ოზონის ხვრელი უფრო და უფრო პატარავდება — როდის გაქრება ის სრულად
ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი ახლა იმაზე ბევრად მცირე არეალს მოიცავს, ვიდრე ადრე. ეს ნიშნავს, რომ ის ნელ-ნელა პატარავდება.
ოზონის შრის აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მეცნიერთა პროგნოზის თანახმად, თუ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ანტარქტიკული ხვრელი 2066 წლისთვის "დაიხურება", ანუ 1980 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება. არქტიკაში ეს 2045 წლისთვისაა მოსალოდნელი, მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში კი — 2040 წლისთვის.
"ოზონის ხვრელი, რომელიც ერთ დროს სნეული პაციენტი იყო, ახლა აღდგენის გზას ადგას", — წერს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ოზონის შრე ატმოსფეროს მეორე ფენაში, სტრატოსფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 12-35 კილომეტრ სიმაღლეზეა განლაგებული. იქ ოზონის (O3) განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციაა, აირის, რომელიც მზისგან მომავალი მავნე რადიაციისგან გვიცავს, რასაც მისი შთანთქმის გზით ახერხებს.
ასევე, იხილეთ: ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს
დროთა განმავლობაში ჰაერში ოზონდამშლელი ნივთიერებების, ქლორფთორნახშირბადებისა და სხვა ჰალოკარბონების, ემისიამ ბალანსი დაარღვია და შრის დათხელება გამოიწვია. პოლუსების მიმდებარედ გაჩნდა რეგიონები, სადაც ეს ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო — ჩვენ მათ ოზონის ხვრელებს ვუწოდებთ, რომელთაგანაც უდიდესი ანტარქტიკის თავზეა.
ეს ხვრელი სეზონებთან ერთად იცვლება. მაგალითად, აგვისტოში ჩნდება და მაქსიმალურ ზომას დაახლოებით ოქტომბერში აღწევს, ნოემბერში კი "იხურება". წელს ის ჩვეულებრივზე გვიან ვიხილეთ, რასაც ტემპერატურის მოულოდნელ მატებასთან აკავშირებენ. შესაბამისად, ოზონის ხვრელი ახლა უფრო პატარაა, ვიდრე გასული წლების ამავე პერიოდებში.
უკანასკნელ ათწლეულებში ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირებას კანონის დონეზე ცვლილებებს უნდა ვუმადლოდეთ. ამ მხრივ წყალგამყოფი 1989 წელი აღმოჩნდა, როცა ძალაში მონრეალის პროტოკოლი შევიდა. ესაა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ოზონის შრის დაცვას ისახავს. მას ხელი 1987 წელს მოეწერა.
"ახლა, როცა მულტილატერალიზმი [მრავალი ქვეყნის თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად] მწვავე დაძაბულობის ქვეშაა, თავს გვახსენებს მონრეალის პროტოკოლი, რომელიც იმედის სიმბოლოა. როცა სახელმწიფოები საერთო კეთილდღეობისთვის პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ, ცვლილების განხორციელება შესაძლებელი ხდება", — აცხადებს გუტერეში.
კომენტარები