყობდნენ პროტესტებს ყინვასა და თოვლში, პოლიციის დაშენილი ხელკეტების ქვეშ...
საფეიქრო ფაბრიკების მშრომელების გაფიცვა უფრო მასშტაბური ხასიათის იქნებოდა, რომ არა 1911 წლის 25 მარტს დატრიალებული ტრაგედია.
კომპანია Triangle Shirtwaist Company-ის ერთ-ერთი წესდების თანახმად, ფეიქარ ქალებს სამუშაო საათების დროს ფაბრიკის კარებს უკეტავდნენ. ეს „წესი“ შემოიღეს მუშახელის კონტროლისთვის, რათა სადილის ან შესვენების მცირე პერიოდებში ქალები არ წასულიყვნენ მშრომელების ორგანიზებულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ამ წესმა 146 ქალი იმსხვერპლა, როდესაც ფაბრიკას ხანძარი გაუჩნდა გაუმართავი ტექნიკის გამო, რომლის შეცვლასაც მშრომელი ქალები ითხოვდნენ, ხშირად ხელფასის შემცირების ხარჯზე.
მომდევნო დღეებში ბროდვეიზე დაღუპული მშრომელებისთვის მსვლელობა ჩატარდა. ქუჩაში გამოსული იყო 100 000-მდე ქალი. თუმცა საპროტესტო ტალღამ ცვლილებები ისე სწრაფად ვერ მოიტანა, როგორც საჭირო იყო. ადამიანები კვლავ იხოცებოდნენ, მშრომელებს კი დიდი ხნის განმავლობაში ისე ექცეოდნენ, როგორც კანალიზაციის ვირთხებს.
კაპიტალიზმის ისტორია არ არის თავისუფალი ბაზრის ან თავისუფალი კონკურენციის ისტორია. ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა რამდენიმე ევროპულ ქვეყანა უკვე დომინანტები იყვნენ მსოფლიოში. შესაბამისად, ბაზრის ლიბერალიზაცია მათთვის მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა. გარდა ამისა, ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრში მუდამ იყო მთავრობა და მასთან შეკრული კორპორაციები.
ორთქლზე მომუშავე მოწყობილობების პოპულარიზაციასა და ინდუსტრიული მრეწველობის მატებასთან ერთად, საჭირო გახდა დიდი რაოდენობის მუშახელი. მართლაც, ინდუსტრიული ქალაქების მოსახლეობა თითქოს ექსპონენციურად იზრდებოდა წლების განმავლობაში. მაგალითად, 1804 წელს ბირმინგემში (ინგლისი) 73 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 1844 წელს კი ბირმინგების მოსახლეობა 200 000-ს გაუტოლდა.
მართალია, ქარხნებში სამუშაოდ ხშირად ნებაყოფლობით მიდიოდნენ, მაგრამ მსგავსი მატება ინდუსტრიულ ქალაქებში მხოლოდ „ბუნებრივი“ პროცესის დამსახურება არ გახლდათ: მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებში მთელი ოჯახები მუშაობდნენ, ბავშვებით დაწყებული ოჯახის ხნიერი წევრებით დამთავრებული, ინდუსტრია იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ აუცილებელი გახდა აქამდე ხელმიუწვდომელი მუშახელის დასაქმებაც, კერძოდ კი, იმ ფერმერების, რომლებსაც არ სურდათ აგრონომიული საქმიანობის მიტოვება.
ბრიტანეთის აგრონომიული სექტორი ძირითადად შემდეგნაირად იყოფოდა, მიწის ყველაზე დიდ ნაწილს, ცხადია, ფლობდნენ ლორდები, რომლებიც თავიანთ მიწაზე გლეხებს ამუშავებდნენ. თუმცა, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გლეხებმა თავიანთი ნაგროვი ფულით დაიწყებს მიწების კოლექტიური შესყიდვა ან, გარკვეულ შემთხვევებში, კოლექტიური ქირაობა.
ანუ კოლექტივი ყიდულობდა და/ან ქირაობდა მიწას, ამუშავებდა მას, შემდეგ გაყიდული პროდუქტიდან მიღებული მოგება დემოკრატიულად ნაწილდებოდა გლეხებს შორის. ეს პრაქტიკა საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კოლექტიური შრომა აფერხებდა მოგების ზრდას კაცობრიობის ბატონებისთვის. შესაბამისად, ბრიტანეთში გავრცელდა, ეგრეთ წოდებული, „Enclosure Act-ები“, რაც თავისი არსით იძულებითი პრივატიზაცია იყო. ნებისმიერი მიწა, რომელსაც კოლექტივები ამუშავებდნენ ან ქირაობდნენ, უნდა გადასულიყო კერძო საკუთრებაში. ეს მიწები კი, რასაკვირველია, სრულებით უკონკურენციოდ ხვდებოდათ ლორდებსა და ბატონებს, შესაბამისად, დამოუკიდებელ გლეხთა კოლექტივებს ერთადერთი საარსებო წყარო ეცლებოდათ ხელიდან.
მაშინ, როცა გლეხთა კოლექტივები მეთვრამეტე საუკუნის 50-იან წლებში 250 000-ს წევრს ითვლიდა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ეს რიცხვი 32 000-მდე დაეცა. ისინი, ვინც წარმატებით ვერ შეუერთდნე კერძო ინდუსტრიულ სექტორს, ვალდებულნი გახდნენ, ემუშავათ, ეგრედ წოდებულ, „სამუშაო სახლებში“, სადაც ასაკისა და სქესის განურჩევლად ადამიანებს ცხოველებივით ამუშავებდნენ, ხოლო სამუშაოზე შეცდომის დაშვების ან „არასაკმარისად კარგად შერულების“ შემთხვევაში ისინი არ იღებდნენ დღის კომპენსაციას. ამ ყველაფრის ეპიცენტრში დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა ახალი, ინდუსტრიული ეპოქის პროლეტარიატი.
ეს ელიტები კოლექტიურად ცდილობდნენ სხვისი შრომის ხარჯზე გამდიდრებას. საბედნიეროდ, ხშირად მათ მასობრივი წინააღმდეგობა ხვდებოდათ უბრალო, მშრომელი ადამიანებისგან. დისიდენტთა და აჯანყებულთა ისტორიიდან ჩემთვის ყველაზე თვალწარმტაცია ლოუელის ფაბრიკის გოგოების ამბავი: 1845 წლისთვის ლოუელის ფაბრიკებში, თითქმის ექსკლუზიურად, ახალგაზრდა, 10-30 წლის ქალები მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქალებს არ ჰქონდათ არც საკუთრების ფლობისა და არც ხმის მიცემის უფლება, ისინი მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში. პირველი გაფიცვები და პროტესტები 1834 წელს დაიწყო, როდესაც „ფაბრიკის გოგოები“ (ხშირად ასე მოიხსენიებენ) ითხოვდნენ სამუშაო გრაფიკის შემცირებას.
გაფიცვები ხშირად დიდი ხანი გრძელდებოდა. შესაბამისად, მშრომელებს ხელთ ბევრი დრო ჰქონდათ და ისტორია მოწმობს იმას, რომ ეს დრო ტყუილად არ იხარჯებოდა. გაფიცულები აწყობდნენ შეხვედრებს, სადაც საღამოობით სწავლობდნენ პოეზიას. ვინც წერა-კითხვა არ იცოდა, ასწავლიდნენ. მერე თვითონაც წერდნენ ლექსებსა და სიმღერებს. გთავაზობთ „ფაბრიკის გოგონების“ მიერ 1836 წელს დაწერილ მოკლე სიმღერას:
მსგავსი პროტესტი და წინააღმდეგობა მთელ მსოფლიოს მოედო, განსაკუთრებით თვალსაჩინო კი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო. მუშებსა და მშრომელ ქალებს მეტწილად გაგონილიც არ ჰქონდათ სოციალიზმისა და ორგანიზებული შრომის შესახებ (მარქსის კომუნისტური მანიფესტი დაიწერა 1848 წელს, კაპიტალი კი 1867-ში). თავდაპირველი პროტესტი იყო უბრალოდ საზოგადოებრივი ამოძახილი.
ფაბრიკაში მომუშავე გოგონებს საკმაოდ მარტივი ფილოსოფია ჰქონდათ: მათ არ სურდათ, მოქცეოდნენ როგორც მონებს, არ სურდათ, სამსახურში მუდამ სიკვდილის რისკის წინაშე ყოფილიყვნენ... მათ სურდათ მეტი ავტონომია და კონტროლი თავიანთ შრომასა და ცხოვრებაზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კომპანიის მფლობელს არ უნდა ეხეირა მთელი მოგებით, როცა მშრომელთა მეგობრებსა და ახლობლებს ქანცი სწყდებათ ან იხოცებიან.
რახან ადამიანი თანხმდება სამსახურს, მეტწილად იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს და ის ერთადერთი საარსებო წყაროა, ეს არ აძლევს დამსაქმებელს უფლებას, ცხოველივით მოეპყრას დასაქმებულს, რომლის შრომით თვითონაც ხეირობს. გიგანტური კორპორაციები და მათი უმოწყალო მფლობელები ხეირობენ იმათი უბედურებით, ვისაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს ათეულშია. ჩვენი ქვეყნის მსგავსად დაბალი გადასახადები იშვიათად შეგხვდებათ დედამიწაზე, თუმცა ის მავანები, რომლებსაც წილად ხვდათ კაპიტალის დაგროვების აპარატები, მაინც უმოწყალოდ უსწორდებიან ადამიანებს, არ იცავენ მათ უსაფრთხოებას, როცა იციან, რომ დასაქმებულთათვის სიკვდილის რისკის შემცირებაა შესაძლებელი.
ამერიკული ფაბრიკის გოგონებს თუ ქართველ ტყიბულის მაღაროელებს, ყველას ერთი რამ სურდათ და სურთ. მონობისგან გათავისუფლება.
კომენტარები