სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს ყოველთვის ანებივრებს მრავალფეროვანი გამოცემებით და ამ მხრივ გამონაკლისი არც გასული წელი ყოფილა. სტატიაში მოგიყვებით წიგნებზე, რომლებმაც 2024 წელს არაერთი მკითხველის თარო შეავსეს. მათი ნაწილი წლებია ტოპ ათეულშია, ნაწილი კი ამ სიას წელს შეუერთდა.

მზე, მთვარე და პურის ყანა — თემურ ბაბლუანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) რომ წელსაც ბესტსელერების სიაშია ,ალბათ, არავის გაგიკვირდებათ. რომანი წლებია ყველა გემოვნების მკითხველს თანაბრად აღაფრთოვანებს და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. თემურ ბაბლუანი ერთი თბილისელი ბიჭის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ტკივილითა და დარდითაა სავსე.

მთავარი გმირი, ჯუდე ანდრონიკაშვილი საშინელი სისასტიკის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდება. თუმცა, თურმე ყველაფრის გაძლება შესაძლებელია, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

თემურ ბაბლუანმა მოიპოვა ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში.

ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა-ს განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება — მეტიც, რომანი, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას კინოკამერის სიზუსტით აღწერს, თავად იქცა კულტურულ ფენომენად. გარდა იმისა, რომ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანების სიაშიც ერთ-ერთი ლიდერია, ეს წიგნი 17 ენაზე ითარგმნა და უცხოელი მკითხველის თაროზეც დაიკავა საპატიო ადგილი.

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — ჯოან როულინგი

მთარგმნელი - მანანა ანთაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა სულაკაურის გამომცემლობამ პირველად 2001 წელს თარგმნა და ქართველ მკითხველს გააცნო ჰარი — ბიჭი, რომელიც გადარჩა.

ჰოგვორტსის სამყარომ მსოფლიოში მკითხველის გული მოიგო და გვასწავლა სიყვარულის, მეგობრობის, სიმართლის, თანასწორობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის ძალა — რაც მთავარია, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ალბათ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ჰარი პოტერი დღემდე ყველასთვის გამორჩეულ წიგნად რჩება.

ნუ მოკლავ ჯაფარას — ჰარპერ ლი

მთარგმნელი — ლელა დუმბაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად.

დიდი დეპრესიის პერიოდში, ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის ჯინ ლუიზა ფინჩის, მეტსახელად, ჭყიტას თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე ადამიანებსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა — ცუდი, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა. ეს წიგნი, წაკითხვისთანავე, ნებისმიერი ასაკის ადამიანის საყვარელ ნაწარმოებად იქცევა.

შაშვი შაშვი მაყვალი — თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თამთა მელაშვილის რიგით მესამე წიგნი, შაშვი შაშვი მაყვალი, გამოსვლის დღიდან მკითხველებს შორის უზომო პოპულარობით სარგებლობს. რომანის მთავარი გმირი ეთეროა, შუახნის მარტოხელა ქალი, რომელიც თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მისი ცხოვრება უშფოთველი და ერთფეროვანია, მოსაწყენიც კი. თუმცა, ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ, ქალი სასიყვარული თავგადასავალში ეხვევა და მისი ცხოვრებაც თავდაყირა დგება.

2021 წელს, შაშვი შაშვი მაყვალი პრემია საბას ლაურეატი გახდა, ნომინაციაში, წლის საუკეთესო რომანი. რომანის მიხედვით რეჟისორმა ელენე ნავერიანმა 2022 წელს ფილმიც გადაიღო.

როძინა ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა — აკა მორჩილაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

აკა მორჩილაძის როძინა ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა სულ ახლახანს გამოიცა და მკითხველების ყურადღებაც მაშინვე მიიპყრო. თანამედროვე ადამიანისთვის მივიწყებული ჟამთააღმწერლის ენით ავტორი საბჭოთა რეპრესიებზე გვიყვება და შეულამაზებლად გვამოგზაურებს ისტორიულ წარსულში, რომელიც დღემდე ცოცხალი და ხელშესახებია.

ერთი დიდი ტყის მახლობლად — ლეო ვარდიაშვილი

მთარგმნელი — დავით ახალაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორია. ერთი დიდი ტყის მახლობლად მისი სადებიუტო, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც ერთდროულად 19 ქვეყანაში, 17 ენაზე გამოიცა.

ნაწარმოების მთავარი გმირი საბა სულიძე-დონაურია, რომელიც 1992 წელს, სამოქალაქო ომის ფონზე, საქართველოს მამასთან და ძმასთან ერთად ტოვებს და თავშესაფრის საძიებლად ინგლისში ჩადის. თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა წლების შემდეგ საბა სულიძე-დონაური სამშობლოში ოჯახის წევრების მოსაძებნად ბრუნდება.

"ამ რომანმა გამანადგურა. სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი", — ასე იხსენებს ლეო ვარდიაშვილის რომანის კითხვის პროცესს ავღანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი, ხალიდ ჰოსეინი.

ქართველი ავტორი, რომლის წიგნიც 19 ქვეყანაში გამოიცა

გაზაფხულის თოვლი — იუკიო მიშიმა

მთარგმნელი — თათია მემარნიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას გაზაფხულის თოვლი 2023 წელს გამოიცა და ბესტსელერების სიაში დამსახურებულ ადგილს დღესაც მტკიცედ იკავებს.

წიგნში ვკითხულობთ, როგორ ვითარდება სასიყვარულო დრამა იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე, როგორ იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული.

მეორე სქესი — სინამდვილე და მითები — სიმონ დე ბოვუარი

მთარგმნელები — მზია ბაქრაძე, თამარ ბერიკაშვილი, გოჩა ჯავახიშვილი
რედაქტორი: მარინა ყიფშიძე
მთავარი სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წიგნს, რომელსაც "ფემინიზმის ბიბლიასაც" უწოდებენ არამხატვრული ლიტერატურის მკითხველები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ და მისი ბესტსელერებს შორის დანახვა სულაც არ არის გასაკვირი. ეს სქელტანიანი, ორი ტომისგან შემდგარი ნაშრომი ფემინისტური ფილოსოფიის ერთ-ერთ საეტაპო ტექსტად მიიჩნევა.

როგორ მოხდა ადამიანთა ერთობის უთანასწორო გაყოფა? როდის და რა გარემოებათა გავლენით იქცა ქალი "მეორე სქესად", მამაკაცზე დაქვემდებარებულად? რას მოგვითხრობს მითოლოგია ან სოციალური მეცნიერებები "სუსტი" სქესის დრამატულ თავგადასავალსა და ქალთა მძიმე ხვედრზე? სწორედ ამ კითხვებს სცემს პასუხებს სიმონ დე ბოვუარი.

ინდოეთის დღიური — არჩილ ქიქოძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წლის ბესტსელერის სტატუსი თანამედროვე ქართველი მწერლის, არჩილ ქიქოძის "ინდოეთის დღიურმაც" მოიპოვა, რომელშიც ავტორი ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება.

„ნატურალისტურ-ლიტერატურულ“ მოგზაურობაში კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს ვეცნობით და ავტორის მოგონებების თანამოზიარეებიც ვხდებით.

ინდოეთის დღიური მოხვდა ლიტერატურული პრემია საბას შორთლისთშიც. ამ სერიის ფარგლებში სულაკაურმა გამოსცა არჩილ ქიქოძის კიდევ ორი წიგნი: მექსიკური დღიური და ნორვეგიული დღიური. სამივე მათგანი ავტორის მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოებითაა გაფორმებული.

სულაკაურის გამომცემლობა ქართველ მკითხველს 2025 წლისთვისაც არაერთ სიახლეს ჰპირდება. შესაბამისად, ისღა დაგრჩენია, თვალი მათ ვებსაიტს მიადევნო და წიგნის მაღაზიებს ესტუმრო.