ისტორიაში პირველად, კლონირებულმა ქრცვინმა ნაშიერები გააჩინა
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფმა კლონირებულმა შავფეხება ქრცვინმა ორი ნაშიერი გააჩინა, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევაა.
ცხოველს ანტონია ჰქვია და ის ერთ-ერთია იმ სამი კლონირებული ქრცვინიდან, რომლებიც ამჟამად ცოცხლობენ. მათგან ერთი ელიზაბეთ-ენია, რომელსაც გამრავლება არ შეუძლია, მეორე კი — ნორინი. ამ უკანასკნელისა და ანტონიას დაბადების შესახებ აპრილში გახდა ცნობილი.
ისინი ერთი და იმავე გენეტიკური მასალისგან არიან შექმნილი, რომელიც ვილას ეკუთვნის, ქრცვინს, რომელიც 1988 წელს მოკვდა. მისი უჯრედები სპეციალისტებმა სან დიეგოს "გაყინულ ზოოპარკში" საგანგებოდ შეინახეს, რადგან ამ ინდივიდის დნმ სამჯერ მეტ გენეტიკურ ვარიაციას შეიცავს, ვიდრე სახეობის დღევანდელი პოპულაცია.
დღესდღეობით ცოცხალი ყველა შავფეხება ქრცვინის წინაპარი (კლონების გარდა) სახეობის ის 7 უკანასკნელი წარმომადგენელია, რომლებიც ველურ გარემოში ბინადრობდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათი გენეტიკური მრავალფეროვნება ლიმიტირებულია, რაც ცხოველთა გადარჩენას ართულებს. ამას ემატება ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებიც, რომელთა მიმართაც რეზისტენტობის გაზრდა მნიშვნელოვანია.
მეცნიერთა მიზანი სწორედ შავფეხება ქრცვინების გენეტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და მათში გავრცელებულ დაავადებებთან შებრძოლებაა. მკვლევრებს სურთ, ამ ცხოველთა პოპულაცია აღადგინონ, რისთვისაც კლონირება ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიაჩნიათ.
კლონების გამრავლება მნიშვნელოვანია, ამიტომ სმიტსონის სახელმწიფო ზოოპარკისა და კონსერვაციული ბიოლოგიის ინსტიტუტში ახალი ქრცვინების დაბადება მეცნიერებისთვის ძალზე სასიხარულოა. მათი თქმით, ეს ამ სახეობის გადასარჩენად გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
კომენტარები