ნახეთ: NASA-მ სურათები გადაუღო ასტეროიდს, რომელმაც ახლახან დედამიწას ჩაუარა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახლახან იმ ასტეროიდის სურათები გამოაქვეყნა, რომელმაც დედამიწას 17 სექტემბერს უსაფრთხო მანძილზე ჩაუარა.
ეს 2024 ON-ია, რომელსაც ჩვენი პლანეტისგან დაახლოებით 1 მილიონი კილომეტრი აშორებდა, რაც მთვარესთან დისტანციას თითქმის 2.6-ჯერ აღემატება. ის ამ დროს 31 933 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, რომელიც ბგერის სიჩქარეს დაახლოებით 26-ჯერ აჭარბებს.
ასტეროიდი გოლდსტოუნის მზის სისტემის რადარმა გადაიღო, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ბარსტოუსთან ახლოს, უდაბნოშია, განლაგებული. გამოსახულებებზე ასტრონომიული სხეულის უჩვეულო ფორმა მკაფიოდ ჩანს. მას ორივე მხარეს ამობურცული სტრუქტურა აქვს, შუა ნაწილის ოდნავ მოშორებით კი ვიწროვდება.
ეს იმიტომ, რომ, სინამდვილეში, 2024 ON ორ ობიექტს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთს ზედმეტად მიუახლოვდა და გრავიტაციის გავლენით შეერწყა. ასეთ შეწყვილებულ სხეულებს კონტაქტური ორმაგი სისტემების სახელით მოიხსენიებენ.
"ეს ასტეროიდი კლასიფიცირებულია, როგორც პოტენციურად საშიში, მაგრამ პროგნოზირებად მომავალში დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის. გოლდსტოუნის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ დედამიწასა და 2024 ON-ს შორის არსებული დისტანციისა და მომდევნო დეკადებში მისი მოძრაობის შესახებ უზუსტობები საგრძნობლად შეემცირებინათ", — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო "პოტენციურად საშიშს" უწოდებს ყველა ობიექტს, რომლებიც დედამიწას 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე უახლოვდება. მათი უდიდესი ნაწილი უსაფრთხოა, მაგრამ რაიმე მოვლენის გამო ტრაექტორიის შეცვლამ შესაძლოა, ისინი ჩვენს პლანეტასთან შემხვედრი მიმართულებით მომართოს. შესაბამისად, მსგავსი ასტეროიდების გადაადგილება მუდმივად კონტროლდება. გამოთვლების თანახმად, სულ მცირე 100 წლის განმავლობაში შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება.
კომენტარები