რა მოხდება, თუ ასტეროიდი ბენუ 2 182 წელს დედამიწას შეეჯახება — ახალი სიმულაცია

ასტრონომები ასტეროიდ ბენუდან ჩამოტანილ ნიმუშებს აქტიურად იკვლევენ. ის მათთვის საინტერესოა, რადგან მზის სისტემის წარმოქმნის დროინდელ მატერიას შეიცავს, მაგრამ მისი მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
0.04%-ია შანსი, რომ ბენუ 2 182 წლის სექტემბერში დედამიწას შეეჯახება. მართალია, ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს, ამიტომ სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა ახალი სიმულაციებით პოტენციური კატასტროფის შესწავლა გადაწყვიტეს. კერძოდ, მათ იმის გაგება სურდათ, თუ რა მოხდება შეჯახების შემთხვევაში, რისთვისაც კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს.
ასტეროიდთან ბოლო მასშტაბური შეჯახება 66 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ამ ობიექტის ზომა 10-15 კილომეტრი იყო, ბენუ კი 500-მეტრიანია, ანუ ბევრად პატარა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ის მაინც საფრთხის შემცველია. სიმულაციების მიხედვით, მასთან შეჯახება სტრატოსფეროში 100-400 მილიონი ტონამდე მტვრის გაფრქვევას გამიწვევს, რაც კლიმატზე, ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობასა და გლობალურ ფოტოსინთეზურ პროცესებზე იმოქმედებს. ასევე, მსოფლიო ტემპერატურა 4°C-ით შემცირდება, ატმოსფერული ნალექი (წვიმა, თოვლი) კი 15%-ით მოიკლებს.
დედამიწასთან 500-მეტრიანი ასტეროიდის შეჯახების ამ და სხვა მსგავსი ეფექტების გამოსავლენად სპეციალისტებმა Aleph-ის სახელით ცნობილი სუპერკომპიუტერი გამოიყენეს. სიმულაციებმა ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემების ცვლილებაც მოიცვა, რომლებიც არა უშუალოდ ობიექტის ძლიერ დაცემას, არამედ ამის შემდგომ ჯაჭვურ რეაქციებს უკავშირდება. ეს იმიტომ, რომ ატმოსფეროში გაფრქვეული დიდი რაოდენობით მტვერი მზის სხივებს დაბლოკავს, რაც ფოტოსინთეზს შეაფერხებს, შედეგად კი კლიმატი შეიცვლება.
ნალექისა და ტემპერატურის კლებასთან ერთად, ატმოსფერული ოზონის 32%-იც განადგურდება. ეს პლანეტის მცენარეულ საფარზე უარყოფით გავლენას იქონიებს და მათ ზრდას შეუშლის ხელს. ხმელეთსა და წყალში ფოტოსინთეზი 20-30%-ით შემცირდება, რაც შესაძლოა, საკვების ხელმისაწვდომობაზე აისახოს.
პროგნოზის მიხედვით, ხმელეთზე არსებულ მცენარეებს ძალების აღსადგენად შედარებით დიდი დრო დასჭირდება, წყალმცენარეები კი უფრო გამრავლდება, ვიდრე ნორმალური კლიმატის პირობებშია. მეცნიერები ამას შეჯახებისას გატყორცნილ მატერიაში არსებულ რკინასთან აკავშირებენ, რომელიც წყალმცენარეებისთვის ხელსაყრელია. განსაკუთრებით დიატომეებისთვის (კაჟოვანი წყალმცენარეები), რომელთაც საკვებად ზოოპლანქტონები იყენებენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ საშუალო ზომის ასტეროიდები დედამიწას დაახლოებით 100-200 ათას წელში ერთხელ ეჯახება. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები რამდენიმე ასეთ მოვლენას უნდა შესწრებოდნენ, მაგრამ ამან ჩვენს ევოლუციას ხელი ვერ შეუშალა. ასეა თუ ისე, ბენუსთან შეჯახების შანსი მაინც ძალიან მცირეა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები