ლექს ფრიდმანის YouTube არხზე ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა. თუკი პარამეტრებში გადახვალთ, აუდიოჩანაწერების ველს შენიშნავთ, რომლიდანაც ვიდეო სამ სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი. მეტიც, თითოეული ვერსია თავად ზელენსკისა და ინტერვიუერის ხმითაა გახმოვანებული. ამ ყველაფერს YouTube-ის ახალი ფუნქცია აკეთებს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მუშაობს.

ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში შევიტყვეთ, რომ YouTube-ს Aloud-თან თანამშრომლობით ავტომატური დუბლირების სერვისი ემატებოდა. სატესტო ფუნქცია მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ნაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ახლახან YouTube-მა გვამცნო, რომ ვიდეოების დუბლირება უკვე ასიათასობით არხს შეუძლია. საუბარია იმ პლატფორმებზე, რომლებიც YouTube-თან პარტნიორობის პროგრამაში (YouTube Partner Program) არიან ჩართულნი და საინფორმაციო-საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოებს წერენ.

როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი არხი ლექს ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც პოდკასტებსა და სხვა ტიპის ვიდეოებზე მუშაობს. გარდა უკრაინის პრეზიდენტისა, დუბლირებული ინტერვიუები მას არაერთ ცნობილ სახესთან ჩაუწერია, მათ შორის ილონ მასკთან და სემ ალტმენთანაც.

ზელენსკის ინტერვიუს დუბლირებული ვერსიების სანახავად YouTube-ის ბმულზე უნდა გადახვიდეთ. პარამეტრების (Settings) ველში აუდიოჩანაწერების (Audio tracks) ველი დაგხვდებათ, საიდანაც სხვადასხვა ვერსიას იხილავთ: ორიგინალ ვიდეოში (English, United Kingdom) ენები შერეულია, დუბლირებულ ჩანაწერებში კი ორივე სპიკერი უკრაინულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე საუბრობს. ინტერვიუები მათივე ხმებითაა გახმოვანებული.

როგორ მუშაობს ავტომატური დუბლირების ფუნქცია YouTube-ზე

YouTube-ზე დუბლირების ფუნქცია ავტომატურად მუშაობს, თუმცა მომხმარებელს შეუძლია, ჩანაწერები შეცვალოს, წაშალოს ან არ ატვირთოს.

Aloud-ის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ხელსაწყო ჯერ ვიდეოს ტრანსკრიპტს აკეთებს. ამ ტექსტს იგი მომხმარებელს სთავაზობს, რომელსაც მისი შემოწმება და რედაქტირება შეუძლია. შემდგომში ხელოვნური ინტელექტი ტექსტს თარგმნის და დუბლირებას აკეთებს, მომხმარებელი კი საბოლოო ვერსიას საკუთარ არხზე ტვირთავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიდეოების დუბლირება YouTube-ის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ არხებს შეუძლიათ. საქართველოში და ჩვენს ენაზე ეს სერვისი ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შესაძლებელია სხვების მიერ დუბლირებული ვიდეოების ყურება.

YouTube-ის ბლოგპოსტის მიხედვით, ინგლისური ვიდეოები რამდენიმე ენაზე გახმოვანდება. ესენია: ფრანგული, გერმანული, ჰინდი, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, პორტუგალიური და ესპანური. თუკი ვიდეო რომელიმე ამ ენაზეა, ხელოვნური ინტელექტი ამას ავტომატურად ამოიცნობს და დუბლირებას ინგლისურად გაუკეთებს.

გარდა ამისა, ზელენსკის ინტერვიუდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ YouTube-ზე ავტომატური დუბლირება უკრაინულ და რუსულ ენებზეც ხელმისაწვდომი, თუნდაც საცდელად.

თავისთავად, ხელსაწყო იდეალური არაა. მაგალითად, ზემოხსენებულ ვიდეოში ჩანს, რომ დუბლირებული ხმა სპიკერის პირის მოძრაობას ზუსტად არ ემთხვევა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია ჯერ საკმაოდ ახალია და ყოველთვის უნაკლო ვერ იქნება. ბევრს ვმუშაობთ, რომ იგი რაც შეიძლება ზუსტი იყოს, თუმცა იქნება ისეთი მომენტებიც, როცა თარგმანი ბოლომდე სწორი არ იქნება ან დუბლირებული ხმა რეალური სპიკერისას ზუსტად ვერ წარმოადგენს", — გვაფრთხილებს YouTube.

კომპანია აცხადებს, რომ Google DeepMind-სა და Google Translate-თან თანამშრომლობით სამომავლოდ სურთ, დუბლირება მეტად "ზუსტი, ექსპრესიული და ბუნებრივი" გახადონ.

თავისთავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ YouTube-ზე ქართულად გახმოვანებულ ვიდეოებს (ან ქართული ვიდეოების დუბლირებულ ვერსიებს) ახლო მომავალში ვიხილავთ. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უკვე ვიხილეთ რამდენიმე წამოწყება, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა უკეთესად "ისწავლოს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.