"რა თქმა უნდა, მე პარტიას წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არც ჭავჭავაძის პროტესტით დაიწყება და არც ამით დასრულდება. ეს გრძელვადიანი პროცესია, ვიღაცისთვის მომქანცველი, მაგრამ უწყვეტი პროტესტი, პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს. მთავარი ისაა, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან არ უნდა მოხდეს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია. ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, უნდა იყოს მარგინალური ხელისუფლება, მას არავინ უნდა ელაპარაკებოდეს, მასთან უნდა იყოს ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი, მასზე უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან.
ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ჩვენ ისეთ პროცესს არ შევქმნით, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში ძალადობა გამოიწვიოს, მაგრამ რა პოლიტიკური ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება, გამოვიყენებთ — ჩვენ ამ მეთოდებს მივმართავთ. ეს იქნება დროში გაწელილი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეფექტის მომტანი. იმიტომ, რომ დღეს, ამ მოცემულობით, ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს — რასაც უნდათ იმას იზამენ. დღეს თუ დააკლდათ, ვთქვათ, 200-300 ათასი ხმა და 400 ათასი დაიწერეს, ამ სისტემაში, სადაც ივანიშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, არჩევნები ჩატარდება თუ არა პატიოსნად, ჩვენ არ გვაქვს სისტემური გარანტიები.
ჩვენ არ გაგვაჩნია ცესკო, სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა — პოლიციაც კი ივანიშვილის ჯიბეშია. შესაბამისად, ლეგალური საშუალებები, სადაც შეიძლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში არ არის. დღეს არაფერს აზრი არ აქვს, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ მინიმუმ ეს გარანტიები შეიქმნას, რათა ხალხს გაუჩნდეს განცდა, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი აქვს. ამიტომ, ეს პროცესი არც ჭავჭავაძის გამზირით დაწყებულა და არც აქ დამთავრდება.
ეს გაგრძელდება... 25-ში უნდა შეიკრიბონ, მერე მთავრობა უნდა აირჩეს. ბევრი პროცედურაა გასავლელი, საკონსტიტუციო სარჩელი დარჩა, საერთაშორისო ჯგუფები უნდა ჩამოვიდნენ... გრძელვადიანი პროცესია — ნერვების ომიცაა, რესურსების ომიც არის, გამძლეობის ბრძოლაც არის, ამიტომ ჩვენ ყველაფერში უნდა გავძვრეთ, ყველაფერს უნდა გავუძლოთ.
რა აქვს ხელისუფლებას? ხელისუფლებას საპოლიციო ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია ყოველღამე მოვიდეს, მძინარე ადამიანს თავს დაესხას და წავიდეს. ეს აქციაც რაღაც მომენტში გვერდით გადაიწევა, მერე კი უკან დაბრუნდება. ჯერჯერობით ამის რესურსი არის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ. შესაბამისად, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ სირაძეს მოიყვანს თავისი საპატრულო რაზმით, ჩვენ კი შეგვეშინდება და სახლებში გავიქცევით. ბევრი სირაძე გვინახავს ამ ქვეყანაში, ბოლოს დაპატარავებული, მუხლებზე დამდგარი და მთხოვნელი — "არ დამიჭიროთ, რეჟიმი მავალებდაო". ჩვენ გვინახავს ასეთი ადამიანები, მთავარია, ჩვენ როგორი თანმიმდევრულები ვიქნებით და როგორ წავიყვანთ ამ პროცესს".
კომენტარები