აი, რატომ მივდივართ არჩევნებზე ჩვენ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დღეებიღა გვაშორებს. ეს არჩევნები, როგორც ამბობენ, ისტორიულია.

ისტორიული არჩევნები

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ერთგვარ რეფერენდუმშიც იღებს მონაწილეობას, სადაც მხოლოდ კონკრეტულ პარტიას კი არ ირჩევს, ქვეყნის განვითარების გზას, საგარეო კურსსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც წყვეტს.

ამის გათვალისწინებით, არჩევნებზე წასვლის საჭიროება წელს ალბათ იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წინა წლებში ყოფილა. რასაკვირველია, აქამდეც არაერთხელ მოგვიწოდებია მკითხველისთვის, არჩევანი აუცილებლად გაეკეთებინა, მაგრამ რადგან წელს ამომრჩევლის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მობილიზების მნიშვნელობაზე უფრო მეტს ვსაუბრობთ, გადავწყვიტეთ, ჩვენი პირადი მოტივაციებიც გაგვეზიარებინა: რატომ მივდივართ არჩევნებზე.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემს ცხოვრებაში"

ფოტო: ismail moneer / Dribbble

2024 წლის არჩევნები რომ განსაკუთრებულად და მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, ამ აზრს ჩვენი თანამშრომლებიც იზიარებენ. ესეც ბევრ რამეზე მიუთითებს — მით უფრო, რომ მათ ნაწილს უკვე არაერთი არჩევნები გამოუვლია.

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები არის 26 ოქტომბერს და ამიტომ მივდივარ", — გვეუბნება ჩვენი გუნდის წევრი, დოდი, — "ეს არჩევანი უფრო მეტს შეცვლის და განსაზღვრავს ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა არჩევანი, რაც აქამდე გამიკეთებია: რა ფაკულტეტზე ჩავაბარე, სად ვიმუშავე ან ვისთან წავედი პაემანზე. 26 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს მომავალში იმასაც, სად ვიცხოვრებთ, სად ვიმუშავებთ ან მართლაც, ვისთან წავალთ ან ვეღარ წავალთ პაემანზე".

"არჩევნებზე მივდივარ ჩემი ემიგრანტი დედის გამო"

ფოტო: Seattle Times

დოდის ნახსენები ერთ-ერთი მიზეზი — "ვისთან წავალთ ან ვეღარ წავალთ პაემანზე" — ოდნავაც კი არაა გაზვიადებული. უკვე რა ხანია, მმართველი პარტიისთვის ჰომოფობია პოლიტიკურ იარაღად იქცა, რომელსაც ბოლო თვეებში განსაკუთრებული აგრესიით იყენებს. თითქოს, ძალადობრივი ჯგუფების სამთავრობო ტრიბუნიდან წახალისება არ კმარაო, ყველაფერი 17 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებული ანტი-ლგბტქ კანონით დაგვირგვინდა, რომელიც ვითომდა "ლგბტ პროპაგანდას" ებრძვის.

ხელისუფლების ჰომოფობიური რიტორიკა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩვენს თანამშრომელს, ნინის, 26 ოქტომბერი გადამწყვეტ დღედ მიაჩნია.

"არჩევნებზე ბევრი მიზეზის გამო მივდივარ", — იწყებს ნინი, — "აქედან უმთავრესი მაინც ისაა, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩემი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ბედი: ჩემი ქვიარ მეგობრების, რომელთა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და არსებობას უკრძალავს ძალადობრივი რეჟიმი. ჩემი ახლობლების, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. ჩემი მომავალი შვილების, რომლებიც მინდა, რომ უსაფრთხო, ერუდირებულ, განვითარებულ ქვეყანაში გაიზარდონ და არ მოუწიოთ იმავე ბრძოლის გამოვლა, რომელიც ჩვენს და ჩვენი მშობლების და თაობას მოუწია.

"ყველაზე მეტად კი არჩევნებზე მივდივარ ჩემი ემიგრანტი დედის გამო, რომელმაც საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავისი შვილებისთვის უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნა. ევროპაში საკუთარი თვალით ნახა იქაური ღირებულებები და ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და საქართველოს ამ რეალობასთან მისაახლოებლად უწევს რამდენიმე საათის გზაში გატარება, რათა არჩევნებზე მივიდეს (რადგან ჩვენმა მთავრობამ საარჩევნო უბანი მის ქალაქში არ გახსნა)".

"მივდივარ უმცროსი დების გამო"

ფოტო: Roxana Gomez/Dribbble.com

საპროტესტო აქციებზე დგომა ახალგაზრდა თაობისთვის რომ ჩვეულ ამბად იქცა, ეს ალბათ არავისთვისაა უცნობი. წელსაც, აპრილიდან მოყოლებული, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩები მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა მოიცვა, რამაც საქართველო კიდევ ერთხელ მოაქცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. თუმცა, გასული წლისგან განსხვავებით, მასშტაბურ საპროტესტო ტალღას ხელისუფლება არ შეუჩერებია და აქციების ძალადობრივი დაშლის, დემონსტრანტების დევნის, მუქარის და შანტაჟის ფონზე, რუსული კანონი მაინც მიიღო, პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და საერთაშორისო პარტნიორების აღშფოთებაზეც აუღელვებლად დახუჭა თვალი.

ამიტომ, ჩვენს თანამშრომელს, მარიამს, არჩევნებზე წასვლის მოტივაციაზე ფიქრისას პირველივე სწორედ აქციები და უმცროსი დები ახსენდება.

"მივდივარ იმიტომ, რომ ჩემს პატარა დებს აქციებზე დგომა არ მოუწიოთ, როცა გაიზრდებიან", — გვეუბნება იგი.

"სხვა შემთხვევაში, მომიწევს, აქაურობა დავტოვო"

ფოტო: Katha Hagemann / Dribbble

მასობრივი ემიგრაცია რომ ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, ამის მისახვედრად მაინცდამაინც საქსტატის მონაცემების ნახვა არაა საჭირო. ქვეყნიდან ადამიანების გადინების მზარდი ტენდენცია საკუთარ სამეგობროზე ან უბანზე დაკვირვებითაც კი შესამჩნევია. თუმცა, თუკი მაინც რიცხვებზე მიდგა საქმე, გეტყვით, რომ გასულ 2023 წელს საქართველო [2012 წლის შემდეგ] რეკორდული რაოდენობის ადამიანმა, 163 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს რეკორდული იყო ემიგრაციაში წასული 30 წლამდე ასაკის მოქალაქეების წილიც — 70 პროცენტი; 2023 წელს საქართველოდან 114 ათასზე მეტი ახალგაზრდა წავიდა.

ამის მიუხედავად, ბევრს უჭირს, ჩამოყალიბდეს, წავიდეს თუ არა ემიგრაციაში და ალბათ თქვენს სანაცნობოშიც მოიძებნება არაერთი ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ 26 ოქტომბერს ელოდება. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი თანამშრომელი ვაჟაა.

"არჩევნებზე მარტივი მიზეზით მივდივარ: მიყვარს ეს ქვეყანა და მინდა, რომ აქ ვიცხოვრო მომავალშიც", — გვეუბნება იგი, — "თუ საქართველო რუსული გავლენის სფეროს დაუბრუნდება, მომიწევს, აქაურობა დავტოვო".

"სამშობლო შენი ნაწილია და შენ — მისი"

ფოტო: Shutterstock

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, თაკო, რომელიც ქართულ კულტურულ პროცესებში რეპრესიული პოლიტიკის გატარების შედეგებზე ხშირად წერს, არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობაზე საუბრისას სწორედ გამორჩეული მოღვაწეების მოსაზრებებს იხსენებს.

"რეზო თაბუკაშვილი ძალიან სწორად და საინტერესოდ ხსნის პატრიოტიზმის ცნებას, რომ ხშირად პატრიოტიზმი უამრავი აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანის თავშესაფარი ხდება, რომ პატრიოტობა პროფესია კი არა, პროფესიონალიზმია", — ჰყვება თაკო, — "კარგ მოქალაქედ ყოფნასაც სჭირდება ცოდნა და განათლება, მინიმუმ იმის გააზრება მაინც, რომ სამშობლო შენი ნაწილია და შენ — მისი.

"მივდივარ არჩევნებზე, რადგან საკუთარი ინტერესები კონსტიტუციურად დავიცვა, რადგან ეს არა სურვილი, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. მივდივარ, რადგან პატრიოტიზმს, მშვიდობას, სარწმუნოებას ამოფარებულ ადამიანებს ჩვენსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული ერთიანობის დარღვევისა და გაუფასურების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, უმაღლესი სიკეთე თავისუფლებაა და არც მერაბ კოსტავას სიტყვები არ ყოფილა უშინაარსო, დამოუკიდებელ ქვეყანაშიც უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლების შენარჩუნებისთვისო. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ასეთი გამოცდა ერს არ გვქონია და იმედი მაქვს, ამ გამოცდას თითოეული ჩვენგანი წარმატებით ჩავაბარებთ".

"არჩევნებზე მივდივარ იმისთვის, რომ საკუთარი ნიჰილიზმი დავძლიო"

ფოტო: Hurca! / Dribbble

ნიჰილიზმი ამომრჩეველში ხშირად ბუნებრივად ჩნდება ხოლმე, მაგრამ ამგვარ ფიქრებთან გამკლავება აუცილებელია. ზოგს არჩევნებში მონაწილე არცერთი სუბიექტი არ მოსწონს, ზოგიც, უბრალოდ, უიმედოდაა განწყობილი მოსალოდნელი შედეგების მიმართ, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი არჩევანი, შედეგები კი სწორედ მაშინ შეიძლება შემოტრიალდეს 180 გრადუსით, როცა ამას არავინ ელოდება — ისტორიაში ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს.

თავისი ნიჰილიზმის დასაძლევად მიდის არჩევნებზე ჩვენი თანამშრომელი გიორგიც, რომელიც თავადვე ცდილობს საკუთარი თავის მოტივირებას და სხვებსაც ურჩევს, შავ-ბნელი ფიქრების შემოტევას არ დანებდნენ.

"მედიაში მომუშავე ადამიანები სენსორული გადატვირთვის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები არიან და ასეთ მომენტებში თავისთავად ჩნდება ხოლმე უიმედობის განცდა", — ამბობს გიორგი, — "ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს განცდა ალბათ ძალიან ბევრს მოჰგვარა, მით უფრო, რომ ცუდი ამბების კასკადისგან თავდასაცავად შეიძლება აპათიაშიც გადავარდე. ამ დროს მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს შემოუძახო, შავ-ბნელ ფიქრებს არ დანებდე და ბრძოლის ჟინი და მოტივაცია, მით უფრო, არჩევნებზე წასვლის მოტივაცია, არ დაკარგო. ისიც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა გულგრილობამ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. როგორც ჯოან როულინგი ამბობს, 'შეიძლება თავად არ ჩავდიოდეთ დაუფარავ ბოროტებას, მაგრამ საკუთარი გულგრილობით მისი თანამონაწილე ვხდებით'".

"შეგვიძლია ისევ დავიბრუნოთ იმედი"

ფოტო: Scott Colson / Dribbble

გიორგის გასამხნევებლად ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, მაკა, ამბობს, რომ 26 ოქტომბერს "იმედის დაბრუნების" რეალური შანსი გვეძლევა. მისი თქმით, არჩევნებისთვის არნახული მობილიზებაც სწორედ ამაზე მიუთითებს.

"ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლას არ აპირებს", — ამბობს მაკა, — "არჩევნებისთვის ასეთი მობილიზებული საზოგადოება არც კი მახსოვს. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. 26-ში შეგვიძლია ისევ დავიბრუნოთ იმედი, რომ რეალურად გავხდებით ევროპის ნაწილი და ყველა იმ სიკეთით ვისარგებლებთ, რომლებითაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ".

"პირველი არჩევნებია, რომელზეც შვილის გამო მივდივარ"

ფოტო: Chloe Woo / Dribbble

"ამ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს არ ვირჩევთ", — გვეუბნება ხატია, — "პრაქტიკულად, უნდა დავივიწყოთ მათი წინასაარჩევნო დაპირებები და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ერთზე: ვინ შეძლებს ქვეყნის დასავლური კურსის აღდგენასა და შენარჩუნებას".

ხატია ამბობს, 26-ში ჩვენ არჩევანი ქვეყნის წარსულსა და მომავალს შორის უნდა გავაკეთოთო. მისი აზრით, ესეც საკმარისი მიზეზია არჩევნებზე წასასვლელად მათთვის, ვისაც სამართლიან და განვითარებულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება — ან საერთოდ ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრება.

"ამ მიზეზს ჩემთვის კიდევ ერთი მოტივაცია შეემატა: ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც შვილის გამო მივდივარ. პირველი არჩევნებია, რომელმაც ჩემი შვილის მომავალი უნდა გადაწყვიტოს და ცხადია, ამაში ჩემი წვლილი აუცილებლად უნდა შევიტანო. ის ჯერ კიდევ ჩემს მუცელშია და ვერ დავუშვებ, რომ პრორუსულ, ერთი ოლიგარქის შიშებსა და ინტერესებს შეწირულ ქვეყანაში დაიბადოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ილონ მასკი დემოგრაფიის პრობლემის მოსაგვარებლად ქალებს თავის სპერმას სთავაზობს
  2. ნინო ხარატიშვილი: მართლა გჯერათ, რომ ის, ვინც მთელს ქვეყანას ყიდის, თქვენ აგაყვავებთ?
  3. Warner Bros. სამეფო კარის თამაშების ფილმს იღებს
  4. "უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო
  5. მარგარეტ ეტვუდის ესე დიქტატურის საფრთხეზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დავით ქაცარავა: [რუს პროპაგანდისტზე] წარმოუდგენელია, როდესაც საზღვარს კვეთს ასეთი ადამიანი და სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ — ვინ კვეთს საზღვარს

წარმოუდგენელია, როდესაც საზღვარს კვეთს ასეთი ადამიანი და არა რიგითი ტურისტი, რომ სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ, ვინ…