რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ, ივანიშვილის პარლამენტმა თებერვალში საქართველოს კანონმდებლობა გაამკაცრა. მათ შორის, შეიცვალა სასჯელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც გზების და მაგისტრალების ბლოკირებისთვის — თუ საპროტესტო აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა არ არის, მანიფესტაციის მონაწილეები 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით ჯარიმდებიან. კანონში რეპრესიული ცვლილებებს მიხელ ყაველაშვილმა ხელი 6 თებერვალს მოაწერა.

რეპრესიული კანონის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა გათვალისწინებული სადამსჯელო ზომების აღსრულებაც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, არასრულ სამ თვეში, 2024 წლის ნოემბრიდან — 2025 წლის მარტის შუა რიცხვებამდე დემონსტრანტებისთვის გამოწერილმა ჯარიმების ოდენობამ ორ მილიონ ლარს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ შსს დღეში საშუალოდ 3-4 ადამიანს აჯარიმებდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს — მაგალითისთვის, 21 თებერვალს ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საია-ს ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 150-მდე ზარი და თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვას. 150 5000-ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეებს ჯამურად 750 000 ლარის გადასახადი მხოლოდ 21 თებერვალს დაეკისრებოდათ.

ფოტო: ტბელ აბუსერიძე / NEWS.On.ge

დაჯარიმების პრაქტიკა თავდაპირველად განსხვავებული იყო. მას შემდეგ რაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილს იკავებდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათთან მიდიოდნენ და პირადად აფრთხილებდნენ, რომ სამკერდე კამერით მიღებული გამოსახულების საფუძველზე მოხდებოდა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. მალევე პრაქტიკა შეიცვალა — მოქალაქეებს საპატრულო პოლიცია აღარ აფრთხილებს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები სავალ ნაწილის იკავებენ, სამართალდამცავები მომენტალურად ტოვებენ მიმდებარე ტერიტორიას. აქ უკვე საქმეში სათვალთვალო ინფრასტრუქტურა ერთვება.

კამერების სანქცირებული მწარმოებელი

კამერების უმეტესობა, რომელიც რუსთაველის გამზირზეა დამონტაჟებული, ჩინური "დაჰუას" მიერ არის წარმოებული. კომპანია სათვალთვალო ვიდეოკამერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. საჯარო წყაროების მიხედვით, ის 2001 წლიდან ოპერირებს და მისი თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაა.

ფოტო: Thomas Peter/Reuters

2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ 28 ჩინური კომპანია, მათ შორის "დაჰუა", ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო შეერთებული შტატების შავ სიაში შეიყვანა. ამით დონალდ ტრამპმა "დაჰუას" ამერიკულ პროდუქტებზე წვდომა დაუბლოკა — მანამდე "დაჰუას" მნიშვნელოვანი მიმწოდებლები იყვნენ ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა Intel, Nvidia, Ambarella, Western Digital და Seagate Technology;

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული კომპანიები ჩართულები იყვნენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულ რეპრესიებში უიღურების და სხვა, ძირითადად მუსლიმი უმცირესობების წინააღმდეგ. ჩინეთში რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი სწორედ საყოველთაო მიყურადება და თავისუფლების უსაფუძვლო, დისკრიმინაციული აღკვეთა იყო. გაეროს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჩინურმა ხელისუფლებამ საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონამდე ადამიანი ჩასვა.

"აშშ-ის მთავრობა და ვაჭრობის დეპარტამენტი ვერ და არ მოითმენენ სასტიკ მოპყრობას ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ", — თქვა მაშინ ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა, ვილბურ როსმა.

2020 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა და მის ქვეშ არსებულ სააგენტოებს აუკრძალა ამ ჩინური კომპანიებისგან პროდუქტების შეძენა.

სანქციების პირველი ტალღის შემდეგ "დაჰუამ" ყურადღება სხვა მიზეზითაც მალევე მიიპყრო.

2021 წელს ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ დაასახელა ხუთი ჩინური კომპანია, რომლებიც "აღმოჩნდა, რომ მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის" — მათ შორის იყო "დაჰუაც".

ფედერალური კომისიის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების და მსოფლიოს სხვა მრავალი სახელმწიფოს რეაგირება მოჰყვა:

  • 2022 წლის ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა "დაჰუა" ჩინური სამხედრო კომპანიების სიაში შეიყვანა.
  • 2022 წლის ნოემბერში დიდმა ბრიტანეთმა "დაჰუას" აღჭურვილობის სამთავრობო შენობებში გამოყენება აკრძალა.
  • 2023 წლის თებერვალში ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოხსნიდა "დაჰუას" კამერებს მისი ადმინისტრაციული შენობებიდან.

"დაჰუას", "ჰიკვიჟენის" და სხვა ჩინური კომპანიების წარმოებული კამერები შემდგომში აიკრძალა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში და ქალაქში მსოფლიოს მასშტაბით — ამსტერდამში (ნიდერლანდები), კოპენჰაგენში (დანია), ოსლოში (ნორვეგია), კუებეკის რეგიონში (კანადა); კომპანიის პროდუქტების გამოყენება აკრძალული ან შეზღუდულია ტაივანში, შოტლანდიაში, უელსსა და ლიეტუვაში.

საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის

2023 წლის ივნისში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ "დაჰუა" ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. მიზეზი რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ვარაუდი და რუსეთში დიდი ოდენობით გადასახადების გადახდა იყო.

2024 წლის 25 იანვარს კი რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს საგამოძიებო პროექტმა "სქემამ" გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ჩინეთში წარმოებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტ კირილო ოვსიანის მიერ მომზადებულ საგამოძიებო პროექტის ფარგლებში, მან და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი დენისენკომ შეამოწმეს, რამდენად უსაფრთხო იყო "დაჰუას" და "ჰიკვიჟენის" კამერები.

როდესაც კამერა მობილურის მეშვეობით ინტერნეტს დაუკავშირდა, ვნახეთ, რომ მან ავტომატურად დაიწყო დაშიფრული ინფორმაციის გაგზავნა გერმანულ სერვერებზე, რომელსაც "დაჰუა" აკონტროლებს. მონაცემები მოიცავდა მოწყობილობის სარეგისტრაციო ინფორმაციას, მომხმარებლის სახელს [Login] და პაროლს. სერვერების გავლით გადაიცემოდა ვიდეო-სტრიმიც.” — თქვა სერგეი დენისენკომ დიაგნოსტიკის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კამერა ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტის შემდეგაც ცდილობდა ინფორმაციის გადაცემას სერვერებისთვის.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგაც კი, რაც მომხმარებელს სურს, გათიშოს კავშირი მოწყობილობას და ქლაუდ სერვერებს შორის, კამერა მაინც აგრძელებს ინფორმაციის გადაცემას დაჰუას მიერ ნაქირავები სერვერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დაშიფრული იგზავნება, მჯერა, რომ კამერის მწარმოებლისთვის მისი გაშიფვრა არ იქნება პრობლემა".

პროექტის ფარგლებში, ციფრული უსაფრთხოების ექსპერტებმა ისიც შეამოწმეს, თუ რამდენად მოწყვლადი იყო ტექნოლოგია ჰაკერული თავდასხმების წინააღმდეგ. ჩინური ჰიკვიჟენის კამერის გატეხა მათ 15 წუთში შეძლეს.

სპეციალური პროგრამის დახმარებით, ვხედავთ, რამდენად სწრაფად შეუძლია ჰაკერს კამერებზე წვდომის მოპოვება. თუ კამერას არ აქვს დაცვის შესაბამისი პარამეტრები ჩართული (რთული პაროლი, დაცული ინტერნეტ-კავშირი, დაცული როუტერი), მაშინ თავდამსხველს შეუძლია ადევნოს კამერისგან მიღებულ გამოსახულებას თვალი და შეინახოს ის სამომავლო გამოყენებისთვის.”

უკრაინელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს მოხდა 2024 წლის 2 იანვარს, როდესაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ობიექტები დაბომბა — უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში აღმოაჩინეს კამერები, რომელთა თვალთახედვის არეალშიც იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა გატეხეს, შეტევა კი მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიტანეს.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურდა, რომ ერთ-ერთი კამერა ჩინური ჰიკვიჟენი იყო.

"დაჰუა" საქართველოში და "მხოლოდ საქართველოსთვის"

დასავლური სამყაროს საპირისპიროდ, "დაჰუას" კამერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. ჩინური კომპანიის წარმოებულ კამერებს შეხვდებით არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ მთელ საქართველოში და მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან.

კამერების მოდელების დასახელება რთულად დასამახსოვრებელი, გრძელი კოდებია — DH-SD6CE245GB-HNR; DH-IPC-HFW5442E-ZHE; DH-SD8A440GA-HNV და ა.შ. ჩვენ მათი კატეგორიზაცია სამად მოვახდინეთ — დიდ (HNV), საშუალო (HNR) და პატარა (ZHE) კამერებად. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამივე მათგანს შეხვდებით.

კამერები, რომლებიც ყველაზე ხშირადაა გამოყენებული მოქალაქეების დაჯარიმებაში ფიზიკურად შედარებით დიდი ზომისაა და მისი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი. ესენია HNV ტიპის კამერები. ერთ ასეთ კამერაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 17 620 ლარი გადაიხადა. შესყიდვა 2024 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა, ხელშეკრულება კი მიმწოდებელ შპს "დელტა ქონსალთინგთან" 2025 წლის 20 იანვარს გაფორმდა — სახელმწიფომ 121 HNV კამერაში 2,132,020 ლარი გადაიხადა.

HNV კამერა თბილისში

ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე

კამერას შეუძლია პროგრამულად აღიქვას სატრანსპორტო საშუალებები, ველოსიპედები და ფეხით მოსიარულეები, დააფიქსიროს და გაარჩიოს სანომრე ნიშნები და მანქანის მოდელები. კამერას იმის აღქმაც შეუძლია, უკეთია თუ არა მანქანაში მჯდომს უსაფრთხოების ღვედი, ეწევა თუ არა სიგარეტს და იყენებს თუ არა მობილურს. კამერას სახეების დაფიქსირება, მისი მაღალ ხარისხში გადაღება და ბაზაში ატვირთვა შეუძლია. აქვს ქცევის აღქმის და შესაბამისი ნოტიფიკაციის გაგზავნის უნარიც — მაგალითად, დანაგვიანების, ნივთის უყურადღებოდ დატოვების და ღობეზე გადაძრომის შემთხვევაში. კამერას შეუძლია აღიქვას ადამიანების შეკრების დაწყება და მათი სახეების დაფიქსირება; შეუძლია ადამიანის სქესის, ასაკის და ემოციის ამოცნობა — ბრაზის, მოწყენილობის, სიძულვილის, შიშის, გაკვირვების, სიმშვიდის, ბედნიერების და დაბნეულობის. ამის გარდა, უკეთია თუ არა მას სათვალე ან ნიღაბი, ან ატარებს თუ არა ის წვერს.

ZHE კამერები თბილისში

ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე

ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე

არანაკლებ შემაშფოთებელია ZHE ტიპის, შედარებით მცირე ზომის კამერების მახასიათებლებიც, თუ არა უფრო მეტად. რუსთაველზე მათაც შეამჩნევთ — რაოდენობრივად ის გაცილებით მეტია. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ZHE ტიპის კამერები შედარებით დაბალ სიმაღლეზე აყენია. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ აღნიშნულ კამერებს მოქალაქის იდენტიფიცირებისთვის საჭირო გამოსახულების აღბეჭდვა მაქსიმუმ 13.1 მეტრის სიშორიდან შეუძლია. დიდი HNV კამერების შემთხვევაში, რომლებიც შედარებით მაღალ სიმაღლეზე არის დამონტაჟებული, ეს დისტანცია 245.2 მეტრია.

პატარა კამერას თითქმის ყველა ფუნქცია აქვს, რაც დიდს. დამატებით, ZHE კამერა ღრმა სწავლების ალგორითმებს იყენებს და საერთო ბაზებთან კავშირის შემთხვევაში შეუძლია დააიდენტიფიციროს ადამიანი, ცხოველი ან მანქანა როგორც რეალურ დროში, ისე ჩანაწერში. ამის გარდა, კამერას ხმის დეტექციის ფუნქციაც აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოწყობილობაში, შესაძლოა, მიკროფონიც იყოს.

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც ZHE ტიპის პატარა კამერას დამატებით აქვს, ადამიანების რაოდენობის მონიტორინგია. ჩანაწერებზე დაყრდნობით კამერას ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების გენერირება შეუძლია და ამაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

სავარაუდოდ, სწორედ ხალხის რაოდენობის დასათვლელად გამოიყენა ZHE ტიპის კამერები "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, თავისივე წინასაარჩევნო შეკრებაზე. მმართველმა პარტიამ გმირთა მოედანზე მისასვლელ ყველა ქუჩაზე სპეციალური კონსტრუქციები განათავსა, რომლებზეც "დაჰუას" კამერები და განათებები იყო დამონტაჟებული.

ZHE ტიპის კამერები 2023 წლის შემდეგ შესყიდული აქვს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრს (112), საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.

ძალოვანი სტრუქტურები მხოლოდ ამ ორი ტიპის კამერას არ დასჯერდნენ — "დაჰუას" ოფიციალურ ვებ გვერდზე იძებნება "მხოლოდ საქართველოსთვის" მოდიფიცირებული საშუალო ზომის HNR კამერაც.

ფოტო: "დაჰუას" ვებგვერდი

გარეგნულად ის დიდ HNV კამერას ჰგავს. ორიგინალი მოდელი, როგორც ჩანს, სამშენებლო ობიექტის მონიტორინგისთვისაა შექმნილი. სტანდარტული, ზემოჩამოთვლილი მახასიათებლების გარდა, მას შეუძლია უნიფორმების ამოცნობა და იმის დადგენა, ახურავს თუ არა ადამიანს ჩაფხუტი, უკეთია თუ არა სპეციალური ნიღაბი და ატარებს თუ არა ფეხსაცმლის დამცავებს.

"მხოლოდ საქართველოსთვის" შექმნილ ვერსიას მსგავსი შესაძლებლობები არ აქვს და მას მხოლოდ პერიმეტრის კონტროლი შეუძლია — ტერიტორიაზე შეჭრა, ღობეზე გადაძრომა, ადამიანების შეკრება და ა.შ.

2023 წლის სექტემბრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა "112" ასეთი მინიმუმ 300 კამერა შეიძინა და მათში 954 800 ლარი გადაიხადა.

HNR კამერა თბილისში

ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე

ფოტო: ვაჟა ფანჯაკიძე

საბოლოო ჯამში კი, 2023 წლის ივლისის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შეისყიდა "დაჰუას" წარმოებული მინიმუმ 2463 კამერა. კამერების და მისი ქსელური ინფრასტრუქტურის შესასყიდად და გასამართად სულ მცირე 18 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 6 779 380 ლარი იყო.

"დაჰუას" კამერები განთავსებულია მთელ საქართველოში — მათ ვხედავთ თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე და როგორც პარლამენტის შენობის, ისე მთავრობის კანცელარიის გარშემო.

ღია წყაროებით დასტურდება, რომ კამერები შეისყიდეს ძალოვანი უწყებების შემდეგ შენობებში დასამონტაჟებლად:

  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობაში
    (ნოე რამიშვილის ქ. №38);
  • შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, III მთავარ სამმართველოში (ქ. გორი, ცხინვალის გზატ. მე-6 კმ);
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტში (დიღმის მასივი II კვ, ჩალაძის N2);
  • ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოში (იაკობ ცურტაველის N24);
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტში (კორნელი ჩალაძის N1);
  • შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობაში (ქ. ქუთაისი, ორახელაშვილის ქ. N8);
  • შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის, ახალქალაქის, ახალციხის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თბილისის, თელავის, ოზურგეთის, საჩხერეს, ფოთისა და ქუთაისის ცენტრებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
  • ამის გარდა, ჩინური სათვალთვალო კამერები აყენია 112-ის ევაკუატორებზე და დიღმის და ვარკეთილის საჯარიმო სადგომებზე;

სათვალთვალო ეკოსისტემაში კამერების გარდა, მივაკვლიეთ სხვა ჩინურ პროდუქტსაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ბოლო შესყიდვა, რომელიც არ არის გრიფირებული, 2023 წლის მაისში მოხდა — სპეციალური აუქციონით (SPA230001096) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ "დაჰუას" 48 კამერა და მის დასამონტაჟებლად საჭირო აქსესუარები შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულება 39 995 ლარი იყო, მიმწოდებელი კი შპს "ჯი ეს სი".

მნიშვნელოვანი იყო სატენდერო დოკუმენტაციაში ხაზგასმული აუცილებელი ტექნიკური მახასიათებელი — კამერა თავსებადი უნდა ყოფილიყო "არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფა DSS express-თან".

სატენდერო დოკუმენტაცია

DSS Express ჩინური "დაჰუას" ციფრული პროგრამაა, რომელშიც თავს იყრის მასთან დაკავშირებული ყველა კამერის გადმოცემული კადრი და ჩანაწერი.


როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი იაშვილი განმარტავს, "დაჰუას" სათვალთვალო ინფრასტრუქტურის ზრდის ტენდენცია საქართელოში შემაშფოთებელი და საყურადღებოა; განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ამ სისტემების გამოყენება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს კიბერთავდასხმებისთვის მოწყვლადად აქცევს.

"რაც უფრო ღრმად ექნება ამ მოწყობილობებს ფესვები გადგმული ჩვენს უსაფრთხოების ეკოსისტემაში, მით უფრო მარტივად შეეძლებათ თავად მწარმოებელ კომპანიასა და შესაბამისად, ჩინეთის სპეცსამსახურებსაც, მოიპოვონ წვდომა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

ამას გარდა, ცნობილია, რომ აღნიშნული მოწყობილობები ადვილად მოწყვლადია საშუალო სიმძლავრის კიბერთავდასხმების მიმართაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში შემოღწევა შეუძლიათ ასევე სხვადასხვა ჰიბრიდულ აქტორებსა თუ კიბერკრიმინალებს. ამის შედეგად, შესაძლოა მოხდეს როგორც მოქალაქეების პერსონალური, ბიომეტრიული მონაცემების, ასევე, ბევრად უფრო სენსიტიური, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გაჟონვა და სხვადასხვა აქტორების ხელში აღმოჩენა", — ამბობს გიორგი იაშვილი.

ამასთან, უცნობია, როგორ ხდება აღნიშნული სათვალთვალო კამერების გავლით მოპოვებული ინფორმაციის შენახვა ან დამუშავება. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დასაშვები და აკრძალული ICT სერვისებისა და პროდუქტების ჩამონათვალი (ე.წ. White List, Black List), რომლის მიხედვითაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებს შეეძლებათ იმოქმედონ შესყიდვების პროცესის დაგეგმვისას. ჩინური ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში კი დამოკიდებული ვხდებით კონკრეტული ქვეყნისა და კომპანიის სერვისზე, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო ინფრასტრუქტურა ბოლო წლებში კონტროლის ძალიან დისტოპიურ და შემაშფოთებელ ინსტრუმენტად იქცა. მიყურადების ეს მასშტაბი დაუკვირვებელი თვალისთვისაც შესამჩნევია და სამართლიანად აღძრავს განცდას, რომ საქართველო დიქტატორულ მმართველობას უახლოვდება. კონტროლის მსგავსი მექანიზმები დანერგილია სხვადასხვა არა-დემოკრატიულ ქვეყანაში.

მაგალითისთვის, 2025 წლის 3 მარტს ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან კურბაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში 60 000 "ჭკვიანი კამერა" აქვთ დამონტაჟებული. სულ რაღაც 6 წლის წინ კი მათი რაოდენობა ბელორუსში მხოლოდ 100 ერთეული იყო — იმაზე ნაკლები, ვიდრე დღეს საქართველოშია.

ვიდეოთვალთვალისთვის განკუთვნილი კამერების რაოდენობა ბელორუსში


ჩვენ კითხვით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუ რატომ ხდება კონკრეტულად ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვა და უქმნის თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატიის ტექსტი განახლდება.