აღბეჭდეს რვაფეხა, რომელიც სხვა თევზებთან ერთად ნადირობს
ირკვევა, რომ რვაფეხებს სხვა სახეობებთან ერთად ნადირობა მოსწონთ. მკვლევრებმა აღბეჭდეს რვაფეხა, რომელიც თევზებთან ერთად ნადირობდა და ურჩ კომპანიონებს სჯიდა კიდევაც.
რვაფეხები მარტოხელა არსებებად ითვლებიან, თუმცა მათი სოციალიზაცია მეცნიერებს დიდი ხანია აკვირვებს. და, აი, ახლა ახალმა კვლევამ რვაფეხების საინტერესო მახასიათებელი გამოავლინა.
მაქს პლანკის ინსტიტუტის ეკოლოგმა ედუარდო სამპაიომ და მისმა კოლეგებმა 13 შერეული სახეობის ნადირობაზე თვალყურის დევნებისას აჩვენეს, რომ რვაფეხები და თევზები ერთმანეთთან თანამშრომლობენ.
მკვლევრებმა 120-საათიანი კადრები გააანალიზეს, რომელშიც ჩანს, რომ თხის თევზი (Mullidae) მსხვერპლს ეძებს. ის ჯგუფს წინ მიუძღვება, ხოლო რვაფეხა (Octopus cyanea) განსაზღვრას თუ როდის უნდა დაიწყოს ნადირობა.
"რვაფეხა მოქმედებს როგორც ჯგუფის ლიდერი. სწორედ ის წყვეტს, თუ როდის რა მოხდება", — ამბობს სამპაიო.
ამ სახეობებიდან ზოგიერთს 550 მილიონ წელზე მეტი ხნის ევოლუცია აშორებს, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ ორგანიზება და თანამშრომლობა ორმხრივი სარგებლის მისაღწევად. კოლაბორაციის შედეგად, როგორც რვაფეხა, ასევე თევზი ნადირობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
"შედეგად, ხან ერთი იჭერს მსხვერპლს, ხანაც მეორე, მაგრამ შედეგი მომგებიანია", — თქვა სამპაიომ.
თევზი რვაფეხას მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს. შემდეგ რვაფეხა ნადირობას იწყებს და რთულად მისადგომ ნაპრალებში საცეცებით აღწევს. შედეგად, ნადავლი ხვდება როგორც რვაფეხას, ისე თავად თევზსაც.
"ეს კოლაბორაცია თევზს ისეთი მსხვერპლის დაჭერის საშუალებას აძლევს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ხელში ვერ მოიგდება. მეორე მხრივ, რვაფეხა ამით ენერგიას ზოგავს და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას სხვა თევზისგან იღებს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
სხვა ცხოველებში მსგავსი კოლაბორაცია ადრეც დაუფიქსირებიათ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი მეორეს "სწორად მოქცევისკენ" უბიძგებს.
კადრებში ჩანს, რომ რვაფეხა თევზებს საცეცებით "ეჩხუბება" — ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი "ზედმეტ წილს" ითხოვდნენ. როგორც ჩანს, რვაფეხა ნადირობის ამ პროცესს ხელმძღვანელობდა და ის განსაზღვრავდა იმასაც, თუ ვის რა ეკუთვნოდა.
მკვლევრების თქმით, ეს რვაფეხების რთულ აზროვნებაზე მეტყველებს.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები