ნახეთ: როგორ ჩანს კოსმოსიდან საჰარის უდაბნოს პირამიდული დიუნები
საჰარის უდაბნოს დასავლეთ კიდეზე ქვიშის უზარმაზარი დიუნებია, რომელთაც მოწითალო ელფერი დაჰკრავს და გასაოცარ სანახაობას ქმნის. ეს ლანდშაფტი ასტრონავტებმა ახლახან ორბიტიდან გადაიღეს, კერძოდ კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.
სურათი, რომელიც, თითქოს, სულ სხვა პლანეტის ხედს გვიჩვენებს, პროექტ NASA Earth Observatory-ის ფარგლებში გამოქვეყნდა. ეს კადრი მაშინ აღბეჭდეს, როცა სადგური სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოს თავზე გადაადგილდებოდა. მასზე ვხედავთ ქვიშიანი მასივების ვრცელ არეალს, რომელსაც ერგ-შები ეწოდება.
ქვიშის დიუნები იქ, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ისინი სხვადასხვაგვარია, მათ შორისაა ე.წ. პირამიდული დიუნები, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ქარს ქვიშა სხვადასხვა მხრიდან გადმოაქვს. შედეგად, ამგვარი ნაწილაკების მასის ცენტრალური ნაწილი ამოზნექილია და მის გარშემო რამდენიმე ქედია ჩამოყალიბებული. ეს ვარსკვლავის მსგავს ფორმას ქმნის, ამიტომ მსგავს დიუნებს "ვარსკვლავისებრსაც" უწოდებენ.
მართალია, პირამიდული დიუნები საჰარის უდაბნოსთან ასოცირდება, მაგრამ ისინი არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გვხვდება. ასევე, მსგავსი წარმონაქმნები დაფიქსირებულია მარსსა და სატურნის თანამგზავრ ტიტანზე.
ვარსკვლავისებრი დიუნები ქვიშის ამგვარი მასივებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 300 მეტრსაც კი აღწევს, განსაკუთრებით ჩინეთში მდებარე ბადაინ-ჯარანის უდაბნოში. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. შესაძლოა, ამის მიზეზი მათი დიდი ზომა იყოს.
რაც შეეხება ერგ-შების, ერთი შეხედვით, ის უსიცოცხლო ლანდშაფტია, თუმცა დიუნების სისტემის ფსკერზე მიწისქვეშა წყლით მდიდარი ქანებია. ეს იქ პალმების გაზრდას უწყობს ხელს. დიუნების თავზე ერთგვარი კარვებიცაა შემორჩენილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბერბერების აბორიგენ მოსახლეობას ეკუთვნოდა.
კომენტარები