ძაღლებს თავიანთი ძველი სათამაშოების სახელები წლების მერეც ახსოვთ — კვლევა
თუ ძაღლი გყავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს არსებები არა მხოლოდ საყვარლები, არამედ ჭკვიანებიც არიან და სიტყვებს ობიექტებთან ან კონკრეტულ ქმედებებთან მარტივად აკავშირებენ. ასევე, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს თავიანთი სათამაშოებით გართობა განსაკუთრებულად უყვართ და თითოეულ მათგანს ხშირად სახელითაც ცნობენ.
ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ძაღლს ძველი სათამაშოების სახელები მაშინაც კი ახსოვს, თუ ბოლოს ის 2 წლის წინ ნახა. ეს ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას მათი ტვინი ხანგრძლივ მეხსიერებაში ინახავს. მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხის გამოკვლევით შეგვიძლია, თავად ადამიანის მეტყველების უნიკალურობის შესახებ მეტი გავიგოთ, კერძოდ იმაზე, თუ მის რომელ ასპექტებს აღიქვამენ ცხოველები და რომელს — ვერ.
გამოცემა Biology Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები 5 ძაღლზე გვიყვებიან. მათ 12 სათამაშოს სახელი ასწავლეს, რომლებთანაც შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, შეხება აღარ ჰქონიათ. ახალი დაკვირვებებისთვის პატრონებმა ოთხფეხა მეგობრებს ეს სათამაშოები ისევ დაუბრუნეს: სამ მათგანს 12-ვე, ერთს 11, ერთს კი — 5.
ძაღლებს ამ ობიექტების დათვალიერების საშუალება მისცეს, ხოლო შემდეგ თითოეულმა პატრონმა 5-6 სათამაშო ცხოველის სხვა 9 სათამაშოსთან ერთად დადო. თავად მეორე ოთახში გავიდნენ და ძაღლებს თითო ჯერზე თითო ძველი ნივთის მოტანას სთხოვდნენ (მათ მხოლოდ მაშინ ანაცვლებდნენ, როცა 3 ძველი სათამაშო რჩებოდა). ამ პროცესს სპეციალისტები ონლაინ ადევნებდნენ თვალს.
თითოეული ძაღლის მონაწილეობით ექსპერიმენტი ორჯერ განხორციელდა. სწორი სათამაშოს არჩევის მაჩვენებელი საშუალოდ 44% იყო, თუმცა ზოგმა 60%-იანი შედეგიც აჩვენა, რაც შემთხვევითობით ვერ აიხსნება. საერთო ჯამში, 4 ძაღლს 3-დან 9-მდე ძველი სათამაშოს სახელი ახსოვდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი მახსოვრობა ყველა ძაღლს არ აქვს, რისი მიზეზიც უცნობია. შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი ის დრო იყოს, რომელსაც მათთან კომუნიკაციას პატრონები უთმობენ.
კომენტარები