ადამიანი-პლასტმასა — რა ვიცით ნარჩენებზე, რომლებმაც უკვე ჩვენს სხეულში შემოაღწია
ინდუსტრიალიზაციამ კაცობრიობა ახალ ეპოქაში გადაიყვანა, რომელმაც ადამიანის სამრეწველო საქმიანობა განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა. წარმოების გაზრდამ და გამრავალფეროვნებამ კი ისეთი მასალების საჭიროება გააჩინა, რომელთა მეშვეობითაც პროდუქტების შეფუთვა იქნებოდა შესაძლებელი. ასე მივედით პლასტმასამდე, რომელიც უკვე ყველგანაა და გარემოსა თუ ჩვენს ორგანიზმს აბინძურებს.
პლასტმასის ფართომასშტაბიანი გამოყენება 1950-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთჯერადი ბოთლები, ჭიქები, სკამები, სინთეტიკური პარკები და ბევრი სხვა ნივთი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და, ერთი შეხედვით, პრაქტიკული სარგებელი მოაქვს, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
მიკროპლასტმასა ბუნებაში
დიდი მოთხოვნის გამო დღემდე 8.3 მილიარდ მეტრულ ტონაზე მეტი პლასტმასაა წარმოებული, რომლის უმეტესობაც ამჟამად დედამიწაზე ნარჩენების სახით არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ ისინი მხოლოდ ნაგავსაყრელებზეა, ცდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასალების დიდი ნაწილი ვერ დეგრადირდება, დროთა განმავლობაში უბრალოდ ნაწევრდება და გარემოში იფანტება.
მსგავს ფრაგმენტებს მიკროპლასტმასა ეწოდება და მათი ზომა 5 მილიმეტრზე ნაკლებია, ხშირად სულ რამდენიმე მიკრომეტრი. პლასტმასის მიკრონაწილაკები მხოლოდ ხმელეთზე არ გროვდება, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველგანაა.
ვარაუდობენ, რომ ოკეანეებში პლასტმასას 350 ტრილიონზე მეტი ნაწილაკია, საიდანაც ზედაპირზე 170 ტრილიონზე მეტი ტივტივებს, სიღრმეში კი დაახლოებით 14 მილიონი ტონა აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ნარჩენები თევზებისა და წყალში მცხოვრები სხვა არსებების ორგანიზმშიც ხვდება, რადგან ძალიან მცირე ზომისაა და შესაძლოა, მათ საკვები ეგონოთ. ასევე, ოკეანეების ზედაპირზე დაგროვებული მიკროპლასტმასა ზოგიერთი ფრინველის სხეულსაც აბინძურებს, რადგან მათთვისაც მარტივად ხელმისაწვდომია.
მაგრამ რა ხდება ღრუბლებში? იქამდეც აღწევს მიკროპლასტმასა? სამწუხაროდ, ნამდვილად ასეა.
2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ფუძიამასა და ოიამას მთების მწვერვალების მიმდებარედ ღრუბლებიდან წყლის ნიმუშები აიღეს. მათი გაანალიზების შედეგად კი იქ 9 სხვადასხვა ტიპის პოლიმერებისა და რეზინის იდენტიფიცირება შეძლეს. ამ ნაწილაკების ზომა 7.1-94.6 მიკრომეტრი იყო.
სპეციალისტების განცხადებით, ეს კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა, ღრუბლის ფორმირებაზეც იქონიოს გავლენა და საერთო კლიმატი შეცვალოს ან "პლასტმასის წვიმა" გამოიწვიოს.
მიკროპლასტმასა ადამიანის ორგანიზმში
პლასტმასის ბოთლიდან ხშირად სვამთ წყალს ან სხვა გამაგრილებელ სასმელს? ალბათ, კი. მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი კვლევისას მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლში არსებულ 1 ლიტრ წყალში საშუალოდ 240 000 მიკრონაწილაკი აღმოაჩინეს.
მსგავსი ნაწილაკების წყარო ჩვენს სახლებში არსებული უამრავი ნივთი შეიძლება გახდეს, რომ არაფერი ვთქვათ ბუნებაში მიმოფანტულ ნარჩენებზე. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მიკროპლასტმასა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ნაწილშია აღმოჩენილი.
2022 წელს დაადგინეს, რომ მიკროპლასტმასა ჩვენს სისხლძარღვებში მიედინება. დიახ, სწორად წაიკითხეთ. მეცნიერებმა დონორი ადამიანების სისხლის ნიმუშების თითო მილილიტრში 700 ნანომეტრზე დიდი ზომის საშუალოდ 1.6 მიკროგრამი ნაწილაკები დააფიქსირეს, ყველაზე დიდი ოდენობა კი 7 მიკროგრამი იყო.
თუ ეს საკმარისად შემაშფოთებლად არ გეჩვენებათ, იმასაც გეტყვით, რომ იმავე წელს გამოქვეყნებული კვლევით გავიგეთ, რომ პლასტმასა ადამიანის ფილტვებშიც შენიშნეს. კერძოდ, ამ ორგანოს ქსოვილის 13 ნიმუშიდან 11-ში პლასტმასის 39 ნაწილაკი აღმოაჩინეს, რომელთა ზომაც სულ მცირე 3 მიკრომეტრი იყო. მათ ფილტვის სიღრმეშიც მიაკვლიეს, სადაც, წესით, 2 475 მიკრომეტრამდე სიგრძისა და 88 მიკრომეტრამდე სიგანის ნაწილაკებს ვერ უნდა ჩაეღწია.
პლასტმასის მიკრონაწილაკები მიკვლეულია ადამიანის გულსა და ტვინშიც. პირველ ორგანოში მეცნიერებმა 9 ტიპის ასეთი ნაწილაკი გამოავლინეს, რომელთა მაქსიმალური დიამეტრიც 184 მიკრომეტრი იყო.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრალურ ნერვულს სისტემას, სპეციალისტებმა გაკვეთილი გვამებიდან ტვინის ქსოვილების 91 ნიმუში მოიპოვეს და გააანალიზეს. შედეგად, მათ უკლებლივ ყველა მათგანში მიკროპლასტმასას მიაგნეს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამ ნაწილაკების კონცენტრაცია იქ 10-20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმავე ცხედრებიდან აღებულ თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილებში.
პლასტმასის ნაწილაკები დაფიქსირდა ტვინის ყნოსვით ზონაშიც. ყველაზე დიდი კონცენტრაციით იქ პოლიპროპილენი იყო, რომელიც პროდუქტების შეფუთვებში, ავტონაწილებსა თუ სამედიცინო მოწყობილობებში გამოიყენება. ნაწილაკების ზომა 5.5-დან 26.4 მიკრომეტრამდე მერყეობდა, რაც ადამიანის თმის ღერის სისქის მეოთხედს არ აღემატება.
დაუცველი აღმოჩნდა ადამიანის რეპროდუქციული სისტემაც. მაგალითად, მიკროპლასტმასას კაცების სათესლე ქსოვილებში მიაგნეს. კერძოდ, ქსოვილების თითო გრამში საშუალოდ 329.44 მიკროგრამი ნაწილაკები იყო.
დაბინძურება ნაყოფზეც აისახება, რადგან გაირკვა, რომ პლასტმასა პლაცენტაშიცაა. მისი ნიმუშების შესწავლისას მეცნიერებმა ქსოვილის თითო გრამში 6.5-დან 750 მიკროგრამამდე ნაწილაკებს მიაკვლიეს. საინტერესოა, რომ ისინი დედის რძეშიც აღმოჩნდა, მაგრამ შესწავლილი ქალების ყოველდღიური ცხოვრების სტილისა და მათ რძეში მიკროპლასტმასის მოხვედრას შორის კავშირი არ გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი "დაბინძურების" რისკის წინაშე ყველანი ვართ.
რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე გვაფიქრებს. მიკროპლასტმასის პირდაპირი გავლენის შესახებ ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არაა ჩატარებული, ამიტომ კონკრეტულ საფრთხეებზე დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია.
ამის მიუხედავად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დამაბინძურებელი ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმს კარგს ვერაფერს მოუტანს. იგივე ვრცელდება გარემოსა და ცხოველებზე, რომელთა დაცვაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან პრობლემის წყარო ადამიანია.
მაშ, ისმის კითხვა: როგორ მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ბუნებას?
პირველ რიგში, აუცილებელია, პლასტმასის რაოდენობა შემცირდეს და ის ალტერნატიული მასალით ჩანაცვლდეს, რომელიც ბიოდეგრადაციას ექვემდებარება. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა პლასტმასა მაინც ყველაზე ფართოდ გამოყენებად მასალად რჩება და ისევ მასშტაბურად იქმნება. ცვლილების მისაღწევად ნაკლები პლასტმასა უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც.
ყველაზე მარტივი ნაბიჯი შეძლებისდაგვარად ნაკლები პლასტმასის გამოყენებაა: სინთეტიკური პარკების, პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის, ბოთლებისა და სხვა ნივთების. ასევე, მსგავსი ნარჩენებით ბუნება არ უნდა დავანაგვიანოთ და პირიქით, ნარჩენების მართვა ვისწავლოთ.
არ იყიდოთ სინთეტიკური ბოჭკოს შემცველი ტანისამოსი, არამედ ბუნებრივ მატერიებზე შეაჩერეთ არჩევანი. გადადით პლასტმასის შემცვლელების მოხმარებაზე და ეცადეთ, თქვენ გარშემო ადამიანებიც შთააგონოთ, რათა მათაც იგივე გააკეთონ.
ეს ყველაფერი იმაშიც დაგეხმარებათ, რომ ნაკლებ პლასტმასასთან გქონდეთ შეხება და მისი ორგანიზმში მოხვედრის რისკი შეამციროთ. მიუხედავად ამისა, ხელშესახები შედეგის მისაღებად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
კომენტარები