რა უნდა იცოდე საფონდო ბირჟის შესანიშნავ შვიდეულზე
ფინანსურ სამყაროში "შესანიშნავი შვიდეული" ტექნოლოგიური სექტორის შვიდ ყველაზე მეტად მაღალშემოსავლიან და გავლენიან კომპანიას აღნიშნავს. ეს ტერმინი, ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმის მიხედვით პირველად 2023 წელს, Bank of America-ს ანალიტიკოსმა მაიკლ ჰარტნეტმა გამოიყენა. მაშინ ის საუბრობდა იმ შვიდ კომპანიაზე, რომლებიც ცნობილი იყვნენ ბაზრის ლიდერობითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით. ასეთი იყო იმდროინდელი ჩამონათალი: Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).
თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის ამ სიაში Telsa ჩაანაცვლა Broadcom-მა, რომელმაც მას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით გადაასწრო. არსებული მდგომარეობით, Broadcom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,4 ტრილიონი დოლარია, ხოლო Telsa-ს ზომა 1.09 ტრილიონს უტოლდება.
რას საქმიანობს და რატომ დომინირებს ბაზარზე შვიდეული
როგორც უკვე ითქვა, შესანიშნავი შვიდეული ამერიკის საფონდო ბაზარზე ყველაზე გავლენიან კომპანიებს აერიანებს. შვიდეულში შემავალი კომპანიები ოთხ სექტორს მოიცავენ: ტექნოლოგიური სერვისები, ელექტრონული ტექნოლოგიები, საცალო ვაჭრობა და სამომხმარებლო საქონელი. მათ საქმიანობაში შედის ინტერნეტ სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შექმნა, ინტერნეტ-ვაჭრობა, ნახევარგამტარების დამზადება და საავტომობილო ინდუსტრია.
ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს, როგორ გაიზარდა შვიდეულის (პლუს Broadcom) აქციების ღირებულება ბოლო წლების განმავლობაში:
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯგუფში Nvidia-მ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და დაახლოებით 1400%-ით გაიზარდა. Tesla მეორე ადგილზეა 460%-ზე მეტი ზრდით. დანარჩენთა უმეტესობასაც ხუთ წელში 100%-ზე მეტი ზრდა აქვს, გარდა Amazon-ისა, რომელმაც დაახლოებით 62%-იანი მატება დააფიქსირა.
რატომ იზრდებიან შვიდეულის კომპანიები
უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფი გლობალური ეკონომიკის განვითარებისა და ტექნოლოგიური გარდაქმნის ავანგარდშია. ეს კომპანიები მუდმივად ქმნიან ახალ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც აძლიერებენ მომხმარებელთა მოთხოვნასა და ხელს უწყობენ ბიზნესის ზრდას. მათ შორის საერთო მახასიათებლებია:
მოქნილობა — კომპანიები კვლევებისა და ინვესტირების წყალობით მუდმივად ერგებიან ბაზრის ცვლილებებს. სწავლობენ მომხმარებელთა ქცევასა და ერთვებიან ტექნოლოგიურ პროგრესში.
ფინანსური სიძლიერე — აქვთ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, მყარი შემოსავლები, რაც მათ საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველს ხდის.
გლობალური მასშტაბი — მათი გავლენა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რაც ზრდაში კიდევ უფრო ეხმარებათ.
ბაზრის ლიდერობა — ფლობენ დომინანტურ წილს საკუთარ სექტორებში, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.
ბრენდის აღიარება — მათ გააჩნიათ ძლიერი ბრენდები და ერთგული მომხმარებელთა ბაზა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავლის ნაკადებსა და ახალი პროდუქტების წარმატებით გაშვებას.
თუმცა, მათი მასშტაბურობის გამო, კომპანიები სხვადასხვა რეგულაციური რისკების წინაშეც დგანან. მონაცემთა დაცვა, ანტიმონოპოლიური კანონები და საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციები მათ საქმიანობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
რისკები და გამოწვევები
როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად ძლიერი პოზიციებისა, კომპანიები რიგ სირთულეებსაც აწყდებიან. ასეთ სირთულეებსა და რისკებს შორის გამოყოფენ:
- სავალუტო რყევები — ეს უმთავრესად საერთაშორისო ოპერაციების გამო ხდება;
- კიბერუსაფრთხოება — ისინი ხშირი სამიზნეები არიან კიბერშეტევებისთვის;
- ეკონომიკური ვარდნა — ამან შეიძლება შეამციროს შემოსავლები და ზრდის ტემპი;
- გეოპოლიტიკური რისკები — სავაჭრო ომები, ტარიფები და საერთაშორისო დაძაბულობები გავლენას ახდენს მათ ოპერირებაზე;
- საკვანძო პირებზე დამოკიდებულება — ლიდერების წასვლამ შეიძლება ინვესტორთა ნდობას შეარყიოს;
- რეგულაციები და სამართლებრივი რისკები — ანტიმონოპოლიური და საგადასახადო კანონების აღსრულების მიზნით ხშირად ასეთ კომპანიებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
შვიდეული და მათი საბაზრო კაპიტალიზაცია
არსებული მდგომარეობით, ამ კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:
- NVIDIA (NVDA): $4.247 ტრილიონი;
- Microsoft (MSFT): $3.766 ტრილიონი;
- Apple (AAPL): $3.445 ტრილიონი;
- Alphabet (GOOG): $2.577 ტრილიონი;
- Amazon (AMZN): $2.442 ტრილიონი;
- Meta Platforms (META): $1.855 ტრილიონი;
- Tesla (TSLA): $1.092 ტრილიონი.
როგორც უკვე ითქვა, შესანიშნავი შვიდეული მაღალშემოსავლიანი კომპანიების ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც ბაზარზე, ტექნოლოგიურ პროგრესსა და გლობალური ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია მსხვილ მოთამაშეებზე, მათ ფასიან ქაღალდებში ინვესიტრებას შესაბამისი რისკებიც ახლავს თან.
შეჯამებისთვის შეიძლება აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობით, ეს კომპანიები ინვესტორებს ზრდის პოტენციალის მქონე ფასიან ქაღალდებს სთავაზობენ. თუმცა, ანალიტიკოსები ნებისმიერი კონკრეტული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღმისეული კვლევის ჩატარების რეკომენდაციას გასცემენ.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
კომენტარები