ჰუნების წარმოშობა დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. საუკუნეების განმავლობაში მსჯელობდნენ ამ მომთაბარე ხალხზე, რომელმაც რომის იმპერიის დასუსტებასა და საბოლოო დაცემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ზოგი მკვლევარი მათ ხუნუს იმპერიას უკავშირებდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნემდე მონღოლეთის ტერიტორიაზე არსებობდა.

ამის მტკიცე დასტური ან უარმყოფელი ფაქტები აქამდე არ არსებობდა, თუმცა ახლა საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი. მეცნიერებმა ჰუნების V-VI საუკუნეების 370 ჩონჩხიდან მოპოვებული უძველეს დნმ შეისწავლეს. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჰუნები ერთგვაროვან ეთნიკურ ჯგუფს არ წარმოადგენდნენ, არამედ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებისგან შედგებოდნენ, რომელთაც ხუნუს იმპერიასთან მხოლოდ გარკვეული კავშირი ჰქონდათ. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

ჰუნების გენეტიკური მრავალფეროვნება იმაზე მიუთითებს, რომ მათი წარმოშობა გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. ისტორიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ჰუნები ხუნუს ხალხის შთამომავლები იყვნენ, რადგან მათ შორის გარკვეული კულტურული მსგავსებები იკვეთებოდა, მაგალითად: იარაღისა და მშვილდ-ისრის ტიპები, აგრეთვე თავის ქალის მოდიფიკაციის ტრადიცია. ამის მიუხედავად, 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ თავად ხუნუს პოპულაციაც გენეტიკურად საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.

ფოტო: Eötvös Loránd University

ახალმა კვლევის ფარგლებში ჰუნების წარმომავლობის საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლეს. ამისთვის მეცნიერებმა გენეტიკური მონაცემები სამ ჯგუფად დაჰყვეს: პირველი ჯგუფი ხუნუს პერიოდის (ძვ. წ. 209 – ახ. წ. 98) აღმოსავლეთ ევრაზიის სტეპებში მცხოვრებ ადამიანებს მოიცავდა, მეორე ცენტრალურ აზიაში II-VI საუკუნეებში მცხოვრებ ინდივიდებს, ხოლო მესამე — კარპატების აუზში, ანუ დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე, IV-IX საუკუნეებში ჰუნების ტიპის სამარხებში დაკრძალულ პირებს.

მეცნიერებმა გენომების შესასწავლად გამოიყენეს მეთოდი, რომელსაც "წარმოშობითი იდენტობა" (IBD) ეწოდება. ეს ტექნიკა ადგენს გენეტიკურ კავშირებს იმ ინდივიდებს შორის, რომელთაც ერთი და იმავე წინაპრისგან მიღებული დნმ-ის გრძელი სეგმენტები აქვთ. კვლევამ სამივე ჯგუფს შორის რამდენიმე ნათესაური კავშირი გამოავლინა, თუმცა ასევე დადასტურდა, რომ თითოეულ ჯგუფში შემავალი ადამიანები ერთმანეთთან უფრო მჭიდრო გენეტიკურ კავშირში იყვნენ.

საინტერესოა, რომ ცენტრალური აზიის სტეპებსა და კარპატების აუზში მცხოვრებ 97 ადამიანს შორის ოთხსაუკუნოვანი კავშირი დაფიქსირდა. ამასთან, ხუნუს პოპულაციის ორი წარმომადგენელი, რომლებიც მაღალი სტატუსის მქონეთა სამარხებში იყვნენ დაკრძალულნი, ჰუნების პერიოდის რამდენიმე ადამიანის პირდაპირი წინაპრები აღმოჩნდნენ. შესწავლილი ჰუნების უმეტესობას სხვადასხვა დოზით ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობა უფრო აღმოაჩნდა.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა 35-დან 50 წლამდე ასაკის ჰუნი ქალს ეხებოდა, რომელიც უნგრეთში მიაგნეს. მას ხელოვნურად დაგრძელებული ქალა ჰქონდა და V საუკუნის პირველ ნახევარში ოქროს საყურეებით იყო დაკრძალული. მეცნიერების თქმით, მას გენეტიკური კავშირი ხუნების მაღალ საზოგადოებასთან აქვს. ეს კი შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ თავის ქალის მოდიფიკაციის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.