როგორ წარმოიქმნება საკვერცხეების ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნე
მაღალი ხარისხის სეროზული კარცინომა (HGSOC) საკვერცხეების ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნეა, რომელიც 80%-ში ბოლო სტადიებზე ვლინდება. შესაბამისად, მისი დროული დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია, ამისთვის კი უნდა ვიცოდეთ, თავდაპირველად სად და როგორ წარმოიქმნება ის.
ბოლო დეკადის განმავლობაში დაგროვდა მინიშნებები იმის შესახებ, რომ ადამიანში საკვერცხეების სიმსივნეები პირდაპირ ამ ჯირკვლებში არ ყალიბდება, არამედ მასთან დაკავშირებულ ფალოპის მილებში. მათ დაბოლოებებზე მიკვლეულია ისეთი დაზიანებებიც, რომლებიც საკვერცხეების სიმსივნეებთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, უცნობია კონკრეტული უჯრედები, რომლებიც HGSOC-ზეა პასუხისმგებელი.
კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე ალექსანდრე ნიკიტინმა 2013 წელს კოლეგებთან ერთად გამოავლინა საკვერცხეებში არსებული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შესაძლოა, HGSOC-ს უკავშირდებოდეს. ახალ კვლევაში კი მათ თაგვების ორგანიზმი შეისწავლეს და, ისტორიაში პირველად, კვერცხსავალ მილში სიმსივნისკენ მიდრეკილ უჯრედებს მიაგნეს.
მათ უჯრედების ტიპები განაცალკევეს და დაადგინეს, რომ, საკვერცხეებისგან განსხვავებით, მღრღნელების კვერცხსავალ მილებში ყველაზე მეტი სიმსივნური პოტენციის მქონე ქსოვილები ღეროვანი უჯრედები სულაც არ ყოფილა. ეს ე.წ. პრეცილიატური უჯრედებია, რომლებიც ცილიატურსა და ღეროვანს შორის გარდამავალია. როცა მათზე წამწამისებრი მოკლე წანაზარდები ყალიბდება, თაგვების კვერცხსავალ მილში ოოციტების გადაადგილებას უწყობს ხელს. ადამიანში იგივე პროცესი ფალოპის მილებში მიმდინარეობს.
HGSOC-სთან ორი გენეტიკური მუტაციაა ასოცირებული, რომლებიც პრეციალიტურ უჯრედებს სიმსივნის წარმოქმნისკენ უბიძგებს. ეს "წამწამების" ფორმირებასთან უნდა იყოს კავშირში. საინტერესოა, რომ მსგავსი უჯრედების წარმოქმნა პანკრეასის სიმსივნესთანაც არის ბმაში.
თუ თაგვების სხეულის მაგალითზე გამოვლენილი ბიოლოგიური მექანიზმი ადამიანზეც ვრცელდება, ეს HGSOC-ის ნაადრევ დიაგნოსტირებაში დაგვეხმარება და შესაძლოა, სათანადო თერაპიების შექმნასაც შეუწყოს ხელი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები