დაახლოებით 590 მილიონი სინათლის მანძილზე ასტრონომებმა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი ფენომენი შენიშნეს — წრიული სინათლე, რომელსაც "აინშტაინის რგოლი" ეწოდება.

იგი გალაქტიკა NGC 6505-ის გარშემო მოჩანს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალმა ტელესკოპმა "ევკლიდემ" დააფიქსირა. ასეთი ობიექტები, რა თქმა უნდა, აქამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა ეს უკანასკნელი ობსერვატორიის ობიექტივში მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდა.

იგი გრავიტაციული ლინზირების მაგალითია. ამ დროს შორეული გამოსახულება ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ მდებარე მასიური ობიექტის გარშემო გამრუდებული სინათლის რგოლის სახით ვლინდება. პირველად მსგავსი ფენომენის არსებობა სწორედ აინშტაინის ფარდობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა.

ფოტო: ASA, ESA & L. Calçada

გრავიტაციული ლინზირება მაშინ იჩენს თავს, როცა წინა ფონზე მდებარე მასიური ობიექტი, როგორიც, მაგალითად, გალაქტიკათა შეჯგუფება ან შავი ხვრელია, გარშემო დრო-სივრცეს ამრუდებს. შესაბამისად, მის უკან მდებარე გალაქტიკებისა თუ ზეახალი ვარსკვლავების სინათლეც ამ გამრუდებულ ტრაექტორიას მიჰყვება და დამახინჯებულად ჩნდება.

ფაქტობრივად, ეს ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშაა, რომელიც შორეული ობიექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ისინი ზოგჯერ თაღის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მთლიან რგოლს ქმნის.

"ევკლიდეს" მიერ დაფიქსირებული აინშტაინის რგოლის შორი ხედი.

ფოტო: ESA/Euclid/Euclid Consortium/NASA

უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვენთან უფრო ახლომდებარე გალაქტიკის (NGC 6505) გარშემო შედარებით შორს არსებული გალაქტიკის გამრუდებული სინათლეა კონცენტრირებული. ის დაახლოებით 4.43 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზეა, მაგრამ ამ "გამადიდებელი შუშის" წყალობით, მასზე დაკვირვება შეგვიძლია.

რგოლის ნათელი წერტილები ე.წ. სარკული გამოსახულებებია. ისინი მაშინ ჩნდება, როცა გამრუდებული ობიექტი დამკვირვებლის მიმართ სიბრტყეზე იდეალურად არაა განლაგებული.

აინშტაინის რგოლის ახლო ხედი.

ფოტო: ESA/Euclid/Euclid Consortium/NASA

ეს მხოლოდ მეხუთე ასეთი რგოლია, რომელიც კოსმოსური მასშტაბებით შედარებით "ახლოს" დააფიქსირეს. კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, მსგავს დისტანციაზე ლინზირების შანსი მხოლოდ 0.05% იყო, ანუ ძალიან გაგვიმართლა.

მეცნიერები ამბობენ, რომ გალაქტიკა NGC 6505 ჯერ კიდევ 1884 წელსაა აღმოჩენილი და საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. ამის მიუხედავად, მის გარშემო რგოლი მხოლოდ ახლაღა შენიშნეს, რაც "ევკლიდეს" შესაძლებლობებს ცხადყოფს. ეს ტელესკოპი ჩვენთვის უხილავი ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლადაა შექმნილი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.