ნახეთ: თანამგზავრის შუქით განათებული ღამე მარსზე

ფოტო: NASA/JPL-Caltech
NASA-ს Perseverance ფენომენალური რობოტია, რომელიც მარსის საოცარ ხედებს ხშირად გვიგზავნის — ყოველ შემთხვევაში, დღისით მაინც. ის ფოტოების ღამით გადაღებისთვის არ არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ მან სულ რაღაც 1 კვირის წინ მარსზე პოლარული ციალი დააფიქსირა.
ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, NASA-ს მავალმა მარსის ცაზე მწვანე ციალი დააფიქსირა
ტექნოლოგიური შეზღუდვების მიუხედავად, მარსმავალმა წითელ პლანეტაზე "მთვარით" განათებული ღამე აღბეჭდა, სადაც ცაზე "იდუმალ სტუმარსაც" კი დაინახავთ.
ფოტო ამ წლის 1 მარტს, აშშ-ს დროით დილის 4:27-ზე აღიბეჭდა, Perseverance-ის მარსზე გაშვებიდან 1 433-ე მარსულ დღეს. ამ ფოტოს გადასაღებად, გუნდმა მარსმავლის მარცხენა სანავიგაციო კამერის ყველაზე ხანგრძლივი ექსპოზიცია გამოიყენა — ეს 3,28 წამს გულისხმობს. მათ 16 გამოსახულება გადაიღეს და შემდეგ ისინი 52-წამიანი ექსპოზიციით შეაერთეს.
ჩვენ მიერ ნახსენები "იდუმალი სტუმარი" კი დეიმოსია, მარსის ორი თანამგზავრიდან ერთ-ერთი. რელიეფი ბურუსიანია, მაგრამ ეს მხოლოდ მრავალჯერადი გადაღებების შედეგია. ცაც უცნაურად გამოიყურება: კაშკაშა თანამგზავრის გარდა რამდენიმე წერტილსაც შეამჩნევთ. მათგან მხოლოდ ორია ვარსკვლავი — რეგულუსი და ალგიება, რომლებიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს. დანარჩენი წერტილები უბრალოდ კამერას მოხვედრილი კოსმოსური სხივებია.
ეს მშვენიერი გამოსახულება მავალის მიერ წინასწარ დაგეგმილი კადრებიდან ერთ-ერთია.
Perseverance მარსზე უკვე 4 წელია "მოღვაწეობს". ამ დროის განმავლობაში მან 36 კმ გაიარა და ქანების 26 ნიმუში შეაგროვა. ამისდა მიუხედავად, NASA-ს მისია — Mars Sample Return — შესაძლოა, გაუქმდეს. აქედან გამომდინარე დიდი შანსია, რომ ამ ფასდაუდებელი ნიმუშების შესწავლა დიდი ხნით გადაიდოს.
კომენტარები